როგორ ვაქციოთ ცხოვრება სიამოვნებად – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა ნათია უტიაშვილმა ისაუბრა.
როგორ შეგვიძლია, გავხდეთ ჩვენი ბედნიერების წყარო? როგორ ვაქციოთ ცხოვრება სიამოვნებად?
ბევრს ჰგონია, რომ სიამოვნება მხოლოდ კომფორტსა და ბედნიერ მომენტებზეა დამოკიდებული, მაგრამ სინამდვილეში, ეს უფრო ღრმა პროცესია. ცხოვრება, როგორც სიამოვნება, ნიშნავს ცხოვრების შეგრძნებას, მის აღქმას, გაცნობიერებას და თითოეული მომენტის დაფასებას. ეს არ არის მხოლოდ „კარგი დღეები“ – სიამოვნება შეიძლება მოიტანოს განვითარებამ, გამოწვევების გადალახვამ და საკუთარი თავის ძიებამ. იკითხავთ: ცხოვრება სირთულეებით სავსეა – სტრესი, პასუხისმგებლობები, ყოველდღიური რუტინა… როგორ შეიძლება, ასეთ პირობებში, ცხოვრება სიამოვნებად ვაქციოთ? ეს კითხვა ბევრ ადამიანს აწუხებს. რეალურად, სიამოვნება არ არის მხოლოდ გართობა, ეს არის ცხოვრებისეული დამოკიდებულება. მთავარია, სწორად შევიცნოთ საკუთარი საჭიროებები, ვისწავლოთ მცირე დეტალებით ტკბობა და ვიპოვოთ ჰარმონია.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიამოვნება ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი გახდეს?
ჩვენ ხშირად ვცხოვრობთ მომავლით – „როცა ეს დამთავრდება, მერე დავისვენებ“, „როცა მიზანს მივაღწევ, ბედნიერი ვიქნები“ – და არ ვამჩნევთ, რომ ბედნიერება ახლა ხდება.
გაამახვილე ყურადღება იმაზე, რაც სიამოვნებას განიჭებს (დილით ყავის სუნი, მზის სხივები, საყვარელი სიმღერა). შექმენი პატარა რიტუალები, რომლებიც გაგაბედნიერებს – იქნება ეს ხანმოკლე პაუზა, მედიტაცია თუ საყვარელი წიგნის კითხვა. გადააფასე ჩვეულებრივი დღეები – სიამოვნება მხოლოდ დიდ მიღწევებში არ არის, ის ყოველდღიურობაში უნდა ვიპოვოთ. სიამოვნების პოვნა შეიძლება ყოველდღიურ დეტალებში. მაგრამ ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ ცხოვრებაში ბევრ რამე აკლიათ და ამის გამო ბედნიერება ვერ მოდის. მადლიერება ქმნის ბედნიერებას და არა პირიქით. თუ მუდმივად ვეძებთ იმას, რაც გვაკლია, ბუნებრივია, თავს დაძაბულად ვიგრძნობთ. მაგრამ თუ ვისწავლით იმის დაფასებას, რაც უკვე გვაქვს, ჩვენს ცხოვრებაში მეტი სიამოვნება გაჩნდება.ამისთვის შეგიძლია ყოველდღიურად ჩამოწერო 3 რამ, რისთვისაც მადლობელი ხარ – ეს შეიძლება იყოს უბრალო რამ: მზიანი დღე, მეგობართან საუბარი ან თუნდაც ის, რომ დილა მშვიდად დაიწყე. ანუ შეცვალე ფოკუსი – ნაკლებად იფიქრე იმაზე, რაც გაკლია, და მეტი – იმაზე, რაც უკვე შენს ცხოვრებაშია. მადლიერება გამოავლინო სხვების მიმართ – მცირე კომპლიმენტი, თბილი სიტყვა, მადლობის გადახდა, არამარტო სხვებს ასიამოვნებს, არამედ შენც უფრო პოზიტიურად განგაწყობს.
სხვების დამოკიდებულება დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ ველაპარაკებით საკუთარ თავს?-ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენი შინაგანი დიალოგი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, მოტივაციასა და თვითშეფასებაზე. თუ საკუთარ თავს მუდმივად ვუმეორებთ: „არ გამომივა“, „არ ვარ საკმარისი“, „ცხოვრება რთულია“ – მაშინ სინამდვილეში ვქმნით შეზღუდვის ეფექტს და ჩვენივე ფიქრები გვიშლის ხელს. მაგრამ, თუ ასე ვეტყვით საკუთარ თავს: „მე ამას შევძლებ“ – მაშინ რეალურად უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნობთ თავს. “მე ვიმსახურებ ბედნიერებას“ – ამით ვაღიარებთ, რომ ბედნიერებაზე უარს არ ვამბობთ• „მე ვსწავლობ და ვიზრდები“ – შეცდომებს აღარ აღვიქვამთ როგორც მარცხს, არამედ როგორც განვითარების პროცესს. ანუ ჩვენი სიტყვები და ფიქრები ჩვენს რეალობას ცვლიან.
როგორც ველაპარაკებით საკუთარ თავს, ისევე ვხედავთ სამყაროსაც.
ბევრს ეჩვენება, რომ სიამოვნებისთვის დრო უბრალოდ არ რჩება, რადგან მუდმივი პასუხისმგებლობები აქვს. როგორ უნდა ვიპოვოთ ბალანსი?
ეს მართლაც დიდი გამოწვევაა. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ „ახლა უნდა ვიშრომო, მერე დავისვენებ“, მაგრამ სინამდვილეში, ბალანსი არ არის ფუფუნება , ის აუცილებლობაა. თუ მუდმივად მხოლოდ ერთ მხარეს ვაქცევთ ყურადღებას (მაგალითად, სამსახურს, ვალდებულებებს), მაშინ მეორე მხარე იკარგება – საკუთარი თავი, სიამოვნება, განტვირთვა.ბალანსის შესანარჩუნებლად: გაიგე, რა გჭირდება: ზოგჯერ დასვენება, ზოგჯერ ფიზიკური აქტივობა, ზოგჯერ მარტო ყოფნა. შენი სხეულის და ემოციების მოსმენა აუცილებელია. ისწავლე „არას“ თქმა – არ არის საჭირო, ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, თუ ეს გთრგუნავს. გაწერე დრო შენთვის – სიამოვნებისთვის დრო არ უნდა „დაგრჩეს“, ის უნდა დაგეგმო, როგორც სხვა მნიშვნელოვანი საქმე. სიამოვნება არის ენერგიის მთავარი წყარო.თუ მხოლოდ „უნდა გავაკეთო“ ტიპის საქმეებს ვაკეთებთ, დროთა განმავლობაში ცარიელები ვრჩებით.მაგრამ თუ ჩვენს ცხოვრებაში არის ის, რაც გვაბედნიერებს, უნდა გავაკეთო კი არა, მინდა გავაკეთო – ეს ჩვენს განწყობას, მოტივაციასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას აუმჯობესებს. ამისთვის შეგიძლია: იპოვო ჰობი, რომელიც შენთვის მართლა სასიამოვნოა – ეს შეიძლება იყოს ხატვა, ცეკვა, კითხვა, სპორტი, მუსიკა – რაც გულწრფელად გიხარია.
თუნდაც 10-15 წუთი დღეში დაუთმო იმ რაღაცას, რაც სიამოვნებას განიჭებს. ნუ იფიქრებ, რომ სიამოვნება „დაკარგული დროა“ – რეალურად, სწორედ ეს დროს უფრო პროდუქტიულს გხდის. როცა ადამიანებს აქვთ საყვარელი საქმე ან ჰობი, ისინი უფრო ბედნიერები და სტრესგამძლეები არიან.