ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი გვიზიარებს ინფორმაციას, თუ როგორ იმოქმედებს 12 აგვისტოს ლომის ნიშანში მზის დაბნელება ზოდიაქოს სხვადასხვა წარმომადგენლებზე.
„დღეს განვიხილავთ, როგორ შეიძლება 12 აგვისტოს ლომის ნიშანში მზის დაბნელება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრებაში გამოვლინდეს.
რადგან თითოეული ნიშნისთვის დაბნელება ცხოვრების განსხვავებულ სფეროს ააქტიურებს, მისი გავლენაც სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: ვიღაცისთვის ეს იქნება ცვლილებები ურთიერთობებში, ვიღაცისთვის სამსახურში, ფინანსებში, სახლში ან პირად გეგმებში.
დღეს განვიხილავთ პირველ ექვს ნიშანს ვერძიდან ქალწულამდე, ხვალ კი დანარჩენ ექვს ნიშანს გავაგრძელებთ.
და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ეს არის პროგნოზი კონკრეტულად 12 აგვისტოს მზის დაბნელებისთვის და არა დაბნელებების მთელი კორიდორისთვის.
ნახეთ თქვენი ნიშანი, მოუსმინეთ საკუთარ თავს და კომენტარებში გაგვიზიარეთ, რა გეხმიანებათ ყველაზე მეტად.
♈️ ვერძი
ვერძებისთვის დაბნელება ააქტიურებს სიყვარულის, შემოქმედების, შვილების, სიამოვნებისა და საკუთარი პროექტების თემებს.
შეიძლება გაჩნდეს ძლიერი სურვილი, ბოლოს და ბოლოს, დაკავდეთ იმით, რაც ნამდვილად მოგწონთ და არა მხოლოდ იმით, რაც „უნდა გააკეთოთ“.
შემოქმედებით იდეას, ჰობის ან დიდი ხნის ოცნებას შესაძლოა ახალი იმპულსი მიეცეს.
პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. ახალი ნაცნობობა შეიძლება განსაკუთრებული აღმოჩნდეს, ხოლო არსებული ურთიერთობა — ახალ ეტაპზე გადავიდეს. ზოგიერთისთვის კი პირიქით, აშკარა გახდება, რომ კონკრეტულ ურთიერთობას უკვე აღარ მოაქვს სიხარული.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება შვილებთან დაკავშირებული საკითხები — შესაძლოა გაჩნდეს ახალი გარემოება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ან შეიცვალოს თქვენი ურთიერთობა შვილთან.
მაგრამ მთავარი გზავნილი ასეთია: დაიბრუნეთ ცხოვრებაში სიამოვნება.
ნუ გადააქცევთ ყველაფერს კიდევ ერთ პროექტად, რომელიც აუცილებლად იდეალურად უნდა შეასრულოთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, უბრალოდ გინდოდეთ, გაიხაროთ, ითამაშოთ და შექმნათ.
რჩევა ვერძებს: ჰკითხეთ საკუთარ თავს — რას გააკეთებდით სიამოვნებით, მაშინაც კი, თუ ამის გამო ვერავინასოდეს შეგაქებდათ?
♉️ კურო
ლომში მზის დაბნელება კუროს ნიშანთან დაძაბულ კავშირს ქმნის, ამიტომ ცვლილებები შესაძლოა მშვიდ განახლებად კი არა, ისეთ სიტუაციად იგრძნოთ, როდესაც ძველი საყრდენი ისე ვეღარ მუშაობს, როგორც ადრე.
წინა პლანზე გამოდის სახლი, ოჯახი, მშობლები, უძრავი ქონება, საცხოვრებელი ადგილი და უსაფრთხოების განცდა.
შესაძლოა იყოს გადასვლა, რემონტი, უძრავი ქონების ყიდვა ან გაყიდვა, ოჯახური მდგომარეობის ცვლილება.
თუმცა ცვლილება შეიძლება შინაგანიც იყოს — ერთ დღეს შეიძლება გააცნობიეროთ, რომ აღარ გსურთ ძველი ოჯახური წესებით ცხოვრება.
განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება გახდეს კითხვა:
🏠 „ჩემთვის სინამდვილეში რა არის სახლი?“
შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდეს სურვილი, შეინარჩუნოთ ნაცნობი გარემო და აუცილებლობა, რომ წინ წახვიდეთ.
