LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იზომება ტყვიის რაოდენობა ორგანიზმში და რამდენად საზიანოა მისი სიჭარბე – ენდოკრინოლოგი ნათია ქათამაძე გადაცემაში „პულსი“

631
ნათია-ქათამაძე

29 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი, ენდოკრინოლოგი ნათია ქათამაძე სტუმრობდა, რომელმაც ორ ელემენტზე – სელენისა და ტყვიის დადებით და უარყოფით თვისებებზე ისაუბრა. 

– ქალბატონო ნათია, ყველამ კარგად იცის მიკროელემენტების გავლენის, იმ დადებითი და უარყოფითი ცვლილებების შესახებ, რომელთაც ადამიანის ორგანიზმში იწვევენ. საინტერესოა, რა კატეგორიის ადამიანები მიეკუთვნებიან სელენის დეფიციტისა და ტყვიის სიჭარბის რისკჯგუფებს?

– მიკროელემენტები მართლაც უზარმაზარ გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. დღეს განსაკუთრებული პოპულარობით მიკრონუტრიენტი სელენი სარგებლობს, რომელსაც მასიურად მოვიხმართ დანამატების სახით. სელენი – ესენციური მიკროელემენტია, რომელიც აუცილებლად სჭირდება ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის, თუმცა ვერ გამოიმუშავებს დამოუკიდებლად და მხოლოდ საკვებიდან – მცენარეული და ცხოველური პროდუქტიდან იღებს. სწორედ ამიტომაა საჭირო საკვების დაბალანსება და რაციონში მცენარეული და ცხოველური პროდუქტის ერთნაირი რაოდენობით შეტანა. 

ხაზი მინდა გაუსვა სელენის მნიშვნელობას, რადგან ის არა მხოლოდ იმუნური და რეპროდუქციული სისტემის, არამედ ფარისებრი ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, სწორედ სელენი ითვლება სიმსივნესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად. მართალია, ბევრი ეჭვის თვალით უყურებს ამგვარ მოსაზრებას, მაგრამ უამრავი კვლევა ტარდება და საბოლოო დასკვნასაც მალე მივიღებთ. 

დადებითი თვისებების მიუხედავად მაინც არ ღირს სელენის ჭარბად მიღება, ოპტიმალური გამოსავალი სისხლში სელენის რაოდენობის განსაზღვრა და მისი შესაბამისი დოზით მოხმარებაა. სხვათა შორის, ჩვენმა კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა შეიძინა აპარატურა, რომელიც მსგავსი ანალიზის გაკეთებას ადგილობრივ ლაბორატორიაში უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ანალიზი მანამდეც კეთდებოდა, თუმცა მაშინ არტეფაქტები საზღვარგარეთ იგზავნებოდა რაც გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდა, რადგან 7-10-დღიანი ტრანსპორტირებისას არტეფაქტები იცვლებოდა ან ზიანდებოდა. სელენის დღიური ნორმა – 60-70 მიკროგრამს შეადგენს, დეფიციტის შევსება კი, პირველ რიგში მცენარეული საკვებით შეიძლება.  

– როგორ იზომება ტყვიის რაოდენობა ორგანიზმში და რამდენად საზიანოა მისი სიჭარბე?

– ტყვია მძიმე მეტალების ჯგუფს მიეკუთვნება, ამიტომ ძალიან რთულია მისი ნორმის განსაზღვრა. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია ტყვიის საერთოდ არ არსებობა ორგანიზმში, მაგრამ მსგავსი მაჩვენებელი პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ტყვია განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა სახიფათო, რადგან პატარები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ყველაფერს გემოს უსინჯავენ, ამასთანავე მათი ორგანიზმი ბევრად მგრძნობიარეა ტყვიის მიმართ, ვიდრე ზრდასრულებისა. მართალია, რისკჯგუფს პირველ რიგში ბავშვები მიეკუთნებიან, მაგრამ არანაკლებ სახიფათოა ტყვია ზრდასრულებისთვისაც, განსაკუთრებით ორსულებისთვის, რადგან ტყვიის ნეგატიური გავლენა სწორედ მუცლად ყოფნის დროს იწყება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს სათამაშოების, დეკორატიული კოსმეტიკის ან ჭურჭლის შეძენისას, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ეტიკეტი და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი არ შეიცავს ტყვიას. 

აღსანიშნავია, რომ ტყვიით მოწამვლას არ აქვს განსაკუთრებული სიმპტომები, რადგან მხოლოდ ზოგადი სისუსტით, მოთენთილობითა და მსუბუქი გულისრევით გამოიხატება. თუმცა, ბოლო დროის კვლევებმა დაადასტურა, რომ ბავშვების აგზნება და ჭირვეულობა, განვითარების და ქცევის დარღვევების 10-15% სწორედ ტყვიით მოწამვლას უკავშირდება. პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია სისტემატური – მინიმუმ წელიწადში ერთხელ შემოწმება, რათა დროულად აღმოვაჩინოთ ტყვია და ბავშვებთან ერთად ზრდასრულებსაც მოვაშოროთ მძიმე მეტალის შემცველი პროდუქტები. ჩვენს კლინიკაში მსგავსი ანალიზის ჩატარებაც შეიძლება, მთავარი დროული მომართვაა, მით უფრო, რომ მსგავსი ანალიზი ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები