LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაამარცხა თედო გოგოლაძემ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და რას პასუხობს თიკა ჯამბურიასთან დუეტის კრიტიკას: „უსაშველოები“ კარგად აღწერს რეალობას… უსაქმურობის და ქუჩის რომანტიზება უნდა დასრულდეს…“

760
თედო გოგოლაძე

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემას „ვიზიტორი“ ესტუმრა რეჟისორი, მსახიობი, საკუთარი პოდკასტის ავტორი, თევდორე(თედო) გოგოლაძე, რომელმაც საკუთარ საინტერესო ცხოვრებისეულ გზაზე ისაუბრა.

თედო, როგორი იყო შენი ბავშვობა?

დავიბადე ქვიშხეთში, ხაშურში. ასთმის გამო, მეხუთე კლასიდან გადმოვედით თბილისში. ჩემი ბავშვობა ხაშურსაც უკავშირდება და თბილისსაც. ვცხოვრობდი ჩვეულებრივ ოჯახში, მქონდა მიდრეკილება ხელოვნებისკენ, ლიტერატურასთან დეიდაჩემმა დამაახლოვა, რომელიც ფილოლოგია. დედაჩემმა შემიყვანა გოგა პიპინაშვილის „არტ ჰოლში“, პირველად დავახლოვდი ხელოვნებასთან. თავიდან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ იქ დავრწმუნდი, რომ ეს პროფესია არ მინდოდა.

თუმცა მსახიობობა მაინც გამოგდის…

კი, ეს მოუსვენრობა მაქვს, მაგრამ მსახიობობას ვუყურებ, როგორც გართობას. რასაც უნდა აკეთებდე, უნდა თამაშობდე და ერთობოდე. როცა „არტ ჰოლში“ მიმახვედრეს, რომ ჩემგან მსახიობი არ დადგებოდა. ხელოვანი ადამიანი ძალიან ჰგავს ბავშვს, სულ რაღაცის ძიებაშია. თავად დავასკვენი, რომ მსახიობობა არ მინდოდა. გინდა თუ არა, რეჟისორზე და სცენარისტზე ხარ დამოკიდებული. მინდოდა, თავად შემექმნა რამე. მსახიობი მარტო ვერ ითამაშებს, სიგიჟეა, ქუჩაში ხომ არ გამოხვალ, დადგები და ითამაშებ. მსახიობი არ არის მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული. კინოსა და რეჟისურისკენ წავედი, რომ არ ვყოფილიყავი დამოკიდებული სხვაზე…

რთული იყო თბილისში დამკვიდრება?

რთული იყო, მაგრამ მაქვს რაიონელი ადამიანის „ჟილკა“ და მონდომება, რამაც განვითარებაში ხელი შემიწყო. ზოგადად, არავისთან არაფერი მქონდა დასამტკიცებელი, უბრალოდ, აზარტული ბუნების ადამიანი ვარ. ეს გულისხმობს იმას, რომ მიყვარს რისკის გაწევა. რისკი როგორ მდგომარეობაა, მშვიდად და მოდუნებულად ვერ ხარ. მთელი ჩემი ცხოვრების პრობლემა ეს არის, როცა ვმშვიდდებოდი, მეგონა, მოვიწყინე, ამიტომ სულ რისკისკენ ვიყავი. ახლა ცხოვრებამ ისე დაალაგა, რომ სიმშვიდეზე მთავარი არაფერია, მაგრამ რისკმა თავის დროზე დიდი გამოცდილება დამიგროვა. ერთი, რაც ყოველთვის მეხმარებოდა, ეს იუმორია. არც ძველი ბიჭობა მევასებოდა, ნაღდად არ მქონდა ეს მიდრეკილება, იყვნენ ჩემ გარშემო ასეთი მეგობრებიც, მაგრამ ჩემი შემართება და თვითგამოხატვა იუმორსა და ურთიერთობებში იყო. თედოს კარგი იუმორი აქვსო, ამბობდნენ.

დღეს, 32 წლის ასაკში, შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ. მქონდა პერიოდები, ხან ვიღაცას ვეკედლებოდი, ხან ვის, სულ ვეძებდი ჩემს თავს. მივხვდი, რომ მარტო ვარ, მეგობარი იმის გამო კი აღარ მყავს, რომ სიმარტოვე შემივსოს, რადგან არის, როგორიც არის, ისეთი მიყვარს. ამიტომაც აღარ მყავს იმდენი მეგობარი, რამდენიც მყავს… ურთიერთობები აღარ გადადის ტოქსიკურობაში.

იყო ამის მიზეზები?

ვარ ადამიანი, რომელიც მიზეზებს დიდად არ ეძებს.

თავი გიმართლებია?

რამდენიც გინდა. თავს რა გამართლებინებს? შიში, რომ ვერ გაგიგონ და არ უარგყონ. იცი, რატომ შემეშალა? იმიტომ, რომ… თავს იმიტომ იმართლებ ადამიანი, რომ ვერ დგახარ მყარად და როგორ არ მქონია ეს პერიოდები, მაგრამ უშეცდომო არავინაა. თავის მართლებას მირჩევნია, რაც გავაკეთე, ის ვთქვა ბოლომდე.

აღსარება გითქვამს საჯაროდ…

მითქვამს. გადამუშავებულზე გადმოვიტანე…

მოგეშვა, როცა საჯაროდ აღიარე ის პრობლემა, რომელიც გქონდა?

ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩემს დამოკიდებულებაზე აზარტულ თამაშებზე. სახალხოდ პოდკასტში რომ რაღაც გავაზიარე, ეს არ იყო აღსარების ჩაბარება. სხვასაც გავუზიარეც არ არის, რომ ეს სხვას არ დაემართოს. ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, როცა რთული პერიოდები მქონდა, მისმენია ფსიქოლოგებისთვის, ანდრო დგებუაძისთვის, მათ უთქვამთ ისეთი რამე, მივმხვდარვარ, რომ მარტო არ ვარ. ადამიანებმა არ უნდა ვმალოთ რაღაცები, მოთამაშეს ძალიან ურტყამს, რომ ვერ გაუგებენ და მიატოვებენ… ამბობენ, რომ ყოფილი მოთამაშე არ არსებობს. ეს გამონათქვამი ადიქციაში მყოფს გარიყულად აგრძნობინებს თავს და აფიქრებინებს, რისთვის უნდა გამოსწორდეს, თუ გამოსწორების შანსი არ არსებობს. შეიძლება, წლები გავიდეს, მაგრამ ყოველდღე სადღაც არას თქმა გიწევს, როცა დამოკიდებული ხარ.

რა ასაკში დაიწყო შენი დამოკიდებულება?

როცა გავიაზრე, საიდან დაიწყო ეს ამბავი, მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ბიჭები და უფროსები თამაშებზე დებდნენ, ლარიანი დავდე. მაშინ ბავშვებსაც უშვებდნენ ტოტალიზატორებში, მე ის თაობა ვარ, სადაც კონტროლი არ არსებობდა. მოვიგე შვიდი ლარი. ჩემს კლასელს არ ჰქონდა რუსულის წიგნი, წავედი და ვუყიდე, მაშინ ხაშურში ვსწავლობდი. ეს ჩაილექა ჩემში, თამაშმა კარგი რამ გამეკეთებინა და რომანტიზება მოხდა. სულ ვამბობ, რომ ბევრი რამ მოდის ბავშვობიდან… ძალიან ბევრი მიდის ფსიქოლოგთან და მისგან ელოდება, რომ ფსიქოლოგმა უნდა გადაარჩინოს, ასე არ არის. ფსიქოლოგმა შეიძლება გითხრას, როგორ უნდა დაუსვა თავს სწორი კითხვები, მაგრამ პასუხები შენი აღმოსაჩენია. ბოლოს მივედი იმასთან, რომ ეს დამოკიდებულება ბევრ რამეს მართმევდა. ყველა დამოკიდებულ ადამიანს აქვს დიდი დანაშაულის გრძნობა, რომლის გადაფარვასაც ბევრი რაღაცით ცდილობ. როცა ადამიანი ხვდები, რომ მარტო ხარ, აღარ გჭირდება თავის მართლება. ერთხელ და სამუდამოდ, დიდი ხნის მერე გადავწყვიტე, ამ ტკივილებისთვის თვალი გამესწორებინა და მომესმინა პასუხები, ყოველდღიურად როცა იღვიძებ, გიწევს უარის თქმა, ეს არის ჩემი თავისუფლება, შემიძლია თავისუფალი არჩევანი გავაკეთო და რაღაცაზე ვთქვა უარი.

