შეხედულება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა თაობა თავისუფალ დროს მხოლოდ კომპიუტერთან ატარებს, მცდარი აღმოჩნდა. ამაში მას შემდეგ დავრწმუნდით, რაც „ფორტუნას“ გადამღები ჯგუფი გორის რაიონის სოფელ კარალეთს ესტუმრა.
იმის ძიებაში, თუ როგორ ცხოვრობენ ახალგაზრდები რეგიონებში და რას აკეთებენ თავისუფალ დროს, ბევრი საინტერესო მოზარდი აღმოვაჩინეთ.
როგორც გაირკვა, კარალეთში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბი ჩამოაყალიბეს. კლუბი უკვე ერთი წელია, აქტიურად მოქმედებს და სხვადასხვა ფუნქციას ითავსებს. აქ იმართება ფილმების ჩვენება-დისკუსია, კლუბს სხვადასხვა შემეცნებითი პროგრამაც აქვს. მოსწავლეებმა პატარა ბიბლიოთეკაც მოაწყვეს და არაერთ საინტერესო ექსკურსიასაც უწევენ ორგანიზებას.
ახალგაზრდები სპორტითაც აქტიურად არიან დაკავებული: აქაური ბიჭები შიდა ქართლში სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობაში – ჭიდაობაში ვარჯიშობენ. როგორც რამდენიმე მათგანმა „ფორტუნას“ უთხრა, ჭიდაობაში შეჯიბრი ზაფხულობით ხშირად იმართება და შეჯიბრს ლაშა შავდათუაშვილის სახელობის საჭიდაო მოედანი მასპინძლობს. ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ კარალეთის მკვიდრია.
საჭიდაო მოედნის გვერდით პატარა ტაძარია. ტაძრის უკან კი კარალეთის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრი მდებარეობს, სადაც ახალგაზრდებს ქრისტიანობის ისტორიას ასწავლიან. ცენტრის მსმენელები ტაძარში მედავითნეები და მგალობლები ხდებიან.
თათია კაკიაშვილი