როგორ გავატარებინოთ ბავშვებს არდადეგები – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინო ამონაშვილმა ისაუბრა.
რით დავაკავოთ ბავშვი მთელი დღე?
საზაფხულო არდადეგების ჩვენ, მშობლებს, გვეშინია იმიტომ რომ, ბავშვები ახლა ჩვენ უნდა გავართოთ, ან რაიმეთი დავაკავოთ. “დაჯექი, იმეცადინე”-ს მაგივრად, დღეში ათჯერ გვიწვეს თქმა, “გეყოფა კომპიუტერთან ჯდომა”, “ადექი, რამე ღირებული გააკეთე”, “გადადე ეგ ტელეფონი”.
უნდა მოვიფიქროთ, ვის დავუტოვოთ ბავშვი მთელი დღე, უნდა მოვიფიქროთ და გადავანაწილოთ მათი დღე, კვირა, თვე ისე, რომ მათ დრო გაატარონ ღირებულად, ჯანსაღად და თან, ჩვენი ფსიქიკაც არ შეეწიროს ამ ამბავს. დასაგეგმი გვაქვს ის, თუ სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად, რა ბიუჯეტით, რამდენი დღე, როგორ ავიღოთ შვებულება და ა.შ.
საკმაოდ, რთული საკითხია, მით უმეტეს მშობლებისთვის, ვინც მუშაობს და თავისუფალი ბევრი დრო არ აქვს. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკს, სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვანაირად შეგვიძლია მოვიქცეთ.
ყველაზე ღირებული იქნება, თუ შეგვიძლია, ბავშვი წავიყვანოთ ჩვენთან ერთად სამსახურში. პირველ რიგში, სამსახურში ბავშვი თქვენ გხედავთ სულ სხვა ამპლუაში, რაც ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ. მეორე, ბავშვი სწავლობს მაგალითით, ხოლო შრომისმოყვარე მშობლის ნახვა, ძალიან კარგი მაგალითია იმისათვის, რომ აღვზარდოთ შრომისმოყვარე შვილები. მესამე, კარგი იქნება, თუ თქვენს შვილს დაავალებთ რაიმე საქმეს თქვენს სამსახურში. ეს მათ დაუკმაყოფილებს დიდობის განცდას; თუ საქმე კარგად გამოუვა (ეს კი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული), აუმაღლებს თვითშეფასებას, სამსახურის გარდა, კარგია არდადეგებზე დროის ერთად გატარება. არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება. გაიყოლეთ ბავშვი თქვენთან ერთად საქმეებზე, დაგინახოთ რით ხართ დაკავებული დღის განმავლობაში. არა უშავს, თუ დაიღლება. ეს იქნება კარგი, თვალსაჩინო მაგალითი მათთვის, თუ რამდენს აკეთებთ თქვენ დღის განმავლობაში. თან დროსაც გაატარებთ ერთად, შიგადაშიგ ისაუბრებთ საინტერესო თემებზე, თან დროც გავა და თან უფრო დამეგობრდებით კიდეც.
დაგეგმეთ 1-2 დღიანი ექსკურსიები. ეს არც დიდ ხარჯებს მოითხოვს და არც რთული გასაკეთებელია. ასაკიდან გამომდინარე, დააგეგმვინეთ ბავშვს ექსკურსიის ნაწილები თვითონ: აარჩევინეთ ადგილი სად წახვიდეთ, დააგეგმვინეთ სად და როგორ ისადილებთ, გაამზადებინეთ თან წასაღები ხემსი და სხვა. ასე დაგეგმილ გასვლაზე, ბავშვი უფრო დიდი სიამოვნებით გამოგყვებათ და უფრო მეტ გამოცდილებასაც შეიძენს.
წაახალისეთ ბავშვები, რომ დრო გაატარონ მეგობრებთან ერთად. დაპატიჟეთ ისინი თქვენთან სახლში, ან გაუშვით თქვენი შვილი მეგობრებთან სტუმრად. გაუშვით ისინი მეგობრებთან ერთად სასეირნოდ. თუ გაგიმართლათ, და თქვენს კორპუსს აქვს ეზო, ჩაუშვით ეზოში მაქსიმალურად დიდი ხანი.
თუ ქალაქიდან ვერ გადიხართ, შეგიძლიათ ბავშვი ატაროთ სხვადასხვა წრეებზე, ასეთი ბევრია ზაფხულის განმავლობაშიც. ოღონდ გახსოვდეთ, ზაფხული არის გასართობი დრო, ამიტომ წრეებიც შესაბამისად აარჩიეთ. სწავლა მთელი წელიც ეყოფათ მათ. ასეთი პროგრამა ჩვენც გვაქვს ამონაშვილის აკადემიაში. თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ შემოიხედოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე.
მიეცით თავისუფლება. სკოლა, პრაქტიკულად, მთელი წლის განმავლობაში, უზღუდავს ბავშვებს თავისუფლების დიდ ნაწილს. მიეცით თქვენს შვილებს საშუალება, გაატარონ ზაფხულის დღეები ისე, როგორც მათ გაუხარდებოდათ. და ნუ შეგეშინდებათ, თუ ის დღეს ცოტა უფრო მეტს ითამაშებს კომპიუტერთან, ან უფრო მეტ ფილმს, თუ სერიალს ნახავს. არ იდარდოთ, სექტემბერში სკოლა ისევ დაიწყება და ამის დრო მათ აღარ ექნებათ, ასე რომ ვაცადოთ ბავშვებს ჰქონდეთ ბავშვური არდადეგები. რომ გაიზრდებიან, დაგეგმილი შვებულებები მერეც ეყოფათ.
თუ ასაკი და სახსრები საშუალებას გაძლევთ, მთელი გულით გირჩევთ, გაუშვათ ბავშვები საზაფხულო ბანაკში. ეს ისეთი გამოცდილება და ემოციებია, რომელიც მათ, მთელი ცხოვრება თან გაჰყვება – ისინი უკვე დიდები არიან, მარტო მიდიან მეგობრებთან ერთად დასასვენებლად.
განსაკუთრებულ ბანაკს ჩვენც ვპირდებით ბავშვებს 21-28 აგვისტოს, სადაც ბავშვები ხვდებიან “მზიანეთის” ჯადოსნურ სამყაროში. მეტი დეტალებისთვის, დაგვიკავშირდით ამონაშვილის აკადემიაში და ყველაფერს მოგიყვებით.
თუ კი გაქვთ სოფელი, იქ გყავთ მოსიყვარულე ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდა ან სხვა ვინმე, გაუშვით ბავშვები სოფელში. სოფელი უნიკალური ადგილია, სადაც ბავშვი ახლოს არის ბუნებასთან, იცნობს სხვა ბავშვებს, ეზიარება სხვანაირ ცხოვრების წესს. თუ გაქვთ ამის საშუალება, აუცილებლად, გაუშვით ბავშვი სოფელში. თან რაც შეიძლება დიდი ხანი. სოფელში დასვენება, ბავშვებისთვის, შეიძლება, ბევრად უფრო მეტის მომცემი იყოს, ვიდრე ნებისმიერ ფეშენებელურ სასტუმროში წასვლა.
დაიმახსოვრეთ, ტყუილად სულაც არ შრომობთ მთელი წელი. გამოიყენეთ თქვენი გამომუშავებული ფული და, თუ კი გაქვთ საშუალება, წადით დასასვენებლად თქვენს შვილებთან ერთად, რამდენიც შეგეძლებათ (რამდენიმე დღე, თუ თვე). ეცადეთ, ყოველ წელს წახვიდეთ სხვადასხვა ადგილებში, შეაგროვოთ ახალ-ახალი ემოციები, გაიცნოთ ახალ-ახალი ადგილები, იქნება ეს საქართველოს შიგნით, თუ, მის საზღვრებს გარეთ. და ბოლოს, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, თქვენი საზაფხულო არდადეგები. რა გახსენდებათ? რომელი მოგონებაა ყველაზე მხიარული, ძვირფასი? კი, დრო შეიცვალა, თუმცა ბავშვები, ბავშვები არიან და ზაფხული, ზაფხულია. გაერთეთ თქვენც მათთან ერთად. ზაფხული გართობის დროა. მაქსიმალურად, ჩამოიშორეთ დარდები და ისიამოვნეთ. და გახსოვდეთ, ბედნიერება ჩვენი არჩევანია!