ადამიანები დაგიკარგავს ამის გამო?

ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამ პრობლემებს მალავს, მე გახსნილი ვიყავი. როცა მოთამაშე ხარ, ან ნარკომანი, ძალიან ეგოისტი ხარ და სულ გინდა, გაგიგონ. მივხვდი, რომ სხვა ადამიანები არ არიან ვალდებულები, რომ გამიგონ. მე აღარ ვთხოვდი გაგებას, ამას დაკარგვას ვერ დავარქმევდი.

პირველი წარმატება, კარიერის კუთხით, როდის მოვიდა?

სხვების შეფასებებით უფრო ვხვდები, არ მაქვს ის განცდა, რომ წარმატებული ვარ. როცა ვთიშავ წარმოსახვას და აქ და ახლა ვგრძნობ თავს, მაქვს ჩემი საქმე, იდეები, ეს უკვე დიდი წარმატებაა ჩემთვის. წარმატების აღმნიშვნელი ისაა, როცა ვარ შინაგანად სავსე.

წარმატებას მოჰყვა ნარკოდამოკიდებულება? თამაშს თუ რას? ამას მერე მოჰყვება ხელმოცარულობა, როცა შენს თავს ვეღარ პოულობ…

როგორც დავაკვირდი, ჩემთან ეს უკავშირდებოდა კომპლექსებს. ყველას აქვს კომპლექსები. ყველაფერი იწყება შიშისა და კომპლექსებისგან. ვინ ვარ, ამის გაგება ზოგჯერ აუტანელია და გიწევს, გაექცე ამ ყველაფერს. არასიფხიზლე არის თავის მოტყუება. დღეს რომ კარგად გრძნობ თავს ნარკოტიკით, მეორე მხარეს უარესდები. ეს არის გასავლელი გზა, ზოგი გადის, ზოგი – ვერა, ზოგი საერთოდ შეიძლება ნარკოტიკს არ მოიხმარდეს, მაგრამ მაგალითად, არის ეჭვიანი. ეჭვიანობაზე დიდი სიფხიზლის დამკარგველი რა არის? ისე გნუსხავს, რომ რეალობის შეგრძნებას კარგავ.

როგორ მოერია ამ ყველაფერს?

ზუსტად იმ სიმარტოვის განცდით, მე მარტო ვარ და აღარ უნდა მეშინოდეს სიმარტოვის…

სხვა ადამიანები იყვნენ ჩარეულები?

მინდა დიდი რეკომენდაცია გავუწიო „კამარას“, სადაც არიან ფსიქოლოგები, მათ შორის ნათია ფანჯიკიძე. იქ არის ცენტრი, სადაც აზიარებ შენს დამოკიდებულებას… როცა შენნაირ ბევრ ადამიანს ნახულობ, ეს არის გარკვეული ნუგეში…

თედო, შენს პოდკატსში, რომელიც თიკა ჯამბურიასთან ერთად ჩაწერე, გაჟღერდა სიმღერა… მინდა, თიკა მოვიკითხო, არაერთხელ ყოფილა ჩემი რესპონდენტი. ძალიან მაგარი და ძლიერი ადამიანია, რომელმაც ბევრ წნეხს გაუძლო…

