თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით 28 პროგრამას ახორციელებს. პროგრამების ფარგლებში ყოველთვიურად, საშუალოდ 100 000 პირი იღებს მომსახურებას. პროგრამების მნიშვნელობაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ისაუბრა.
რას მოიცავს დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამა?
ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ა.ა) მამოგრაფიულ გამოკვლევას, 2 პროექციაში და ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას; ა.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ბ.ა) გინეკოლოგის გასინჯვას და პაპ–ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით; ბ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიურ კვლევას და სხვა.
ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი. ამასთან, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი)
როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში ან მიმწოდებლის მიერ მოსარგებლის ორგანიზებულად მოზიდვის/მოწვევის გზით. პროსტატის კიბოს მართვის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება შესაძლებელია ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვის საფუძველზე, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება შესაძლებელია შესაბამისი რისკის მქონე ქალებისთვის, რომელიც აკმაყოფილებენ განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ კრიტერიუმებს.
რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?
დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება ფინანსდება სრულად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
რას გულისხმობს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამა?
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ და კვლევების, თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით) დაფინანსების უზრუნველყოფას.
ქვეპროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოსარგებლე პირმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: 1. მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); 3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა (რომელიც განცხადებით მიმართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე უნდა იყოს გაცემული.
რაც შეეხება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამას…
ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებას და ღონისძიებას: ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა; ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, კორექტირებული გეგმის წარდგენა, არაუგვიანეს შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვისა; გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული თერაპია (სეანსის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 საათი), რომლის თვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 450 ლარს.