ექსპერტები იმ ვადებს ასახელებენ, როდესაც ტურისტები, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, კვლავ შეძლებენ თავისუფლად იმოგზაურონ მსოფლიოს გარშემო. რა თქმა უნდა, ვადები არა მხოლოდ საკარანტინო რეჟიმის მოხსნაზე, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის განახლებაზე იქნება დამოკიდებული.
ჟურნალისტი და მოგზაური ეგან კორი ვარაუდობს, რომ ტურისტები მოგზაურობას შემოდგომამდე ვერ შეძლებენ. მისი თქმით, თარიღები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დასჭირდება ტურიზმის ინდუსტრიის განახლებას.
ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომას მიმდინარე წლის სექტემბერში შეძლებს, თუმცა ამბობს, რომ უფრო რეალური ეს 2021 წლის შემოდგომაზე იქნება.
მისი აზრით, ამდენი დრო “ყველაფრის ფუნქციონირების აღდგენისთვის” იქნება საჭირო.
კორიმ მოგზაურებს ურჩია საკუთარი ინიციატივით არ გააუქმონ უკვე ნაყიდი ბილეთები და ტურები, რადგან თუ სააგენტოებს მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება, ტურისტები თანხის დაბრუნებას შეძლებენ.
თურქეთის ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი კი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება შიდა ტურისტული სეზონის გახსნას ხელს არ შეუშლის.
“ჩვენ გვჯერა, რომ სეზონი გაიხსნება რამადანის დასაწყისისთვის (23 აპრილი)”, – აცხადებს ის.
ერსოიმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი, რაც შეიძლება მოკლე დროში საზღვარს გახსნის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებმაც შეძლეს ინფექციის კონტროლი.
თურქეთის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სწორედ ტურიზმია, რომელსაც ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეაქვს.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, თურქეთის ხელისუფლებამ ტურიზმის ინდუსტრიისთვის მხარდასაჭერად მნიშნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და სასტუმროები მომავალი წლის იანვრამდე გადასახადებისგან გაათავისუფლა, თუმცა ამ ზომების მიუხედავად, სხვადასხვა სასტუმროების მფლობელმა დასაქმებული პერსონალი მაინც შეამცირა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ 2020 წლის სეზონი ჩავარდება.