5 რჩევა, რომელიც აიძულებს მამაკაცს უკანმოუხედავად გაიქცეს
მაშინაც კი, თუ მოდელის გარეგნობას გაქვთ, გემოვნებით იცვავთ და თქვენი კავალერი გულწრფელადაა მოხიბლული თქვენით, იმედს ნუ დაკარგავთ, თქვენ მაინც გაქვთ შანსი აქციოთ პირველი პაემანი კატასტროფად! გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა და თქვენი თაყვანისმცემელი უკანმოუხედავად გაიქცევა, მერე კი, სამუდამოდ ამოშლის თქვენს ნომერს კონტაქტებიდან.
დააგვიანეთ ურცხვად
მინიმუმ ნახევარი საათით ან თუნდაც მთელი საათით! არც იფიქროთ დარეკვა და გაფრთხილება რომ აგვიანებთ. დაე, სამყარო თქვენს ლოდინში დაიღალოს! ხშირად ამგვარი მარტივი მეთოდიც ამართლებს, რადგან სანამ თქვენ დანიშნულების ადგილს მიაღწევთ, თქვენი დაქანცული კავალერი იმედგაცრუებული დატოვებს შეხვედრის ადგილს და შეხვედრაც თავისთავად ჩაიშლება. მაგრამ, თუ არ გაგიმართლათ და ზედმეტად მომთმენი და დამთმობი კავალერი შეგხვდათ, რომელიც მზადაა გაპატიოთ ყველაფერი, სასწრაფოდ გადადით შემდეგ პუნქტზე.
გაითამაშეთ უკარება
არავითარ შემთხვევაში არ გამოამჟღავნოთ ინტერესი მამაკაცის მიმართ. ყინულის დედოფლის როლი ამ შემთხვევაში ზედგამიჭრილია თქვენთვის. ყველა მისაღები და მიუღებელი მეთოდით მიანიშნეთ თქვენს კავალერს, რამდენად მიუღწეველი ხართ მისთვის და აგრძნობინეთ, რომ დიდი სიამოვნებით გაატარებდით საღამოს სხვაგან და რაც მთავარია, სხვასთან. არ გაბედოთ იუმორის გამოვლენა – ამან შესაძლოა მამაკაცში თქვენთვის აბსოლუტურად უსარგებლო ინტერესი გააღვიძოს. თუმცა, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცინიკური ხუმრობები. დაე, თქვენმა თაყვანისმცემელმა ანგელოზური გამომეტყველების მიღმა თქვენი ნამდვილი სახე – მიძინებული დრაკონი დაინახოს.
დაწვრილებით მოუყევით თქვენს დიეტაზე
უარი თქვით მენიუში შემოთავაზებულ ყველა კერძზე და გულწრფელად აღშფოთდით სხვების ღორმუცელობით. დაე, თქვენმა კავალერმა საკუთარი თავი იგრძნოს დამნაშავედ, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ თქვენ მხოლოდ ორგანული, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულით იკვებებით და დარწმუნებული ხართ, რომ მსოფლიომ თქვენგან უნდა აიღოს მაგალითი! აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს თაყვანისმცემელს დიეტის რამდენიმე რეცეპტი და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ უფლება შეუკვეთოს სტეიკი ან კიდევ უარესი კარტოფილი “ფრი”! თვალი აუხილეთ იმ სასტიკ ჭეშმარიტებაზე რასაც ცხიმებით, კონსერვანტებით და მომაკვდინებელი კალორიებით სავსე პროდუქტები მალავენ. თუ თქვენი კავალერი ყველაფერ ამის შემდეგ ისევ თქვენს გვერდით დარჩება, ე.ი. იშვიათ ჯიუტს შეხვედრიხართ, თუმცა გულს ნუ გაიტეხთ, დროა მოქმედებაში მძიმე არტილერიაც ჩართოთ!
გაუმხილეთ ფანტაზიები თქვენს ერთობლივ ოჯახურ ცხოვრებაზე
სრული გასაქანი მიეცით საკუთარი ფანტაზიას. შეიარაღდით ფრაზებით, რომლებიც ყველაზე მამაც და უდრეკ მამაკაცშიც კი, პანიკურ რეაქციას გამოიწვევს -“ერთად ხომ არ გაგვეტარებინა შვებულება ამ ზაფხულს?” “დარწმუნებული ვარ, ჩემს მშობლებს ძალიან მოეწონები” ან “მე სამი შვილი მინდა მყავდეს, შენ რამდენს ინატრებდი?”
არც იფიქროთ საკუთარ თავზე სიმართლის მოყოლა
უტიფრად მოიტყუეთ და მოიგონეთ საკუთარ ცხოვრებაზე დაუჯერებელი ისტორიები, არავითარ შემთხვევაში არ იყოთ გულწრფელი და ურთიერთობისთვის გახსნილი. გულწრფელობა სიმპათიას იწვევს, თქვენი კი, აბსოლუტურად საპირისპიროს მიღწევას ცდილობთ. თქვენი სიცრუე არ დარჩება შეუმჩნეველი, რადგან ტყუილის გამჟღავნება მიმიკით და ჟესტიკულაციით უფრო ადვილია, ვიდრე სინამდვილეში ბევრს ჰგონია. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მანევრების შემდეგ თქვენი კავალერი ცოცხალი გადარჩა, დარწმუნებული იყავით, რომ მეორედ თქვენთან შეხვედრას აღარასოდეს ისურვებს.



