LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგავა როგორც მახსოვს არ ვანახეთ, რადგან „იმედზე“ თქვა რაღაც…„იმედს“ ურტყამს და ჩიხლაძემ მცემაო. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რაღაც ეგეთი თემა იყო“ – ირაკლი რუხაძე

169
2025-01-22_00-30-50_167646

ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი, ირაკლი რუხაძე „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გურამ როგავაზე 29 ნოემბრის ღამეს სპეცრაზმელის მიერ თავდასხმის ამბავი არ გააშუქეს, რადგან მეორე დღეს ნაცემი ჟურნალისტის მიერ კლინიკიდან გამოთქმული საყვედური არ მოეწონათ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მისთვის მისაღებია, რადგან სტაფმა ასე გადაწყვიტა.

„როგავა როგორც მახსოვს არ ვანახეთ, რადგან იმედზე თქვა რაღაც, მერე იმედმა თვითონ გადაწყვიტა, რომ ჩვენ ყველაფერი ვანახოთ, მაგრამ ეს რატომ ვალაპარაკოთ: იმედს ურტყამს და ჩიხლაძემ მცემაო, თუ რაღაც. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რაღაც ეგეთი თემა იყო“, – ამბობს ირაკლი რუხაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა, ჟურნალისტმა გურამ როგავამ 29 ნოემბერს დაწერა:

იცი რაზე მწყდება გული?! ვფიქრობ ჩემს მეგობრებზე, რომლებიც ახლა სხვა ტელევიზიებში მუშაობენ. ვფიქრობ იმ წლებზე, რაც ერთად გამოვიარეთ, რა ღირებულებებიც გვქონდა, რასაც ვეწინააღმდეგებოდით, რის გამოც ვიბრძოდით მუდმივად…
ამ ადამიანებმა დღეს რანაირად მოირგეს ეს როლი, რომ ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს ამჩნევენ.

მე არ მაინტერესებს ის ნიღბიანი ვინ არის, საერთოდ არ ვბრაზდები მაგ ნიღბიანზე, გულწრფელად. ის არ იყო სპეცრაზმელი. იცი, მე ვინ მცემა დღეს იქ, ვინ ჩამარტყა?! ირაკლი ჩიხლაძემ, „იმედის“ ჟურნალისტმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა… მე მცემეს დღეს და გონება დამაკარგვინეს იქ პირველი არხის თანამშრომლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ… მე იქ მცემა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა მცემეს დღეს მე იქ…

სპეცრაზმელს არაფერს არ ვერჩი. ის, რაც ხდება ამ კადრებში, ეს არის არის ზუსტად ჩვენი კოლეგების დამსახურება, ვინც უბრალოდ ხმას არ იღებს კი არა, არ ლაპარაკობს სიმართლეს. დუმილი ამ შემთხვევაში არის დანაშაული. მე გამოვჯანმრთელდები ან არ გამოვჯანმრთელდები და რაღაც უბედურება დამემართება, მაგრამ ამ ქვეყანას ოდესმე ხომ უნდა ეშველოს? რაღაცნაირად მინდა ამ სასაცილო მდგომარეობაში, მე თვითონ მეცინება ჩემს თავზე, „პირველ არხზე“, „იმედზე“, „რუსთავი 2-ზე“ ხომ ყველგან გვიმუშავია, ზუსტად იმიტომ ვიცვლიდით ამ სამსახურებს, რომ სივრცე იზღუდებოდა და ჩვენი სათქმელი მაყურებლამდე ვერ მიგვქონდა და ვტოვებდით ამ სამსახურებს და ვინც ჩემ გვერდით იყო ამ ბრძოლაში, დღეს მე ვინც მირტყამს და გონებას მაკარგვინებს, გულდასაწყვეტია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g