სიმღერასთან თიკა დავაკავშირე და გამოვიდა მართალი და ჰარმონიული სიტყვები. უნდა იგრძნო მუსიკა და მან იგრძნო. ჩემი პოდკასტი არის იმაზე, სად გაქრა ადამიანი და რა გამოიარა. ამ პოდკასტში არ ვარ წამყვანი, ჩემსას ვაზიარებ, რესპონდენტებთან ვეხები იმ თემებს, რაც მე მაინტერესებს და იქ მიდის ქექვა. თითო სტუმარი თითო სცენარი და ამბავია, სადაც ჩემი თავის პარალელიც არსებობს.

მოგვიყევი სიმღერაზე „აუ-რა“, რომელიც თიკასთან ერთად ჩაწერე… ზოგმა ძალიან გააკრიტიკა…

პოდკასტის მთავარი არსია, ვისაუბროთ იმ მეტამორფოზაზე, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა განვიცადეთ. ზუსტად ისეთი სტუმრები მომყავს, ვის მეტამორფოზასაც ვხედავ. ვინც თავისი თავი დაბადა. ეს არანაირ კარმაზე და ბუმერანგის დაბრუნებაზე არ არის. სამწუხაროდ, ტექსტს არავინ უსმენს, რაზეა საუბარი, რადგან კონკრეტული ერთწუთიანი მონაკვეთი მოჭრეს. არავის განვიკითხავ. ჩვენ ვყვებით ბავშვების თაობაზე და იმაზე, რაც მათ გამოიარეს. გარეთ არ გვიშვებდნენ, იყო შიშები… სხვებს კი არ ვაბრალებთ ამ ცხოვრებას, ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვცხოვრობთ ისე, როგორც დავიმსახურეთ. ცხოვრება ჩვენი აღქმაა, შეიძლება გეტკინოს და უსამართლობის შეგრძნებაც გაგიჩნდეს, გაბოროტდები და დაიწყებ მიზეზების ძებნას, თუ მიიღებ ამ მოცემულობას? თუ უფლის გწამს, ვხდები, რომ ეს თავისთავადია… „ყველა ცხოვრობს ისე, როგორც დაიმსახურა“ – ეს პატარა ფრაზა ამოჩნდეს. ამის მერე ჩვენ დიალოგი გვაქვს, რომელიც იმედის მომცემია, შეიძლება ყველაფერი არ იყოს კარგად, მაგრამ მზე მაინც ამოვა. არ უნდა დაიწყო მიზეზების ძებნა, რატომ ხარ ცუდად…

ვისაუბროთ სერიალზე „უსაშველოები“, სადაც მსახიობი ხარ…

„უსაშველოებში“ მსახიობად აღმოვჩნდი. ზაზა ნოზაძემ, რეჟისორმა, რატომღაც ამარჩია ერთ-ერთ როლზე. ახლა იწყება გადაღებები და სრულმეტრაჟიან ფილმად გამოვა. ზაზამ ასე დააანონსა. კარგ სიახლეებს გვპირდება.

მე და ზაზა ბავშვობიდან ვმეგობრობთ, თეატრალურიდან მოვდივართ ერთად. ჰიპ-ჰოპსაც როცა აკეთებს, კარგი დამკვირვებელია, ადამიანების გრძნობებამდე მიდის. კინოშიც ეს უნარი აღმოაჩნდა, მე ისედაც ვიცოდი მისი შესაძლებლობები. აქვს ნიჭი, რეალობა აღწეროს და ისე მოგიტანოს, რომ სადღაც დაგაფიქროს და სადღაც გაგაცინოს. სერიალი არის უსაქმურ ადამიანებზე, რომლებსაც მომავალი და მიზანი არ აქვთ, მაგრამ სულ ეძებენ საშუალებას, დატოვონ ქვეყანა, რომ სხვაგან კარგად იყვნენ. ეს არის სატირა. როგორი ადამიანი არ უნდა იყო… შეხედო და რაღაც შეცვალო. ბავშვებმაც სწორი დასკვნები უნდა გააკეთონ, ვინც ამ სერიალს უყურებენ. სერიალის პერსონაჟები რატომ შეიყვარა ხალხმა? ყველა მათგანს იცნობენ.

რეჟისურიდან ისევ მსახიობობამდე მიხვედი ადამიანი, რომელიც რეჟისორის სავარძელში ჯდომაზე ოცნებობდი?

სიმართლე გითხრათ, ზაზა რომ მოვიდა, ჩემთან და ნუკია ჭავჭანიძესთან მოვიდა და გვითხრა, რომ გიყურებთ, თქვენ უნდა იყოთ ეს პერსონაჟები. ჩვენ ვმეგობრობთ და აღარ დაგვჭირდა ზედმეტი შეთამაშება.

სერიალი აღწერს რეალობას, რაც არის?

სამწუხაროდ, ასეა. ამას უნდა ჩავხედოთ თვალებში და მივხვდეთ, რომ შესაცვლელია. უსაქმურობის და ქუჩის რომანტიზება უნდა დასრულდეს. მარტო ქუჩაში კი არ უნდა იდგე, რაღაც უნდა დაწერო, შექმნა… სერიალი ამ რეალობას ძალიან კარგად აღწერს. ადამიანებს კი არ უნდა ეჩხუბო, არამედ იუმორით ესაუბრო, თან აცინო და თან, პრობლემები აჩვენო. ზაზას წარმატებები ყველა ფეხის ნაბიჯზე…

თედო და მუსიკა… ხშირად ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელებში შენს გვერდს. საიდან მოდის მუსიკის შექმნის სურვილი?

მუსიკოსი ნამდვილად არ ვარ და არც მუსიკალური განათლება მაქვს. მიყვარდა ჰიპ-ჰოპი და ვაკეთებდი. მუსიკას დავარქმევ ჩემი ემოციების გამომტანს, დღიურებივითაა. მუსიკა არის ის, რასთანაც შემიძლია განვმარტოვდე. კონკრეტულმა ნოტმა შეიძლება აღმოგაჩენინოს განცდები. ეს არის თავშესაფარი, შექმნის პროცესი არის ძიება. ორნაირი მიმართულებით ვაკეთებ, ელექტრონულ ექსპერიმენტულს და ახლა თიკასთან ერთად რაც მქონდა… კონკრეტულ ჟანრს ვერ დაგისახელებთ, სადაც ვარ. ჰიპ-ჰოპია ის, სადაც ჩემს მდგომარეობას აღვწერ. ვიღაცაზე არ ვლაპარაკობ, ვსაუბრობ ჩემს მდგომარეობასა და განცდებზე. ბავშვობაში ლექსებს ვწერდი. ეს ყველაფერი მუსიკასთან ერთად ნაზავია. მე და ნუკია ჭავჭანიძემ ერთად დავიწყეთ მუსიკის წერა კორონას დროს. ახლა პოდკასტი და მუსიკა გავაერთიანე ერთმანეთში.

ვის უძღვნი ამ ყველაფერს? არსებობს ადამიანი?

კონკრეტული ადამიანისთვისაც დამიწერია, რადგან სიყვარული გაწერინებს…

თიკასთან დუეტის მსგავს ჰიტს ველოდოთ შენგან?

გააჩნია, როგორ გავიღვიძებ და რა მდგომარეობაში ვიქნები. ასე გეგმაში არ მაქვს ჰიტების წერა.

ბევრი წერდა კომენტარებში, რომ შენნაირ მუსიკოსთან ჩაწერდა სიმღერას ან შეგიკვეთდა კომპოზიციის შექმნას.

ასე წერდნენ? მართლა გამიხარდა. მადლობა, რომ ეს მითხარით. მინდა, რაღაცები გამოვიტანო, ხან მუსიკით, ხან კინოთი. მინდა, საკუთარი თავი არ მოვატყუო და ნამდვილი განცდები გადმოვცე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები