სისასტიკით და არალოგიკური გადაწყვეტილებებით ცნობილი დიქტატორის კიმ ჩენ ინის ცხოვრება ისევე დაფარული და საიდუმლოა როგორც კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მოვლენები. დიქტატორის ოჯახური ცხოვრების შესახებ მსოფლიო პრესაში ინფორმაცია პერიოდულად მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა რომელიმე ბიძას ან ახლო ნათესავს სიკვდილით დასჯის.
დიქტატორის ოჯახური ცხოვრება საიდუმლოა არა მარტო მსოფლიოსთვის, საკუთარ ქვეყანაშიც კი მედიასა და საზოგადოებაში პირველ ოჯახზე საუბარი აკრძალულია.
თავად კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა. მის ბავშვობაზე, განათლებაზე არაფერია ცნობილი. მწირია ფოტომასალაც. კიმ ჩენ ინი სავარუდოდ 1983-84 წელს დაიბადა. ბავშვობაში ძირითადად ბაბუასთან გადაღებულ ფოტოებზე ფიქსირდება.
ვინ არის ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი?
ფოტო, სადაც დიქტატორის ცოლი მდოგვისფერ სამოსშია გადაღებული, 2014 წელს გავრცელდა. ფოტოზე დიქტატორის გვერდით ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავი დენის როდმანი ზის. პირველი ლედი ლი სოლ ჩჟუ მომღერალი იყო და ერთერთი კონცერტის დროს მიიქცია დიქტატორის ყურადღება.
სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო მასალების მიხედვით წყვილს გასული წლის თებერვალში მესამე შვილი შეეძინა. წინა ორი შვილის დაბადების სავარაუდო თარიღებად 2010 და 2013 წლები მიიჩნევა. დიქტატორის მეორე შვილი გოგონაა, უცნობია ჰყავს თუ არა დიქტატორს ვაჟი.
დიქტატორის ნათესავები
ქვეყნის მმართველის ოჯახის წევრობა ჩრდილოეთ კორეაში არათუ სასურველი, სახიფათოც კია. მიმდინარე წლის თებერვალში მალაიზიის აეროპორტში კიმ ჩენ ინის ძმა კიმ ჩონ ნამი მოკლეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმას ორი უცნობი ქალი დაესხა თავს და ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს.
კიმ ჩენ ინმა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით სიკვდილით დასაჯა ბიძა ჩან სონ ტჰეკიც. ჩან სონ ტჰეკი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მამიდის, ქმარი იყო და გავლენით ფხენიანში მეორე კაცად მიიჩნეოდა.
დიქტატორის მეგობარი ქალები
დიქტატორის მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ხშირად საუბრობენ მსოფლიო პრესაში. დიქტატორი შემწყნარებლობით არც საყვარლებისადმი გამოირჩევა. მისი ბრძანებით, პორნოგრაფიული მასალების დამზადებისა და გავრცელებისთვის ექს-საყვარელი, მსახიობი ხენ სონ ვოლი დახვრიტეს. კიმ ჩენ ინი მას ათი წლის წინ ხვდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცოლიანი. მსახიობთან კავშირი მამის მკაცრი მითითებით გაწყვიტა. ზოგიერთი მონაცემებით, წყვილი მაინც ახერხებდა ურთიერთობას.