LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეცვალა ფატუნა გიორგაძემ გია ნიკოლაძის ცხოვრება: „ახალ კრებულს გამოვცემ, საიდანაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რატომ უნდა გამოვიწვიოთ ალი და როგორ დავიბრუნოთ ედემი…“

3817
გია-ნიკოლაძე

„ნიკოლშოუს“ ლიდერი, გია ნიკოლაძე სულ მალე საკუთარი ლექსების კრებულს გამოსცემს. გია ბოლო დროს ქართული სიტყვების მნიშვნელობამ და გარჩევამ გაიტაცა და მის შემოქმედებაში ამ ძიების შედეგსაც ნახავთ.

გიამ ბოლო დროს იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა, თმა გაიზარდა და ჩაცმის სტილიც აშკარად განსხვავებული აქვს.

როგორც ის ამბობს, ეს ყველაფერი მისი ახლო მეგობრის, დიზაინერ ფატუნა გიორგაძის დამსახურებაა.

ვისი დამსახურებაა, ასე რომ გამოიყურებით ბოლო დროს?

გია ნიკოლაძე: 

დედოფალი ფატუნასი!.. მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერი და საქართველოს სიამაყე, ფატუნა გიორგაძე არის ცემი უახლოესი მეგობარი. ფატუნას ვეკითხები ხოლმე, რა ჩავიცვა. მას ვუმადლი ყველაფერს. გრძელი თმაც მისი დამსახურებაა. ფატუნამ შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი, დამამშვიდა, დამაწყნარა და დამადინჯა. მისი ძალიან მადლობელი ვარ.

როგორი ცხოვრების სტილი გქონდათ და ახლა როგორი გახდა?

ჩემი ცხოვრების სტილი იყო შემოქმედებითი. ნამეტანი გადავარდნილი ვიყავი. ვბაძავდი გალაკტიონს მანერებსა და ქცევებში, სმაშიც, არა მხოლოდ გალაკტიონს… ვერც ვხედავდი ამაში ვერანაირ პრობლემას. ჩემი სფერო იყო. ახლა რომ ვუყურებ, ჭაობიდან ამოვედი, ფატუნამ ამომიყვანა ჭაობიდან. რადიკალურად შევიცვალე.

სასმელს აღარ ეტანებით?

არც სასმელს, არც არაფერს, სიგარეტსაც თავი დავანებე. ამ ბოლო დროს ვვარჯიშობ და ფორმაში უნდა ჩავდგე. ისე, თუ დაკვირვებიხართ სიტყვა ვარჯიშს?

არა, სამწუხაროდ, არ დავკვირვებივარ…

ვარ ჯიში, ანუ ჯიშიანი ვარო… წესიერი? წესი და ერი. საერთოდ, მე ფილოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ქართულ სიტყვებში გადავვარდი. იოანე ზოსიმე რომ ამბობს, ქართულ სიტყვებში დევს გასაღებიო, მგონი, ვიპოვე ეს გასაღები.

ეს თქვენს შემოქმედებაში როგორ გამოიხატება?

5000-ზე მეტი ლექსი დამიგროვდა უკვე. ახლა ვაპირებ, კრებული გამოვცე, ალბათ, სექტემბრისთვის. დაიმახსოვროს, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ჩემს მოკრძალებულ აზრს ვამბობ – ვფიქრობ, მარცვალი ალი არის გასაღები. სიტყვა უფალის მარცვალი არის ალი, ა და ლ, უფ-ალი… მაყვ-ალ-ი… კ-ალი-ია… ინდოელებს ჰყავთ ქალღმერთი, კალი. ალი ვიპოვე ყველგან. მე მგონი, ეგ არის… ლექსები მაქვს ალზე დაწერილი.

 

მუსიკალური სიახლეები გაქვთ?

მაქვს რამდენიმე სიმღერა, რომელიც ჰიტი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით, მაგრამ ვერ გავაჰიტე რატომღაც. ახალ სიმღერას ჯერჯერობით ვერ გპირდებით, მაგრამ ლექსების კრებულს, როგორც გითხარით, ვუმზადებ ჩემს მშობელ ხალხსა და სამშობლოს, რომელსაც არაფერში გავცვლი. ჩემს ხალხსაც არასდროს ვუღალატებ. ჩემს წიგნში იქნება საუბარი იმის შესახებ, რომ უფალი მეორედ მოვიდა სიტყვის სახით. საერთოდ, ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს, ხელოვნების ხედვა.

სიყვარული?

რა თქმა უნდა.

არის თქვენს კრებულშიც?

სიყვარული მაცოცხლებს.

ამჟამად ხართ შეყვარებული?

კი, კი… ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. დადგება დრო და თავად გეტყვით. ახლა ვარ ამ სტადიაში, ჩემს კრებულზე ფიქრის. მეგობრებო, იფიქრეთ, მარცვალ ალს მივაქციოთ ყურადღება, რომელიც მტარვალშიც ვიპოვე, ჯალათშიც, ხმალშიც და ხანჯალშიც, ძალადობაშიც. წყალი ასე გავშიფრე – წ – წმინდა, ყ – ყოვლად და ალი… მე, ზოგადად, ალი შავ ზღვაში შევამჩნიე. ის რადარებზეც ისახება. ეს არის ალი, რომელიც წყალს ამკრივებს და რომელმაც ქრისტეს ფერი უცვალა. ეს ალი უნდა გამოვიწვიოთ.

როგორ?

განწყობაზე მოდის და აზრებს კითხულობს. დადგება დრო, როდესაც საზოგადოებას ამას დაწვრილებით ავუხსნი. ამაზე პოემაც მაქვს დაწერილი, რომელიც ჩემს კრებულში ასევე მოხვდება. თუ გინდა, ჩამითვალომ ხმამაღლა ნათქვამად, მაგრამ არ ვარ ხიბლში, თავმდაბალი ადამიანი ვარ. მთავარი ამოცანა ამოვხსენი, მე მგონი, მთავარია, ამ საკითხმა ყურადღება მიიქციოს. მერე გამოჩნდება, სისულელეა თუ სიმართლე. თავს დავდებ და ვიტყვი, ეს არის ის, რისთვისაც კაცობრიობა არსებობს, რომ ეს გამოიცნოს, კარგად დავიწყებული ძველი დაიბრუნოს, ალი რომ გამოვიწვიოთ, ედემის დრო ბრუნდება, ტვინი იხსნება 100%-ით. 2004 წელს ზღვაში რომ შევდიოდი, სისტემატურად, ხუთი დღის განმავლობაში, ჩავწვებოდი წყალში და ვესაუბრებოდი ალს… მან იგრძნო და დამაწერინა ლექსები და პოემები… წყალში ალი რომ ბინადრობს, ამას ენა ქართული გვიმარტავს. არიან ძალები, რომლებმაც იციან, რომ ედემი უნდა დაბრუნდეს და ეს ალი დამწყვდეული ჰყავთ. რუსთაველი ამას წერს. სწორედ ეს ალია დამწყვდეული ქაჯეთის ციხეში. ეს რებუსები უნდა ამოვხსნათ.

როგორ ფიქრობთ, საზოგადოება გაიგებს ამ ყველაფერს?

ისიც ვიცი, რომ გიჟურად ჩანს ეს ყველაფერი და ზოგს გიჟი ვგონივარ, მაგრამ გარწმუნებთ, არ ვარ გიჟი…

 

ფატუნა გიორგაძესთან ერთად

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები