10 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ჰელსიკორის“ ონკოქირურგი, მამოლოგი ბესო აბშილავა სტუმრობდა, რომელმაც ონკოლოგიურ პათოლოგიებსა და მათი მკურნალობის მეთოდზე ისაუბრა.
– ბატონო ბესო, როგორია ზოგადი სტატისტიკა და რამდენად მძიმე ტვირთია თანამედროვე ჯანდაცვის სისტემისთვის ონკოლოგიური პათოლოგიები?
– ონკოლოგია გლობალური გამოწვევაა, რადგან პირდაპირ კავშირშია ბუნებრივ კატაკლიზმებსა და ეკოლოგიური პირობების გაუარესებასთან, მათ შორის ჭარბ გამონაბოლქვთან და რადიაციული ფონის მატებასთან. სამწუხაროდ, ონკოლოგია მულტიფაქტორული დაავადება, რომელსაც სხვადასხვა ფაქტორის მავნე ზემოქმედება იწვევს.
– ხშირად ონკოლოგიურ პათოლოგიებს „ცივილიზაციის დაავადებასაც“ უწოდებენ. საინტერესოა, რამდენად მაღალია ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული სიკვდილიანობა სხვა დაავადებების ფონზე?
– აბსოლუტურად გეთანხმებით, რადგან რაც უფრო მეტად ვითარდება სამყარო, მით უფრო მატულობს და მძიმდება ონკოლოგიური დაავადებები. რაც შეეხება სიკვდილიანობას – მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად ყოველი მეექვსე ადამიანი ონკოლოგიურ პათოლოგიებს ებრძვის და მხოლოდ მის სიცოცხლისუნარიანობაზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებს მის დამარცხებას. აღსანიშნავია, რომ პათოლოგიებს შორის ძუძუს სიმსივნე ლიდერობს, რომელიც საქართველოშიც პირველ ადგილზეა. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ბევრად გამარტივდა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ვფიქრობ, ძუძუს სიმსივნე არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაცაა, რადგან მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს დაავადების სიმპტომებსა და ადრეული დიაგნოზირების აუცილებლობაზე, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში.
– სარძევე ჯირკვლის რა ტიპის პათოლოგიები არსებობს?
– პათოლოგიების დიდ ნაწილს სადინოვარი კარცინომა შეადგენს, თუმცა ხშირია წილაკოვანი კარცინომისა და პეჯეტის ანუ დვრილის დაავადების შემთხვევებიც. თუმცა სიმსივნედ ჩამოყალიბებამდე ნებისმიერ პათოლოგიას წინ უძღვის პრეინვაზიური სტადია.
– რას თვლით ძუძუს სიმსივნის წარმოქმნის მთავარ მიზეზად?
– ძუძუს სიმსივნე ასაკობრივი დაავადებაა, რასაც პირველ რიგში ჰორმონალური დისბალანსი, მათ შორის დაგვიანებული მენოპაუზა და მენოპაუზის პერიოდში ხანგრძლივი ჰორმონალური თერაპია იწვევს, თუმცა ხშირია ჭარბი წონითა და ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებით გამოწვეული პათოლოგიებიც.
– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია დროული სკრინინგი და დიაგნოზირება?
– სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სკრინინგის და საკუთარი ჯანმრთელობის სისტემატური კონტროლის კულტურა. პაციენტები მხოლოდ ტკივილის გაძლიერების და არასასიამოვნო შეგრძნების შემთხვევაში გვაკითხავენ. მართალია, თანამედროვე მეთოდების, მედიკამენტებისა და ტექნოლოგიების წყალობით დაგვიანებული და დამძიმებული პათოლოგიების მკურნალობაც შეიძლება, მაგრამ ბევრად სასიკეთოა შედეგი დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში, რადგან სიმსივნის პირველ სტადიაზე მკურნალობის დაწყება 90%-ით ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების შანსს, მაშინ, როცა მეოთხე სტადიაზე ოპერაციულ ჩარევას მხოლოდ პალიატიური ეფექტი აქვს.
– საბედნიეროდ, სკრინინგი ჩვენს ქვეყანაში უფასოა. საინტერესოა, კონკრეტულად რა შესაძლებლობას სთავაზობს სკრინინგი ქალბატონებს?
– სარძევე ჯირკვლის სკრინინგი, რომელიც მამოგრაფიულ კვლევას გულისხმობს, პირველ რიგში 40-60 წლის ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი. ყველასთვის ხელმისაწვდომია ექოსკოპიური კვლევაც, თუმცა მხოლოდ საეჭვო წარმონაქმნების აღმოჩენის შემთხვევაში.
– თქვენი ხანგრძლივი სამედიცინო პრაქტიკის გათვალისწინებით, რამდენად დროულად მოგმართავენ პაციენტები?
– სამწუხაროდ, მეტწილად დაგვიანებით მოგვმართავენ, რაც პირველ რიგში ინფორმაციის დეფიციტითაა განპირობებული. პაციენტები მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილის დროს გვაკითხავენ, რაც საგრძნობლად ართულებს მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ძალიან განვითარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა და იმუნური თერაპიის მეთოდი, რაც მართალია საკმაოდ ძვირია, მაგრამ მეტად ეფექტურია, მით უფრო, რომ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას მეტწილად სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე.
– პაციენტები ძუძუს სიმსივნით ხშირად ამჯობინებენ საზღვარგარეთ მკურნალობას, რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ ქართული მედიცინა და კონკრეტულად თქვენი კლინიკა?
– თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჩვენს კლინიკას დაავადების დროული დიაგნოზირებისა და კვალიფიციური მკურნალობის აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა აქვს. სამწუხაროდ, სიმსივნის დიაგნოზი პაციენტებში ხშირად დეპრესიას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს, ამიტომ ფსიქოლოგის ფუნქციასაც ჩვენ ვითავსებთ. რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას – ჩვენ ე.წ. დამზოგავ მეთოდს ვანიჭებთ უპირატესობას, რაც ორგანოს შენარჩუნებას და დამატებითი ფსიქოლოგიური ტრავმის თავიდან აცილებას გულისხმობს. აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ძუძუს სიმსივნე არა სასიკვდილო განაჩენი, არამედ განკურნებადი დაავადებაა, მთავარია ექიმის დროულად მიმართვა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შემუშავება.