LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახური ძალადობის მსხვერპლს?

108

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრებს სთავაზობს – ამის შესახებ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მკვლევარმა, ირინა ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ადამიანი ძალადობის მსხვერპლია, მას შეუძლია, დარეკოს 116 06-ზე, რომელიც ანონიმური ნომერია და მიიღოს როგორც ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურება, ასევე – ინფორმაცია და ინსტრუქცია, როგორ მოიქცეს.

“სახელმწიფოს დახმარება მოიცავს ასევე პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას. თუ საჭიროა, მსხვერპლს, შვილებთან ერთად, თავშესაფარში გადაიყვანენ” – განაცხადა ირინა ჯაფარიძემ.

რაც ეხება მოძალადისაგან დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს. როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, შემაკავებელ ორდერებს იყენებენ სამართალდამცავი ორგანოები, რაც მოძლალადისაგან დაცვის საშუალებაა და ძალადობის პრევენცია. თუმცა ირინა ჯაფარიძე აქვე განმარტავს, რომ ბუნებრივია, ეს ვერ იქნება 100%-იანი დაცვის გარანტია.

“სახელმწიფო კანონმდებლობის დახვეწაზეც მუშაობს. კერძოდ, კანონდმებლობაში შემოდის ახალი ცნებები, მაგალითად, ადევნება. საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არსებობს გამოწვევებიც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოების ცნობიერება, კერძოდ, მოქალაქეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობა კონკრეტული ოჯახის პრობლემაა და ისინი კიცხავენ მსხვერპლს, თუ ის ამაზე ხმამაღლა საუბრობს” – განაცხადა ირინა ჯაფარიძემ.

ოჯახური ძალადობის შემთხვევები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, კერძოდ, შეინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ოჯახური ძალადობის 901 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ეს რიცხვი 982-მდე გაიზარდა.

ძალადობის შემთხვევებზე პოლიციამ 1894 შემაკავებელი ორდერი გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g