ევროკავშირის ელჩი საქართველოში ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როდის დაიწყება ევროპასთან საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა. იანოშ ჰერმანის თქმით, ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, შესაბამისად, პროცესში ახალი ფაზა დაიწყო.
„ევროკომისიამ 18 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედი გეგმის ფარგლებში ყველა პუნქტი შეასრულა. ამაზე დაფუძნებით, ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება. ასე, რომ ამ პროცესში ახალი ფაზა დაიწყო. ახლა კი ყველაფერი დამოკიდებულია საბჭოსა და პარლამენტზე. ხშირად ისმება კითხვა ამ პროცესის დროებთან დაკავშირებით, თქვენ გესმით, რომ მე არ შემიძლია მივუთითო რაიმე კონკრეტული თარიღი ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჰერმანმა.
რაც შეეხება ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის – კომისარი მალმსტრომის და ჟოზეფ დოლის მოსაზრებებს, ჰერმანი ამბობს, რომ „ყველა ამ განცხადებას ამ პროცესში აქვს თავისი ადგილი.“
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ჟოზეფ დოლი მიიჩნევს, რომ “თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა – ივნისის თვე, ძალიან მაღალია,”დოლი ახლა საქართველოში იმყოფება და მისი განცხადების თარგმანს “რუსთავი 2” ავრცელებს.
„ვხედავ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს განცხადებას ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ამ თემაზე ბევრი იწერება – ეს თქვენი სამუშაოა, მე მიყვარს პრესა და მესმის დამოუკიდებელი მედიის როლი. მაგრამ, მსურს ერთი რამ გითხრათ: სწორედ ჩვენი პარტია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა და მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანებისთვის. რაც შეეხება ვიზებს და იმას, რაც მე ვთქვი, მე გულწრფელი ადამიანი ვარ. მართალია ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინაა საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე ევროპარლამენტის კენჭისყრა. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნები ვინც ვიზალიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ მე არ მინდა იმედების გაცრუება. შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს პროცედურა გრძელდება, რაც ნორმალურია. ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. მანამდე კი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო სიტუაცია, განვიხილო ეს თემები ხელისუფლებასთან, ჩვენს პარტნიორ პარტიასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ვიმსჯელოთ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ შეიძლება დავაჩქაროთ პროცესები, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ, მეტი სარგებელი მიიღოს. სწორედ ესაა ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანიც,“ – განაცხადა ჟოზეფ დოლიმ.