საიდუმლო არაა, რომ პომადის ფერს და ბრენდს ძალიან ბევრის თქმა შეუძლია მის მფლობელზე. როგორც აღმოჩნდა, ნებისმიერი, ვინც ტუჩის საცხით სარგებლობს აბსოლუტურად განსხვავებულად ისვამს მას და ქვეცნობიერად საკუთარ შინაგან სამყაროს ამჟღავნებს. პომადის ფორმით კი, თავისუფლად შეიძლება ქალის ხასიათის განსაზღვრა.
მომრგვალებული ფორმა
მომრგვალებული ფორმის პომადის მფლობელები ყოველთვის კარგად სარგებლობენ საკუთარი მომხიბვლელებით, არიან აკურატული დიასახლისები, ძალიან უყვართ კერძების მომზადება და სახლში ფუსფუსი, წარმატებას კი, მხოლოდ საკუთარ მიზანდასახულობას და შრომისმოყვარეობას უნდა უმადლოდენ. ასეთ ქალბატონებს არასდროს აინტერესებთ საზოგადოებრივი აზრი, ნებისმიერ ფასად შეუძლიათ საკუთარი პრინციპების დაცვაც და მათი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველასთან მეგობრულად განწყობილებს კარგად გამოსდით კონფლიქტების მოგვარება და ნებისმიერი სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. მამაკაცებო, თუ თვლით, რომ შეგიძლიათ შეეგუოთ პრინციპებს და ცოტა ეგოიზმს, მაშინ ასეთი ქალი სწორედ თქვენთვისაა.
მსუბუქად აჭრილი სამხუთხედი
ასეთი პომადის მფლობელები ყოველთვის “პატარა ტორნადოს” ჰგვანან. მუდმივად აგვიანებენ და სულ რაღაცას აკეთებენ – ჩქარობენ, ფუსფუსებენ, თვითონაც შთაგონებული არიან და სხვებიც შთააგონებენ, რაც მთავარია, ყველგან არეულობას ტოვებენ და ვერაფერს ამჩნევენ. მათ ცხოვრებაში უამრავია, წესრიგზე მნიშვნელოვანი – ოჯახი, ახლობლები, მეგობრები და საყვარელი ადამიანები. “პატარა ტორნადოებს” სინათლის სიჩქარის სისწრაფით ეცვლებათ განწყობა. ხშირად წყინთ და სწრაფადვე ივიწყებენ, იძლევიან დაპირებებს და არასდროს ასრულებენ, თუმცა ძალიან ბრაზობენ როცა მათ უპასუხისმგებლობაში და თავქარიანობაში ადანაშაულებენ.
მახვილი კუთხე
ფრთხილად იყავით! ასეთი პომადის მფლობელებს ძალიან უყვართ კამათი. აზრი არ აქვს მათთვის რჩევის მიცემას, რადგან ჯიუტები და მიზანდასახულები მაინც ყველაფერს თავისებურად გააკეთებენ. პომადის ასეთი ანაჭერი საკმაოდ იშვიათია, ამიტომ ამ ტიპის ქალბატონებიც იშვიათი შემთხვევაა – ქალი-ვულკანი, ქალი-მეტეორი – სიცოცხლისმოყვარული და მხიარული, ჭკვიანი და ქარიზმატული, მდიდარი წარმოსახვით და მსუბუქად სარკასტული ქალბატონები ყოველთვის უმრავლესობის წინააღმდეგ არიან – პრინციპულად არ წავლენ საყვარელ კაფეში და თუ კაფე სხვების ფავორიტიც გახდება. ყოველთვის უკანმოუხედავად ეშვებიან სიყვარულში და თავდაუზოგავად ეძლევიან გრძნობებს, თუმცა პირველივე სირთულების დროს იხევენ უკან და ვარდებიან დეპრესიაში.
ბრტყელი ფორმის პომადა
ბრტყელი ფორმის პომადის პატრონები, როგორც წესი გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათის ოპტიმისტები არიან, რომელთაც ყოველთვის შეუძლიათ სხვისი და საკუთარი საიდუმლოს შენახვა. მათთვის უცხოა მოწყენილობა და წუწუნი. ასეთი ქალბატონები უშუალოები არიან ადამიანებთან ურთიერთობაში და თავისუფლად პოულობს საერთო ენას გარშემომყოფებთან, თუმცა თავისი პირდაპირობით ხშირად გულს ტკენს სხვებს.
ბასრი ”ფანქარი”
თუ პომადა კარგად წათლილ ფანქარს ჰგავს, მაშინ მისი მფლობელი ქედმაღალია და ნაკლებად აინტერესებს სხვისი აზრი. ასეთი ქალბატონები ყოველთვის პრაქტიკულები და ზომიერად კონსერვატულები, საკუთარ თავში დარწმუნებულები და ცოტა ეგოიზმისკენ მიდრეკილები არიან. ყოველთვის იცან, რა სურთ და რას არ გააკეთებენ არასდროს, რთულად უმეგობრდება ადამიანებს და საკუთარ თავს იდეალურად მიაჩნევენ ნებისმიერ სფეროში. ისინი ყოველთვის პირდაპირ მიდიან და არასდროს არიდებენ თავს ცხოვრებისეულ სირთულეებს. მათი აზრით, სამყარო მხოლოდ მათთვის და მათ გარშემო უნდა ბრუნავდეს, თუმცა შეუძლიათ იყვნენ ერთგული მეუღლეები და კარგი დიასახლისები. ”წათლილი” პომადის მოყვარულები ყოველთვის თაყვანისმცემლებით არიან განებივრებული, მათი კეთილგანწყობის მოპოვება კი, მდიდარი საჩუქრებით შეიძლება. ამ ტიპის ქალბატონები ნებისმიერ სიტუაციაში მოძებნიან ფინანსებს საკუთარი ძვირადღირებული კაპრიზების ასასრულებლად. ძვირფასო მამაკაცებო, ნურასდროს დასდებთ ბრალს მათ ზედმეტ ხარჯვაში, რადგან ეს თქვენ დაშორებით გემუქრებათ. ასეთი ფორმის პომადის მფლობელებს ძალიან არ უყვართ ფულზე საუბარი, ისინი არც ვალად გასცემენ და არც თვითონ სესხულობენ არასდროს.
მისს ”გაურკვევლობა”
პომადის უფორმო ზედაპირი მისი მფლობელის დაბნეულობასა და კომპლექსებზე მეტყველებს. ასეთი ქალები ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან და ადამიანებს უნდობლობით უყურებენ. ყველა წვრილმანს მტკივნეულად განიცდიან და ეჭვებს ყოველთვის საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ნიღბით მალავენ, ამიტომ მათ ჰაერივით ჭირდებათ შექება და კომპლიმენტების თქმა. როგორც პომადის ფორმა მისი პატრონიც ვერ ჩამოყალიბდა, რას ელის ცხოვრებისგან. თუმცა იცის, რომ უყვარს ლამაზი ნივთები, რომანტიკა და პრინცი თავისი თეთრი ლიმუზინით. ძალიან მგრძნობიარეებს, კაპრიზულებს და სენტიმენტალურებს ხშირად ეცვლებთ განწყობა. ასეთი ქალბატონები ყოველთვის პატარა გოგონებად რჩებიან და სწორედ ამიტომ ეძებენ ძლიერ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ცხოვრების თანამგზავრს, რომელიც ყოველთვის დამშვიდებს და მათ მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებას.