LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა ავტობუსის მძღოლი მაგდა ბერაია: „ეს ამბავი დედას რომ ვუთხარი, მიპასუხა, – მამაშენი საფლავში გადაბრუნდება, ავტობუსზე როგორ უნდა იმუშაოო?!“

203
გიორგი გახარია

დღესდღეობით ჩვეულებრივი ამბავია, როცა ავტობუსის მძღოლად ქალი მუშაობს,

თუმცა თავად ქალბატონი მედეა ბერაია არ გახლავთ ჩვეულებრივი: დიდი ხანი არ არის, რაც ბავშვობის ოცნება აიხდინა და ავტობუსის მძღოლი გახდა, მანამდე კი საინტერესო გზა გაიარა, რომლის შესახებაც ჟურნალ „გზას“ ესაუბრა.

ავტობუსის მძღოლი როგორ გახდით?

როდესაც რუსეთიდან ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ბინა მქონდა, 1 წელი ქირით ვცხოვრობდი, ქმართან ერთად. შემდეგ, როცა მეუღლემ სხვა ქალი გაიჩინა და დავშორდით, მცირე ასაკის ბავშვებთან ერთად მარტო ვერ ვიცხოვრებდი. ამიტომ დაახლოებით 1 წელი დედასთან, ბაგების სტუდქალაქში ვიცხოვრე, რამდენიმე თვე – ჩემს დასთან. მერე, ახალ წელს ბავშვებს თოვლის ბაბუისთვის წერილის მიწერა რომ ვთხოვე, უფროსმა მისწერა: თოვლის ბაბუა, მინდა დავრწმუნდე, რომ არსებობ: ხომ ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისეთი გექნებაო? ამიტომაც მინდა ახალ წელს ჩემს ბინაში შევხვდე. მაშინ ხომ სულ იქ ვიცხოვრებთო?.. მე და ჩემმა დამ წერილი რომ წავიკითხეთ, ტირილი აგვიტყდა… დამ მითხრა, – კონტეინერში ჩაგილაგებ საკვებს, რაც მოვამზადეთ, თქვენს ბინაში წადით, – ვითომ, უნდა დაალაგოთ და შემოგაღამდათო… ასეც მოვიქეცით და ახალ წელს ჩვენს ბინაში, თითქოს შემთხვევით შევხვდით. ბავშვს რომ შევხედე, გახარებული მუშტს კრავდა, – სურვილი ამიხდაო! შემდეგ კიდევ 1 დღეს დავრჩით, კიდევ ერთ დღეს და აი, უკვე მეცამეტე წელია, იქ ვცხოვრობთ… მერე გავარემონტეთ. 20 წლის გამოკეტილი ბინა იყო, იქაურობა – მომსპარი, სახურავი – გაუმართავი… კორპუსის თავმჯდომარედ ამირჩიეს. სახურავიც გადავხურე, ელექტროგაყვანილობა, წყალგაყვანილობა მოვაწესრიგე… იმ დროს ავტობუსით ხშირად ვმგზავრობდი – ბინაში საჭირო ნივთები გადამქონდა. ერთ მძღოლთან დავახლოვდი. მითხრა, – მაგარი გოგო ხარ. კატეგორიის მართვის მოწმობა აიღე, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ავტობუსის მძღოლების 25% ქალი უნდა იყოს. მეც დაგეხმარები, თუ ვარჯიში დაგჭირდება და სიტყვასაც შეგაწევო. ეს ამბავი დედას რომ ვუთხარი, მიპასუხა, – მამაშენი საფლავში გადაბრუნდება, ავტობუსზე როგორ უნდა იმუშაოო?! – ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა-მეთქი. ფული მომცა, რომ საბუთებთან დაკავშირებული საკითხი დაჩქარებულად მომეგვარებინა. წავედი და პირველივე ცდაზე გამოცდები წარმატებით ჩავაბარე… 2 კვირაში ავტობუსის მძღოლად ამიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები