LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გვაყალიბებს ჩვენი ადრეული ურთიერთობები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

414
ქეთი ბოკერია

როგორ გვაყალიბებს ჩვენი ადრეული ურთიერთობები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ქეთი ბოკერიამ ისაუბრა.

რა გავლენა აქვს ადრეულ კავშირებს აღმზრდელებსა და ჩვილებს შორის?

ადრეულ კავშირებს, რომელიც აღმზრდელებსა და ჩვილებს შორის ყალიბდება, აქვს უზარმაზარი გავლენა ადამიანზე, რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. პირველადი ურთიერთობით ჩვილი სწავლობს, რომ აღმზრდელი საიმედოა, რაც ბავშვს უქმნის უსაფრთხოების განცდას და საფუძველს შეისწავლოს სამყარო. აღმზრდელთან პირველადი ურთიერთობა ბავშვისთვის ფაქტობრივად სამყაროს აღქმის მოდელია. ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის მოდელი გავლენას ახდენს ადამიანზე და მის ურთიერთობებზე გარშემომყოფებთან მოზრდილ ასაკშიც.

მიჯაჭვულობა ემსახურება ჩვილის დედასთან ახლოს ყოფნას, რითაც უზრუნველყოფს ბავშვის გადარჩენას, რადგან ბავშვი გარკვეულ ასაკამდე მთლიანად მზრუნველზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ იარსებოს. მომვლელი უზრუნველყოფს ჩვილს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსით. დედამ შეძლებისდაგვარად უნდა ამოიცნოს ბავშვის მოთხოვნილებები და მოახერხოს მისი დროული დაკმაყოფილება, ეს შეიძლება იყოს ძილით, საკვებით, სითბოთი უზრუნველყოფა. ჩვილი დედასთან ურთიერთობით სწავლობს, რომ მისი მოთხოვნილებები დანახული და უზრუნველყოფილია.

ობიექტთან ურთიერთობის თეორია – გვიყვება იმაზე, რომ ეს პირველი ურთიერთობები არ მთავრდება იქ, სადაც რეალური კავშირი მთავრდება. ისინი ჩვენში რჩებიან. ჩვენი ფსიქიკა სავსეა იმ ადამიანების ემოციური ანარეკლებით, ვინც გვიყვარდა ან გვტკენდა ბავშვობაში. მათ ვეძახით „შიდა ობიექტებს“ – და ხშირად ისინი გვმართავენ. ხანდახან – ხმამაღლა, ხანდახან – ჩუმად.

ობიექტთან ურთიერთობის თეორია ემყარება რწმენას, რომ ყველა ადამიანს აქვს შინაგანი, ხშირად არაცნობიერი, ურთიერთობების სამყარო, რომელიც განსხვავებულია გარე სამყაროს ურთიერთობებისგან და, მრავალი თვალსაზრისით, უფრო ძლიერი ზეგავლენის მქონეა ადამიანზე, ვიდრე გარე, „რეალური“ სამყარო და ურთიერთობები. მართალია, რომ ობიექტთან ურთიერთობა ნაწილობრივ ეხება სხვებთან გარე ურთიერთობების სირთულესაც, მაგრამ ასევე მოიცავს საკუთარ თავსა და სხვას შორის ურთიერთობის მთელს შინაგან სამყაროს და იმ გზებს, რომლითაც სხვები გახდნენ ადამიანის ,,სელფის“ ნაწილი. ეს ჩანს ადამიანის ფანტაზიებში, სურვილებში და შიშებში, რომლებიც მოიცავს სხვა ადამიანების (ობიექტის) გამოსახულებებს ან წარმოდგენებს.

შინაგანი სამყარო მოიცავს წარმოდგენებს საკუთარი თავისა და სხვების შესახებ.

ეს წარმოდგენები შექმნილია გამოცდილებით, მოგონებებითა და იდეებით გარე სამყაროს შესახებ, მაგალითად, მეხსიერების გამოსახულებები დედის კვებაზე, ჩახუტებაზე და ა.შ.

ერთიანდება დედის ობიექტის წარმოდგენაში. ანალოგიურად, საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენები, რომელიც შინაგანად განიცდება – „მე ვარ თბილი და მოსიყვარულე“ ან „მე ვარ ეგოისტი და ბოროტი“ – აქედან ფორმირდება თვითწარმოდგენა. ეს წარმოდგენები შიდა სამყაროს შინაარსებს წარმოადგენს და „სამშენებლო მასალაა“, საიდანაც საბოლოოდ ყალიბდება ურთიერთობა საკუთარ თავთან და სხვებთან.

ჩვილის დედაზე დამოკიდებულების კლასიფიკაცია, 3 ეტაპი:

  1. „აბსოლუტური დამოკიდებულება“
  2. „შედარებითი დამოკიდებულება“
  3. „დამოუკიდებლობისკენ“

დონალდ ვინიკოტის ცნობილი ტერმინი – „საკმარისად კარგი დედა“.

რას გულისხმობდა დონალდ ვინიკოტის ეს ტერმინი?

„საკმარისად კარგი დედა არის ის, ვინც ახდენს აქტიურ ადაპტაციას ჩვილის მოთხოვნილებებთან, აქტიური ადაპტაცია, რომელიც თანდათან მცირდება ჩვილის უნარების ზრდის შესაბამისად” ანუ ჩვილის ზრდასთან ერთად დედის როლიც შესაბამისად იცვლება. დედა, რომელიც უქმნის ბავშვს ისეთ გარემოს, სადაც ბავშვი მოახერხებს მისგან სეპარაციას და დედისგან განცალკევებული იდენტობის განცდის განვითარებას.

მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ ჯანსაღი მიჯაჭვულობა მოიაზრებს როგორც დედასთან მჭიდრო, უსაფრთხო და დამაკმაყოფილებელ ურთიერთობას, ასევე აღმზრდელის მიერ იმ სივრცის შექმნას, რომელშიც შვილი მოახერხებს მისგან სეპარირებას.

როდესაც ვსაუბრობთ სივრცეზე დედასა და ჩვილს შორის, უნდა აღვნიშნოთ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მამას ან მამის ობიექტს. მამას არსებითი როლი აქვს ჩვილსა და დედის შორის სივრცის შექმნაში, რათა ხელი შეუწყოს ბავშვს თანდათანობით გამოეყოს დედას და მიიღოს საკუთარი ვინაობა, გახდეს ცალკე ინდივიდი.მამობრივი ურთიერთობა ბავშვის მიერ ხდება გაშინაგანებული, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი ობიექტი, ხელს უშლის პათოლოგიურ შერწყმას საკუთარ თავსა და დედობრივ ობიექტს შორის.

ორივე თეორია ამბობს, რომ ეს ყველაფერი არ არის სამუდამო.

ისტორიის და წარსულის ცვლილება შეუძლებელია, მაგრამ ეს არც უნდა წარმოადგენდეს თერაპიის ამოცანას. თერაპიის ამოცანა მდგომარეობს მიღებაში. ადამიანი ერკვევა საკუთარ წარსულში, ადრეულ გამოცდილებებში, რის შედეგადაც შესაძლებელს ხდის შეცვალოს ის, რაც ბავშვობაში ვერ მიიღო.

ნელ-ნელა, საკუთარ თავზე მუშაობით, პიროვნული ზრდით იცვლება ჩვენი პასუხი გარე რეალობაზე, შესაძლებელი ხდება ზრდასრულ ასაკშიც ადამიანი თავადვე გახდეს საკუთარ თავზე მზრუნველი, „საკმარისად კარგი მშობელი“.

როგორ მუშაობს ფსიქოანალიტიკური თერაპია

ფსიქოანალიტიკურმა თერაპიამ კარგად იცის, რომ ჩვენი ცხოვრება არა მხოლოდ რეალურ ადამიანებთან ურთიერთობებით შენდება, არამედ იმ შინაგან„ობიექტებთანაც“, რომლებიც წარსულიდან ჩვენს ფსიქიკაში ცხოვრობენ.

თერაპია გვეხმარება:

  • შევამჩნიოთ ეს შიდა ხმები, რომლებიც ხშირად უკვე ავტომატურად გვმართავენ
  • დავუკავშიროთ ისინი რეალურ გამოცდილებას: მაგ: რატომ მოქმედებს ერთი სიტყვა ასე ძლიერ? რატომ ვშორდებით იმ ადამიანებს, ვინც გვიყვარს?
  • გავაცნობიეროთ ჩვენი ურთიერთობის სტილი – ვებღაუჭებით, ვშორდებით, თუ ვერ ვენდობით?

თერაპევტთან ურთიერთობა ახალი კავშირის მოდელს ქმნის, რითაც ადამიანი სწავლობს, რომ კავშირი შეიძლება იყოს სტაბილური, ემოციების ატანის უნარიანი და თბილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g