გიორგი ჯიბღაშვილი ამ ამბავს ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს: 2021 წლის აპრილში „ფორმულის“ გადამღები ჯგუფის წასვლა იგეგმებოდა უკრაინაში საოკუპაციო ზოლზე არსებული მდგომარეობის გასაშუქებლად. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იქ მიდიოდა მასობრივი დაბომბვა, რომელიც არ შუქდებოდა. გვინდოდა, რეალობა გვეჩვენებინა და ყველას გაეგო, რომ იმ ტერიტორიაზე ამდენი წლის შემდეგაც დაძაბულობაა. ამისთვის ვემზადებოდით, როცა შევიტყვეთ, რომ ქართველი ჯარისკაცი – დავით შარტავა, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, მარიუპოლის რეგიონში დაიღუპა. მე და ჩემი ჟურნალისტი გავფრინდით, საოკუპაციო ზოლი გადავიღეთ და მართლაც, ვნახეთ, რომ ყველგან ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. დაბომბვა მიმდინარეობდა. ბოლოსკენ მოვიტოვეთ მარიუპოლი, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენდა. იქ შესვლა და მუშაობა ტელევიზიებისთვის ძალიან რთული იყო, რადგან არსებული მდგომარეობის გამო ჩაკეტილი იყო. მარიუპოლში ზუსტად იმ ტერიტორიაზე ჩავედით, სადაც დავით შარტავა დაიღუპა. სანგრის გათხრისას მას ჭურვი ჩაუგდეს ოკუპანტებმა, რომლის ნამსხვრევსაც ემსხვერპლა. მინდოდა, ზუსტად ის ადგილი გადამეღო, სადაც ეს მოხდა, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ამიხსნეს, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო. რომ იქ შესვლის შემთხვევაში, 50/50-ზე იყო უკან ცოცხლად დაბრუნების შანსი. თუმცა, ამხელა გზაზე ვიყავი ჩასული, იქ ქართველი ადამიანი დაიღუპა და მინდოდა, მისი ოჯახისთვისაც და სხვებისთვის მეჩვენებინა, რა სიტუაციასა და გარემოში დაიღუპა ეს ადამიანი. მეუბნებოდნენ, რომ ეს ლოკაცია ძალიან ახლოს იყო რუსებთან. ვიდეოც გადამიღეს, სადაც მეუბნებიან, რომ თუ მე იქ შევიდოდი, უკრაინა არ იყო პასუხისმგებელი ჩემს სიცოცხლეზე. მაგრამ რადგან ემოციურად ძალიან ვიყავი დატვირთული, გადავწყვიტე, გამერისკა. მარტო შემიყვანეს იმ ტერიტორიაზე, ჟურნალისტი კი, ექიმთან ერთად, ხუთას მეტრში დატოვეს, რომ დაჭრის შემთხვევაში დაზღვეული ვყოფილიყავით. უკან ერთი ჯარისკაცი გამომყვა. გავიარეთ გარკვეული მანძილი და ეს ჯარისკაცი მეუბნება, ზუსტად ამ ადგილას დაიღუპა დავითიო.
დავიწყე სთენდაფის ჩაწერა, სადაც ვყვებოდი, რომ დავით შარტავა ამ ადგილას დაიღუპა, რომ ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა და ასე შემდეგ. მოვრჩი თუ არა ჩაწერას, მესმის ყვირილი, დაწექი და უკრაინელი ჯარისკაცი ხელს მკრავს. იწყება საშინელი სროლა და თავზე გასროლილი ტყვიისგან დაფლეთილი მიწა გვეყრება. გრძელი სანგარი გვქონდა გასავლელი, როგორც გითხარით, ჟურნალისტსა და ექიმს ხუთასმეტრიანი დისტანცია მაშორებდა და იქიდან ყველა ერთად უნდა გავსულიყავით სამშვიდობოს. მაგრამ სანამ იქამდე მივაღწევდით, გვესროდნენ ყველაფრიდან. საბედნიეროდ, წამის მეასედში მოასწრო უკრაინელმა ჯარისკაცმა ყველაფრის დანახვა. მე რომ სთენდაფს ვწერდი, მან დაინახა, რომ რუსმა დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით ამოყო თავი და იარაღი დამიმიზნა. ზუსტად ამ დროს მკრა ხელი და მისი ყვირილი რომ გავიგე, უკვე ძირს ვიწექი. ერთად გამოვიარეთ ის სახიფათო გზა. უკან მომყვებოდა და მკარნახობდა, სად უნდა გავჩერებულიყავით, როდის უნდა გაგვეგრძელებინა გზა, რადგან იმ დროს უკვე უკრაინელები გვაზღვევდნენ, როდის გავქცეულიყავით და მოკლედ, ამხელა დისტანციაზე წვალებით გამომიყვანა.