დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე ევროკავშირის ჰიმნი პირველად შესრულდება. ამასთან, წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.
საქართველოსთვის განსაკუთრებულ დღეს დილიდან ულოცავენ საერთაშორისო პარტნიორები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.
საქართველომ თავისი მსოფლიოს მასშტაბით, თავისუფლების დაცვისას მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.
საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში.“– აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.
ქართველ კოლეგას, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის წევრებს უკრაინის მხარდაჭერისა და ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.
„უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში.
ასევე დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთმოგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და ჩვენს წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. გისურვებთ, ბატონო თავმჯდომარევ, წარმატებებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო თქვენს თანამემამულეებს – სტაბილურობასა და კეთილდღეობას.“– ნათქვამია უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მისალოც წერილში.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.
„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა მივულოცო თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და აღორძინება.“ – აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, ილჰამ ალიევი წერს, რომ აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები აგებულია ძლიერ საფუძვლებზე, როგორიცაა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლობა და ურთიერთდახმარება.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, ჩემი სახელით და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები თქვენ და თქვენს მთელ მოსახლეობას მეგობარი საქართველოს ეროვნული დღესასწაულის – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები აგებულია ძლიერ საფუძვლებზე, როგორიცაა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლობა და ურთიერთდახმარება. ეს წელი განსაკუთრებით გამორჩეულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში – აღვნიშნავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. მოხარული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობას.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების ნების ასახვით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში წარმატებით გაგრძელდება და წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ამ სადღესასწაულო დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მარადიულ კეთილდღეობას. პატივისცემით, ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი.“ – წერია მიმართვაში.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ ხალხს კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა.
„თქვენო აღმატებულებავ! გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!
მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ურღვევი გზა მნიშვნელოვანია სომეხი და ქართველი ხალხების საკუთარი იდენტობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების, ისტორიის რთულ პერიოდებში ერთმანეთის მხარდაჭერისა და მეგობრობის სულისა და არსისადმი ერთგულების თვალსაზრისით.
დარწმუნებული ვარ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველში არსებული მრავალფეროვანი თანამშრომლობის ეფექტური გამოცდილება, საჭირო ძალისხმევით, კვლავ გაგრძელდება ორმხრივად მოგებიანი მიღწევებით ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ და არსებული რეგიონული გამოწვევების დასაძლევად.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მოღვაწეობას, ხოლო საქართველოს მოძმე ხალხს კეთილდღეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი.
„პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები – იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – აღნიშნულია წერილში.
მატეუშ მორავეცკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას. პოლონეთის პრემიერი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შემდგომ გაძლიერებას, ხოლო მთავრობის მეთაურს ქვეყნის სამსახურში წარმატებას უსურვებს.
„რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ.“– აღნიშნავს მატეუშ მორავეცკი.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს. „გულითადად გილოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.“– წერს უწყება.
პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი. ლი კეციანის თქმით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება.
„ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება.
ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ურთიერთობებს და მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს.“– აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი ქვეყნის დღესასწაულთან – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – გადამწყვეტი.
მსურს გარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგომას. გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება.“– აღნიშნულია მისალოც წერილში.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად გისურვოთ თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ბედნიერება, კეთილდღეობა და მშვიდობა. თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი შეიგრძნობს რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს. ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა.
უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.
მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს.
ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე.
მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით.
მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არცერთ ფსევდორეფერენდუმს.
გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური.“ – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი წერილში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.