საქართველოს პატრიარქის სააღდგომო და საშობაო ეპისტოლეებს, როგორც წესი, საზოგადოება ყოველთვის აქტიურად განიხილავს. განსაკუთრებით ხშირია პოლიტიკოსების შეფასებები, რომლებიც ილია მეორის ყოველი ქადაგების შემდეგ ფიქრობენ, რომ პატრიარქმა სწორი აქცენტები გააკეთა და ზუსტად იმაზე ისაუბრა, რაც ქართველ ერს იმ მომენტში სჭირდებოდა.
როგორ იცვლებოდა წლიდან წლამდე ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეების შინაარსი და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებულ რა მთავარ თემებს ეხმაურება ხოლმე პატრიარქი ყოველწლიურად – ილია მეორის ბოლო რამდენიმე წლის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი აქცენტები რადიო „ფორტუნამ“ შეაჯამა.
ყოველთვის, როდესაც საზოგადოებაში საუბარი იწყებოდა აბორტის აკრძალვაზე, რასაც ქალთა უფლებების დამცველები ეწინააღმდეგებოდნენ, პატრიარქი თავის ქადაგებებში აქცენტს სწორედ აბორტზე აკეთებდა. ასე იყო 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლეშიც, სადაც ილია მეორე ხაზგასმით ამბობდა, რომ აბორტი მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა.
„ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში“.
ამავე ეპისტოლეს ერთ-ერთი მთავარი თემა სათამაშო ბიზნესი იყო. ბოლო წლებია, საზოგადოებაში მსჯელობენ, უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინკაზინოები, რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს ზოგადად სათამაშო ბიზნესზე, იყო ინიციატივებიც, რომ სამორინეები სადმე სპეციალურ ზონაში გადაეტანათ. 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ბრძანა, რომ ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალსა და პრობლემებში ვარდებიან. ილია მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა, თავისი სიტყვა თქვას ამ მიმართულებით და დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი.
2016 წლისთვის, როგორც ჩანს, ეს საკითხები აქტუალური აღარ იყო და პატრიარქმა ამჯერად აქცენტი სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე გააკეთა. სააღდგომო ეპისტოლეში საუბარია ოჯახური მეურნეობების წახალისებაზე, მცირე საწარმოების ამოქმედებასა და ამ მხრივ სახელმწიფოს როლზე.
„სასურველი იქნება, თუ თითოეულ რეგიონს თანხის გარკვეული რაოდენობა გამოეყოფა და თავდაპირველად სახელმწიფოვე იზრუნებს გასაღებაზე ორიენტირებული და ამ მხარისთვის ყველაზე მომგებიანი მიმართულების განვითარებაზე”.
ამავე წელს, პატრიარქი თვითმკვლელობების გახშირებულ ფაქტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებში ემოციური ფონი გაძლიერებულია. ილია მეორემ მშობლებს მოუწოდა, ამ პერიოდში შვილებს მეტი ყურადღება დაუთმონ, თუმცა იქვე ბრძანა, რომ მოზარდებისთვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს.
„ეს ის ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანადგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც“.
2017 წელს პატრიარქი არც ერთ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოვლენას არ გამოხმაურებია, არც ხელისუფლების საქმიანობის მიმართ გამოუთქვამს მოსაზრებები ან რჩევები. ილია მეორემ აქცენტი პატივმოყვარეობაზე გააკეთა, რასაც ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული უწოდა. მან მორწმუნეებს მოუწოდა, ეგოიზმს განუდგნენ. ეპისტოლეში ილია მეორემ უპატიებელ ცოდვაზე – სასოწარკვეთასა და თვითმკვლელობაზეც ისაუბრა და ბრძანა, რომ ამ ადამიანებს არასწორი აზროვნება აქვთ. პატრიარქის აზრით, მთავარი შეცდომა ისაა, რომ ისინი მარტო ცდილობენ, სიძნელეებს შეეჭიდონ.
ეპისტოლეს ბოლო ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სინანულზე, როგორც ზეციურ ნიჭსა და წყალობაზე. „უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა“.
2017 წლისგან განსხვავებით, 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ილია მეორე არაერთ მიმდინარე საკითხს გამოეხმაურა. ქადაგების დასაწყისში პატრიარქმა ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებისა და ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენციაზე ისაუბრა. ეპისტოლეში მან ჟურნალისტებიც ახსენა და აღნიშნა, რომ მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიას და უზნეობას, ბილწსიტყვაობას, საჯარო შეურაცხყოფას და ცინიზმს.
2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ადგილი დაეთმო ეკლესიის მიმართ შეტევაზე საუბარსაც. პატრიარქმა ბრძანა, რომ არის მცდელობა, ხალხს მისდამი (იგ. ეკლესია) სიყვარული შეურყიონ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და ამის ფონზე საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო. ამას მოჰყვა პოლიტიკოსების ნაწილის, კერძოდ კი, ოპოზიციური პარტიების ღიად საუბარი ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნაზე. ილია მეორემ 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღება ამ თემასაც დაუთმო.
პატრიარქი ამბობდა, რომ ინსტიტუციურად ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ. ეს ურთიერთობა ილია მეორემ სულისა და სხეულის კავშირს შეადარა.
2018 წელს პატრიარქი აბორტის თემას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო განწყობის შექმნა. ეპისტოლეში მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავებაზეცაა საუბარი, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
წელს კი პატრიარქმა მთავარი აქცენტი ათეიზმის გაძლიერებაზე გააკეთა. სააღდგომო ეპისტოლეში ხაზგასმულია, რომ მრავლად არიან, ვინც ღვთის არსებობას უარყოფენ, ან მას სამართალს უწუნებენ. ილია მეორემ ბრძანა, რომ შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადაურჩები.
ეპისტოლეში ერთი აბზაცი თაობათა შორის ბრძოლასაც ეხება, სადაც საუბარია, რომ უფროსებს ჰგონიათ, მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა, შვილებს კი მიაჩნიათ, რომ მათ თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი ყოფა.
2019 წლის ეპისტოლეში ერთ-ერთი მთავარი თემა მეორედ მოსვლა იყო. პატრიარქი ამბობს, რომ ეს მაშინ მოხდება, როდესაც ადამიანთა შორის უკიდურესი სიმძაფრით გამოვლინდება ცოდვა.
„რაც შეეხება ქვეყნიერების აღსასრულის ზუსტ დროს, იგი დაფარულია თვით ანგელოზებისთვისაც, თუმცა ცალკეული წინასწარი ნიშნები ამ დღის დადგომისა განკაცებულმა უფალმა გვაუწყა”.