არასახელისუფლებო პარტიების მხრიდან მოსკოვში გახშირებული ვიზიტებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, შესაძლოა, მათთვის რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება აიკრძალოს. საკანონმდებლო ინიციატივით „თავისუფალი დემოკრატები“ გამოდიან. პარტიაში განმარტავენ, რომ ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, შალვა შავგულიძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა, მსგავსი კანონის მიღების საჭიროება სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებიდან გამომდინარე გახდა.
პოლიტიკოსი ყურადღებას ქვეყანაში საომარი ან განსაკუთრებული მდგომარეობის დროს საერთაშორისო სტანდარტზე ამახვილებს, რომელიც მთლიანი პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე გადატანას ითვალისწინებს და გარკვეულწილად ზღუდავს ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ადამიანის ზოგიერთ უფლებას. შავგულიძე მიიჩნევს, რომ ოკუპაცია თავისი არსით უთანაბრდება საომარ მდგომარეობას.
„ასეთ დროს იზღუდება ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ისეთი ძირითადი უფლებებიც კი, როგორიცაა შეკრების, გამოხატვის თავისუფლება, სახელმწიფოს ფუნქციონირების მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე გადადის. სწორედ ამ შინაარსის ლოგიკის გაგრძელებას წარმოადგენს ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა,“ -აცხადებს შავგულიძე.
შავგულიძე მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ხოლო რუსეთში სახელმწიფო პირებს საქართველოდან არასახელისუფლებო სუბიექტები ხვდებიან, სახელმწიფო დაუცველი რჩება და აუცილებელია, ქვეყანას გააჩნდეს რაიმე ქმედითი ინსტრუმენტი, რითაც ამ საფრთხეებს დაუპირისპირდება.
„თვალსაჩინოებისთვის, მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო დუმაში „პატრიოტთა ალიანსის“ ბოლო ვოიაჟის მაგალითს მოვიყვან. რა სურათს ვიღებთ? ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ათანხმებენ მოქმედების გეგმას, საუბარია ნატო-რუსეთი-საქართველოს ფორმატზე, ახლა კი ოკუპანტ ქვეყანასთან შეთანხმებული ფორმატის საკუთარი ქვეყნისთვის თავს მოხვევას ცდილობენ. ოკუპანტ ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა, საქართველოს სხვადასხვა სუბიექტების სახელით იმოქმედოს და თავს მოახვიოს საკუთარი ინტერესები საქართველოს. ეს ერთი მაგალითია, ასევე გვახსოვს რუსული მარშის მაგვარი აღმაშენებლის გამზირზე, ტიპიური პროფაშისტური ლოზუნგებით, რაც დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისა და დემოკრატიული განვითარებისთვის,“ – აცხადებს შავგულიძე.
მისი განცხადებით, თუ მმართველი გუნდი კანონპროექტს არ მიიღებს, ეს მათი მხრიდან უპასუხისმგებლობა და უარეს შემთხვევაში ქვეყნის ღალატი იქნება.
„აქ იმდენ ცხელ წერტილს მიიღებთ, იმდენი აფეთქება მოხდება ქვეყანაში საკუთარი სუბიექტების მიერ, რომ ხელისუფლება ერთ შემთხვევაში არ მოექცევა გავლენის ქვეშ, მაგრამ მეორე შემთხვევაში რაღაცის დათმობა მოუწევს, მესამე შემთხვევაში კი რუსეთი ამ სუბიექტების მეშვეობით ისეთ დესტაბილიზაციას მოგიწყობს საკუთარ სახელმწიფოში, რომ ძალიან ძნელი იქნება ამის გაკონტროლება. მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ ლოგიკას, რატომ არ უნდა აიკრძალოს ეს შესაძლებლობა.
„ხელისუფლებას სურს, რომ დაიტოვოს თავი კომფორტში, თითქოს არაფერ შუაშია ამ საქმესთან, აიცილოს პასუხისმგებლობა და სინამდვილეში ეს იყოს მისი ხელდასმით. თუ ხელისუფლება ამას არ გაიზიარებს, ე.ი. ოკუპანტი ქვეყნის ზრახვების გატარება სწორედ მისი ნებით ხორციელდება, ლოგიკურად მივალთ ამ დასკვნამდე,“ – აცხადებს შავგულიძე.
ინიციატივის უპირობო მხარდაჭერა
„თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას იწონებს „რესპუბლიკური პარტიაც“. თამარ კორძაიას განცხადებით, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობას დაარეგულირებს, მისასალმებელია.
„ჩვენ, „რესპუბლიკელებმა“, არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები გარკვეულ წესებს უნდა ემორჩილებოდეს, ინიციატივას რომ ვნახავთ, მერე უფრო დეტალურად შევაფასებთ,“ – აცხადებს კორძაია.
აღსანიშნავია, რომ ასეთივე პოზიცია აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ამბობენ, რომ ისინი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის სახე ჯერ არ აქვს და დეტალებიც უცნობია.
თინათინ ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონის მიღება პრორუსული ძალების მოძლიერების ფონზე მნიშვნელოვანია.
„ბოლო პერიოდში ასეთი ჯგუფები მოძლიერდნენ საქართველოში და ეს არ არის მხოლოდ რუსული პროპაგანდის ძალისხმევის შედეგი, ეს ასევე იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. მათ ოკუპანტ სახელმწიფოსთან მაამებლური და არასწორი პოლიტიკა აქვთ.
„ჩვენ ასეთი ინიციატივას არა მარტო მხარს დავუჭერთ, მეტიც, აუცილებლად გავუწევთ ადვოკატირებას. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და სწორედ მათ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა, რომ ეს ინიციატივა ვაქციოთ კანონად. როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნის ოკუპანტს ეხება, დე-ფაქტო მმართველი იღებს, ხოლო მისი დამოკიდებულება რუსეთთან გასაგებია. უმრავლესობის წევრები, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ, უპირობოდ ეთანხმებიან მას,“ – აცხადებს ბოკუჩავა.
რას ფიქრობენ პარლამენტში
როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, ამ ინციატივას მათი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ენმ საპარლამენტო პარტიაა, ინიციატივის მისაღებად მხოლოდ მათი მხარდაჭერა საკმარისი არ არის და ამიტომ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ პარლამენტში მყოფი სხვა პარტიები და, პირველ რიგში, მმართველი გუნდი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ჩამოყალიბებული პოზიცია არა აქვთ. როგორც „ფორტუნასთან“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ, განაცხადა, საკუთარ პოზიციას კანონპროექტის გაცნობის შემდეგ გაახმოვანებს.
„სწორი მაშინ იქნება კომენტარის გაკეთება, როცა ამ ინიციატივას სახე მიეცემა იმიტომ, რომ ზეპირად ნათქვამი წარმოდგენას არ მიქმნის,“ – აცხადებს გოგუაძე.
მსგავსი პოზიცია აქვთ „ევროპულ საქართველოშიც“.
სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ინიციატივას მას შემდეგ შეაფასებს, რაც კანონპროექტს გაეცნობა. თუმცა, ამბობს, რომ პოლიტიკურად მიზანშეწონილია, რუსეთთან მხოლოდ ხელისუფლება საუბრობდეს.
„კარგად არის შესასწავლი, რამდენად არის კავშირში ეს გამოხატვის თავისუფლებასთან. ქვეყანა უნდა საუბრობდეს ერთი მიდგომით, ერთი პრინციპით და შეთანხმებული გზავნილებით, მაგრამ ამის საკანონმდებლო ჩარჩოში გადატანა შეიძლება, უკავშირდებოდეს ადამიანის უფლებების დარღვევას,“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.
„ფორტუნა“აღნიშნულ საკითხზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების პოზიციითაც დაინტერესდა, თუმცა, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
საექსპერტო წრეების ეჭვები და შესაძლო გამოსავალი
როგორც პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, დღეს ეს პრობლემა, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების გატარებას ცალკეული ჯგუფების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების მეშვეობით ცდილობს და ახერხებს, რეალურად დგას. ამიტომ ამ თვალსაზრისით „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ პრობლემის მოსაგვარებლად გამოსავლის ძიება სრულიად ლოგიკურია. მაგრამ მეორე საკითხია, ეს კონკრეტული ინიციატივა რამდენად იქნება შედეგიანი და, რაც მთავარია, თანხვედრაში დასავლურ ფასეულობებთან, რადგან პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან უკვე გაჟღერდა ეჭვები გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების რეგულირება მორალურად მისაღებია პოლიტოლოგ გია ნოდიასთვის.
„ფორტუნასთან“ საუბარში ნოდია ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივაა, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რამდენად მოხერხდება ამის იურიდიული კუთხით დარეგულირება.
„იდეის დონეზე, მორალურად ჩემთვისაც მიუღებელია ასეთი რამ, როდესაც მტერთან მოლაპარაკებებს მართავენ პოლიტიკური ძალები. მაგრამ ცოტა რთული მგონია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც საბაზისო უფლებების შეზღუდვის გარეშე ამ მიზნის მიღწევას შეძლებს,“ – აცხადებს ნოდია.
პოლიტოლოგი რუსეთში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების ვიზიტსაც ეხმიანება.
გია ნოდია მიიჩნევს, რომ ამას ნეგატიური შედეგი მოაქვს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ძალები რუსეთის ინტერესებს გამოხატავენ. თუმცა, აღნიშნულს ნოდია მნიშვნელოვან საფრთხედ არ აღიქვამს.
ის ამბობს, რომ გამოსავალი აუცილებლად მოსაძებნია და მიიჩნევს, რომ ამისთვის დაფინანსების წყაროების რეგულირება შესაძლოა, უფრო შედეგიანი იყოს.
„ჩემი აზრით, უფრო პერსპექტიულია, ვიფიქროთ რუსეთიდან დაფინანსების შეზღუდვაზე, ამაზე რომ არსებობდეს შეზღუდვა, ეს, ალბათ, აზრიანია, მაგრამ მოგზაურობის აკრძალვა პოლიტიკური პარტიებისთვის და შემდეგ განცხადებების გაკეთება, არა მგონია, პერსპექტიული გზა იყოს. მე შემიძლია, წავიდე ნებისმიერ ქვეყანაში და განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლების სახელით ვსაუბრობ, ვერავინ ამის თქმას ვერ ამიკრძალავს, მაგრამ ეს სისულელე იქნება და არავინ სერიოზულად არ მიმიღებს. ასეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი ჯგუფების მიმართ. საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს და ცხადი უნდა იყოს, რომ ეს სისულელეა,“ – აცხადებს ნოდია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივა საკანონმდებლო სახეს მიიღებს და მას პარლამენტში, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის წარადგენენ.
თაკო ივანიაძე