ნუ ეცდებით ყველაფრის შენარჩუნებას მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენთვის ნაცნობია. ზოგჯერ სწორედ ცვლილების შიში გვაიძულებს ძალიან დიდხანს ვიცხოვროთ ისეთ გარემოებებში, რომლებმაც უკვე შეწყვიტეს ჩვენი კომფორტის შექმნა.
🔮 რჩევა კუროებს: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ნუ მიიღებთ სტაბილურობის დაკარგვის შიშით. ჯერ განსაზღვრეთ, როგორი საყრდენის შექმნა გსურთ საკუთარი მომავლისთვის.
♊️ ტყუპები
ტყუპებისთვის იწყება ახალი ეტაპი კომუნიკაციის, სწავლის, დოკუმენტების, მგზავრობებისა და ინფორმაციის სფეროებში.
შესაძლოა მიიღოთ მნიშვნელოვანი სიახლე, გაიცნოთ ახალი ადამიანები, დაიწყოთ სწავლა, მოაწესრიგოთ დოკუმენტები, შეიცვალოთ ჩვეული მარშრუტი ან უბრალოდ ძალიან ბევრი გადაადგილება მოგიწიოთ.
შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, ისწავლოთ ის, რაც დიდი ხანია გაინტერესებთ, დაიწყოთ წერა, ბლოგის წარმოება, სწავლება, საჯაროდ საუბარი ან უფრო აქტიურად გამოიყენოთ სოციალური ქსელები.
✨ თქვენს სიტყვებს ამ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
მაგრამ არსებობს მეორე მხარეც: დაბნელების პერიოდში მიღებული ინფორმაცია ყოველთვის არ არის სრული ან საბოლოო. ამიტომ ნუ იჩქარებთ ყველაფრის დაჯერებას და განსაკუთრებით — გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას.
წინა პლანზე შეიძლება წამოვიდეს ურთიერთობები და-ძმებთან ან ახლო ნათესავებთანაც.
🔮 რჩევა ტყუპებს: ისაუბრეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ მანამდე ფაქტები გადაამოწმეთ.
♋️ კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის დაბნელება ეხება ფულს, შემოსავლებს, ქონებას და საკუთარი ღირებულების განცდას.
შესაძლოა შეიცვალოს შემოსავლის წყარო, გაჩნდეს ახალი შესაძლებლობა ფულის გამომუშავებისთვის ან, პირიქით, აშკარა გახდეს, რომ შემოსავლის ძველი გზა უკვე აღარ მუშაობს.
ეს კარგი პერიოდია პროფესიული უნარების გადაფასებისა და იმის დასაფიქრებლად, როგორ შეიძლება თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები შემოსავლის წყაროდ აქციოთ.
მაგრამ დაბნელება მხოლოდ ფულზე არ საუბრობს.
ეს პერიოდი ასევე გვაფიქრებინებს საკუთარ ღირებულებაზე:
💭 „სინამდვილეში რამდენად ვაფასებ საკუთარ თავს?“
ზოგჯერ ადამიანი წლების განმავლობაში თანხმდება ნაკლებზე — სამსახურში, ურთიერთობებში ან საკუთარი შრომის ანაზღაურებაში — მხოლოდ იმიტომ, რომ ამას უკვე ნორმად მიიჩნევს.
დაბნელებამ შესაძლოა სწორედ ასეთი შინაგანი წესების გადახედვა დაგაწყებინოთ.
🔮 რჩევა კირჩხიბებს: ნუ შეგეშინდებათ ფულისა და საკუთარი ღირებულების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის. თუმცა მოერიდეთ იმპულსურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს.
♌️ ლომი
ლომებისთვის ეს ყველაზე პიროვნული დაბნელებაა.
დაბნელება პირდაპირ თქვენს ნიშანში ხდება და შეიძლება გახდეს პიროვნული „გადატვირთვის“ წერტილი — შეიცვალოს თქვენი თვითაღქმა, მიზნები, გარეგნული იმიჯი, ქცევა და ის ადგილი, რომლის დაკავებაც გსურთ სამყაროში.
ამავდროულად, თქვენს ნიშანში იმყოფება სამხრეთი კვანძი, ამიტომ ახალთან ერთად ჩნდება ძველის გაშვების აუცილებლობაც.
შეიძლება ერთ დღეს საკუთარ თავს უთხრათ:
💭 „აღარ მინდა ვიყო ის ადამიანი, როგორადაც სხვები მიცნობენ.“
შეიძლება შეიცვალოს გარეგნული იმიჯი, სამსახური, გარემოცვა, ურთიერთობები ან ცხოვრების მიმართულება.
მაგრამ მთავარი ცვლილება შიგნით ხდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება პირადი ავტორიტეტის თემა.
ლომებს მოუწევთ გადაწყვიტონ, სად გამოხატავენ საკუთარ ნამდვილ თავს და სად აგრძელებენ ნაცნობი როლის თამაშს — ძლიერი, წარმატებული, შეუცვლელი და ყოველთვის თავდაჯერებული ადამიანის.
აქ მნიშვნელოვანია, ნამდვილი ძალა არ აგერიოთ მუდმივად რაღაცის დამტკიცების აუცილებლობაში.
🌟 იუპიტერი ლომში აძლიერებს ზრდის, საკუთარი თავის გამოხატვისა და უფრო თვალსაჩინო გახდომის სურვილს.
ეს ხელსაყრელი დროა საკუთარი პროექტისთვის, შემოქმედებისთვის, საჯარო საქმიანობისთვის, სწავლებისთვის და პირადი ბრენდის განვითარებისთვის.
თუმცა დაბნელებამ შესაძლოა მოგთხოვოთ ძველი ამბიციების ნაწილის გაშვება, რათა ახალს ადგილი გაუთავისუფლოთ.
🔮 რჩევა ლომებს: ნუ ეცდებით სამყაროს დაუმტკიცოთ, ვინ ხართ. ჯობია გულწრფელად გადაწყვიტოთ — ვინ გსურთ გახდეთ შემდეგ ეტაპზე.
♍️ ქალწული
ქალწულებისთვის ეს დაბნელება ძალიან განსაკუთრებულ სფეროში ხდება — დასრულებების, შინაგანი სამყაროს, წარსულისა და იმ ყველაფრის სფეროში, რაც ჩვეულებრივ კულისებს მიღმა რჩება.
ეს აუცილებელი არ არის, რომ ხმაურიანი გარე მოვლენების პერიოდი იყოს.
ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შიგნით ხდება.
შეიძლება გაჩნდეს სურვილი, განმარტოვდეთ, დაისვენოთ ადამიანებისგან, გადახედოთ წარსულს, დაასრულოთ ძველი საქმეები ან ბოლოს და ბოლოს გაუშვათ ის სიტუაცია, რომელსაც ძალიან დიდი ხანია საკუთარ თავში ატარებთ.
შესაძლოა გამოიკვეთოს აქამდე დამალული გარემოებები ან უფრო გასაგები გახდეს იმ მოვლენების მიზეზები, რომლებიც ადრე აუხსნელი გეჩვენებოდათ.
🌙 დაბნელება გეხმარებათ გათავისუფლდეთ იმისგან, რაც შეუმჩნევლად გართმევდათ ენერგიას:
▫️ ძველი შიშებისგან;
▫️ დანაშაულის განცდისგან;
▫️ ემოციური მიჯაჭვულობებისგან;
▫️ დაფარული განცდებისგან;
▫️ ყველაფრის მუდმივად კონტროლის სურვილისგან.
ნუ ეცდებით ახლა ყოველი თავისუფალი წუთი საქმეებით შეავსოთ.
ზოგჯერ არაფრის კეთებაც სამუშაოს ნაწილია.
მიეცით საკუთარ თავს უფლება, გაჩერდეთ და საკუთარ ფიქრებს მოუსმინოთ.
🔮 რჩევა ქალწულებს: დაასრულეთ, გაუშვით და ნუ გადაიტანთ ცხოვრების ახალ ეტაპზე იმას, რაც დიდი ხანია წარსულს ეკუთვნის.
🌑 12 აგვისტოს მზის დაბნელება ყველასთვის განსხვავებულად იმუშავებს.
მთავარია, არ ეცადოთ მოვლენების ძალით დაჩქარებას. ზოგჯერ დაბნელების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ რაღაცას სხვაგვარად გვანახებს და სწორედ ამის შემდეგ ვხვდებით, რა უნდა დავტოვოთ და საით უნდა წავიდეთ“, – წერს თამარ იოსელიანი.
