LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიდის ოლიმპიადისთვის მზადება

52

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებს და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სამზადისს მიეძღვნა.

სასწავლო-საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და მზადების დასკვნითი ეტაპის გეგმებზე ისაუბრეს ძიუდოს, ჭიდაობის, მშვილდოსნობის, ტანვარჯიშის, ფარიკაობის და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციების პრეზიდენტებმა დავით ქევხიშვილმა, მანუჩარ კვირკველიამ, ხათუნა ნარიმანიძემ, კონსტანტინე ლაშხმა, არჩილ გოგელიამ და დავით რურუამ, მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბერიშვილმა.

აღინიშნა, რომ საოლიმპიადო სამზადისი მიმდინარეობს ნაყოფიერად, სეოკ-თან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით. სპორტულ ფედერაციებს, ნაკრებ გუნდებს და ცალკეულ სპორტსმენებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებულნი წარსდგნენ სპორტული ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებაზე და წარმატებით დაიცვან ჩვენი ქვეყნის სპორტული ღირსება.

ოლიმპიელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის, ანტისადოპინგო ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა და საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობის, საზეიმო გაცილების, მგზავრობის, ოლიმპიურ სოფელში განთავსების და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე აღმასკომს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა. ითქვა, რომ ოლიმპიური კომიტეტის სრული შემადგენლობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რათა შეუფერხებლად მოგვარდეს მიმდინარე საკითხები, ოპერატიულად გადაიჭრას ყველა პრობლემა.

გადაწყდა, რომ ოლიმპიური ფიცის დადების და დელეგაციის საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართება 23 ივლისს დიღომში, ახალი ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე. იმავე დღეს ქართველ ოლიმპიელებს უმასპინძლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

აღმასკომის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სეოკ-ის პრეზიდენტის, XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ლერი ხაბელოვის წინადადებას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშედ ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილის დამტკიცების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები