ვარდების რევოლუციიდან სამი წელი იყო გასული. „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ გამარჯვების ხიბლში იყო, მაგრამ 28 იანვრის ცივმა ღამემ ყველაფერი შეცვალა.
14 წლის წინ, 2006 წლის 28 იანვარს, ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად ახალგაზრდა მამაკაცის ნაწამები სხეული იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი, რომელიც წინა ღამით მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად შარდენის ქუჩიდან უცნობმა პირებმა ვერცხლისფერი “მერსედესით” გაიტაცეს.
გირგვლიანის გარდაცვალებამ საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა.
გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
„შეიქმნა ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლების იმიჯი. ცხადია, ამ საქმემ დააზარალა მაშინდელი ხელისუფლება და შეაკავშირა ოპოზიციური ძალები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ თუ ხელისუფლება ჩაიდენდა რაიმე ბოროტმოქმედებას, არანაირ სათანადო დასკვნას აქედან ვერ ან არ გამოიტანდა.
გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც ვკითხულობთ:
“სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“
“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, გირგვლიანის საქმეში ბრალი დაუმტკიცდა ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს. ის დამნაშავედ სცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის საქმეზე.
კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივ სიყალბეში. მას 7 წლითა და 6 თვით მიესაჯა პატიმრობა.
სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. მას ბრალად ედებოდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირებისთვის ციხეში შეღავათიანი და განსაკუთრებული პირობების შექმნა.
გასულ წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან არგადაყენება შეცდომა იყო. სააკაშვილს მიაჩნია, რომ გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებლობითი მკვლელობა იყო.
„ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა. ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება, ასეთი სიტუაციაა. სიტუაცია მართლაც რთული იყო. ორ-სამდღიანი ფიქრის შემდეგ, ავიღე ეს დარტყმა ჩემს თავზე. გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო ეს – მოდით, ვთქვათ, რაც იყო. ის ხალხი დაიჭირეს, ყველა, ვინც მონაწილეობდა და ციხეში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
კითხვაზე, რატომ გაუნახევრა სასჯელი გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ისინი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „ეს ბევრ სამხედროს შეეხო“.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ამჟამად თავს საზღვარგარეთ აფარებს, ამბობს, რომ გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ყოფილიყო, გადადგებოდა. ადეიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ნიკა გვარამიამ მოახერხა.
“ვანო მერაბიშვილის ადგილზე შენ რომ ყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, გადადგებოდი გირგვლიანის ქეისის შემთხვევაში?” , – ჰკითხა ნიკა გვარამიამ ზურაბ ადეიშვილს, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა:
“ალბათ, კი”…
მკვლელობა, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა, ის ჭაობი აღმოჩნდა, რომელშიც „ქართული ოცნებაც“ „ჩაითრია“.
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ჩაეტარებინა შესაბამისი გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის” გამოაშკარავებას შეძლებდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეში შალვა შავგულიძე თამაშის მონაწილე იყო.
მისი თქმით, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე იყო, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის მისჯილი სასჯელის ზომა სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, რაც ივანიშვილის შეფასებით, ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა უზენაესი სასამართლოს მაშინდელი მოსამართლისთვის, ლევან მურუსიძისთვის, რომ საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნება.
სანდრო გირგვლიანის საქმის ყოფილი ადვოკატი, შალვა შავგულიძის იმ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდა, რომელსაც ის წარსულში დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელებს უწოდებდა. 19 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპულმა საქართველოსა” და „თავისუფალმა დემოკრატების” პარტიის კანდიდატი სწორედ შალვა შავგულიძე იყო. გირგვლიანის საქმის ყოფილი ადვოკატი ლადო კახაძესთან დამარცხდა…
დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა. „ნაციონალური მოძრაობის“ “მესაფლავე” 42 წლის გახდებოდა.