როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნანა ფაცაციამ ისაუბრა.
რამდენად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რას გულისხმობს ტერმინი სექსუალური ძალადობა?
როცა ვსაუბრობთ სექსუალურ ძალადობაზე, საქმე გვაქვს განსაკუთრებულ, მძიმე და ღრმა ტრავმასთან. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა საზიანო გამოწვევაა არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მოიცავს ქმედებათა ფართო სპექტრს, როგორც გაუპატიურებას და გაუპატიურების მცდელობას, ასევე გარყვნილ ქმედებას, ეროტიულ ალერსს,სექსუალური შინაარსის ფილმების ჩვენებას და პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერებას დაინტერესების მიზნით, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სხეულით ვაჭრობის იძულებას და ა.შ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს რას მოიცავს სექსუალური ძალადობა, თუ როგორ გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, როგორ ამოვიცნოთ ძალადობის ინდიკატორები და დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან.
ვინ შეიძლება იყოს მოძალადე?
გამოკვლევები და სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ხშირ შემთხვევაში ახორციელებს ოჯახთან დაახლოებული პირი, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ასევე შეიძლება იყოს უცხო ადამიანი(მათ შორის ზრდასრული, ასაკში შესული, მოზარდი და თავად ბავშვი).
მოძალადე რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობს, ხშირად ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირია, შესაბამისად ბავშვების 90% იცნობს მასზე მოძალადე პირს. მოძალადე ნელ-ნელა შემოდის ნდობაში ბავშვთან, უახლოვდება მას, ჩუქნის საჩუქრებს და ხშირ შემთხვევაში წინასწარი გეგმის მიხედვით ახორციელებს ძალადობას.
აუცილებელია ვიცოდეთ შემდეგი: ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა ბავშვის ნებით ან თანხმობით მოხდა თუ არა ეს, ვინაიდან ზრდასრულ მოძალადეს მარტივად შეუძლია ბავშვის ნებაზე ზეგავლენის მოხდება და შემდგომ ბავშვის ქცევაზე მანიპულირება, მუქარა და შანტაჟით შენარჩუნება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის.

რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და ოჯახმა, იმისთვის რომ ბავშვი იყოს მეტად დაცული?
ბავშვების დაცვა სექსუალური ძალადობისგან არის როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების პასუხისმგებლობა. როცა ორივე ერთად მუშაობს – ინფორმირება, ყურადღება და უსაფრთხო გარემო-რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
მნიშვნელოვანია ოჯახს ჰქონდეს ღია კომუნიკაცია ბავშვთან, რომ შეუძლია მშობელს თავისუფლად ყველაფერზე ელაპარაკოს, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვებთან ადრეული ასაკიდან სხეულის საზღვრების სწავლება – ბავშვს უნდა ავუხსნათ რომ სხეულის გარკვეული ნაწილები პირადია, სხვას არა აქვს უფლება შეეხოს მისი ნებართვის გარეშე, ბავშვს ააქვს უფლება თქვას „არა“, თუნდაც ეს უფროსი იყოს. „კარგი და ცუდი საიდუმლო“-ასწავლეთ ბავშვს რომ საიდუმლო რომელიც მას აშინებს ან აწუხებს უნდა უთხრას სანდო უფროსს, „უსაფრთხო ინტერნეტი“ – ყურადღება მიაქციეთ ვისთან საუბრობს ბავშვი ონლაინ, აუხსენით რომ უცნობებს არ უნდა გაუგზავნონ ფოტოები და პირადი ინფორმაცია.
რაც შეეხება საზოგადოებას და ინსტიტუციების როლს, აქ მათი როლი უმნიშვნელოვანესია – განათლება სკოლაში, ბავშვებთან საუბრები პირად საზღვრებზე, უსაფრთხოებაზე, დახმარების მოძიებაზე. პედაგოგების და ბავშვებთან მომუშავე ადამიანების გადამზადება ძალადობის საკითხებში, ძალადობის შემთხვევაში თუ როგორ დაეხმარონ ბავშვს სწორად.
სახელმწიფო ხედვა და რეაგირების ძლიერი სისტემა- მნიშვნელოვანია უწყებათა შორის რეფერალი და კოორდინირებული მუშაობა, ეს ნიშნავს რომ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება და პროფესიონალი ადამიანები ერთმანეთთან თანამშრომლობს, რათა ბავშვს დროულად და ეფექტურად დაეხმარონ. ამ მიმართულებით საქართველოში ერთ ერთი წამყვანი რგოლი სხვა უწყებებთან ერთად გახლავთ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-მასში შემავალი სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მიმართულებით ბავშვთა დაცვას, მათ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.განსაკუთრებით მინდა გამოვყო ძალადობის მსხვერპლთა ინტეგრირებული ცენტრი, რომელიც ცნობილია ე.წ. „ბარნაჰუსის“ სახელწოდებით, სადაც ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სრული სერვისით უზრუნველყოფა,კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
როცა საზოგადოება ღიად საუბრობს ამ თემაზე, ბავშვებს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ და ძალადობა უფრო სწრაფად გამოვლინდება.
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შედეგები და რისკები…
სექსუალური ძალადობა მძიმე და წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში, საქმე გვაქვს ღრმა ტრავმასთან. დახმარების გარეშე დარჩენილი ბავშვი, ორმაგი რისკის ქვეშ იმყოფება მთელი რიგი ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი სირთულეების წინაშე.
✓ ქალები, რომლებსაც ბავშვობაში სექსუალური ძალადობა გამოუცდიათ, ზრდასრულ ასაკში სექსუალური ძალადობის გამოცდის გაზრდილი რისკის წინაშე იმყოფებიან
✓ ინტიმურობის შიში
✓ დეპრესია, შფოთვა, პოსტ ტრავმული სტრესის აშლილობა (PTSD)
✓ სექსუალური დისფუნქცია
✓ არასტაბილური ურთიერთობები და განქორწინების მაღალი რისკი
✓ სუიციდის ან სუიციდის მცდელობის გაზრდილი რისკი
✓ სექსუალური გზით გადამდები დაავადებები
✓ ადრეული ქორწინება
✓ ნაადრევი ორსულობა და სხვა.
ჩუმი დანაშაული: „სექსუალური ძალადობა რომელიც დაფარული რჩება“.
მსხვერპლის მიერ სექსუალური ძალადობის არ გამხელის ძირითადი მიზეზი ძლიერი შიშის ფაქტორია, როგორც უშუალოდ მოძალადის მიმართ, ასევე შიში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან მისი პრობლემის სწორად არ გაგების კუთხით. ასევე, ძლიერი სირცხვილის განცდა, ტრავმისა და შოკის მდგომარეობა აფერხებს სექსუალური ძალადობის დროულად გამხელის საკითხებს, მსხვერპლი ბავშვების მხრიდან.
მშობლების და ახლობლების მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვა ძირითადად განპირობებულია საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიშით (განსაკუთრებით ინცესტის შემთხვევებში) – რაც, რა თქმა უნდა გულისხმობს „ჩუმ დანაშაულში“ თანამონაწილეობას და მსხვერპლი ბავშვის სრულ დაუცველობას.
ბავშვის დაცვა იწყება მაშინ, როცა ბავშვმა იცის თავისი უფლებები, ოჯახში არის ნდობა, საზოგადოება არ დუმს და რეაგირებს!