LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ყალიბდება ადამიანში თვითშეფასება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

111
ნათია უტიაშვილი

როგორ ყალიბდება ადამიანში თვითშეფასება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა ნათია უტიაშვილმა ისაუბრა.

დღევანდელ დღეს საკუთარი თავი შეადარეთ გუშინდელ საკუთარ თავს. აღნიშნეთ:  როგორ გაიზარდეთ, რა პოზიტიური ცვლილებები განიცადეთ და შემდეგ აუცილებლად დააჯილდოვეთ საკუთარი თავი.. ისაუბრეთ და იფიქრეთ საკუთარ თავზე პოზიტიურად…  თვითშეფასების შესახებ გვესაუბრება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ფსიქოკონსულტანტი, ნათია უტიაშვილი.

როგორ განვსაზღვროთ როგორია ჩვენი თვითშეფასება?

თითოეულ ადამიანს ახასიათებს მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ. თუმცა, მას ამაში ხელს უშლის საზოგადოების აზრი. ადამიანები ხშირად ვამბობთ, რომ არ გვაინტერესებს სხვისი აზრი, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, მაინც  ყურადღებას ვაქცევთ იმ სოციუმის შეფასებას, აზრს, სადაც გვიწევს ტრიალი. ეს კი საბოლოოდ ჩვენს თვითშეფასებაზე დადებითად ან ნეგატიურად მოქმედებს. ზოგადად თვითშეფასება ადამიანის თანდაყოლილ ადაპტაციურ უნარს წარმოადგენს. მისი დახმარებით ვადაპტირდებით გარემოსთან და მზად ვარ სირთულეების დასაძლევად ან უბრალოდ არ ვართ.  შესაბამისად გვინდა თუ არ გვინდა ამის აღიარება, ჩვენი თვითშეფასება საზოგადოების აზრს ეფუძნება. თავად თვითშეფასების სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა და მისი ჩამოყალიბება ხდება როგორც ნეგატიურ ასევე პოზიტიურ კონტექსტში.

მაგალითად მაღალი თვითშეფასების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარმატებას. ასეთ ადამიანს მიაჩნია, რომ მას აქვს ყველა ის თვისება რაც წარმატებისთვის სჭირდება და საზოგადოებისთვის არის მისაღები. დაბალი თვითშეფასების ადამიანი კი პირიქით ხშირად საკუთარ თავს წარუმატებლად მიიჩნევს, გამოწვევებს, მომავალს პესიმისტურად უყურებს, სიახლეებს, რისკს გაურბის, წარსულს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს და ისეც ხდება, რომ საკუთარ წარუმატებლობას სხვას აბრალებს. რა გამიკეთებია, რა შემიქმნია, არაფერი არ შემიძლია, მე ამას ვერ შევძლებ და ასე შემდეგ.. ეს კი მას ხშირად დეპრესიისკენ მიდრეკილს ხდის, რადგან დაბალი თვითშეფასება როგორც ადამიანის მენტალურ, ასევე  ფიზიკურ მდგომარეობაზეც ცუდად მოქმედებს. მაღალი თვითშეფასების ადამიანი პირიქით ნებისმიერ გამოწვევას სიხარულით იღებს, დამსახურებულადაც მიიჩნევს.  მოტივაციის ნაკლებობას იშვიათად განიცდის, ხშირად გამოდის კომფორტის ზონიდან.  დაბალი თვითშეფასების ადამიანებს კი ყველაზე მეტად საკუთარი კომფორტის ზონაში ყოფნა უყვართ. მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანი რეალიზდეს, განიცადოს განვითარება, ტრანსფორმაცია, ის უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვიდეს საკუთარი კომფორტის ზონიდან, უნდა შეეჭიდოს სირთულეებს, სიახლეებს.  უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც წარმატება, ასევე წარუმატებლობა არ მოქმედებს ჩვენი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე, არამედ ორივეს განსაზღვრავს ჩვენი თვითშეფასება.

თვითშეფასება როგორ ყალიბდება ადამიანში?

ჯერ კიდევ ბავშვობაში დაბალი თვითშეფასება შეიძლება ჩამოყალიბდეს ოჯახური აღზრდის, თანატოლების, მასწავლებლების დამოკიდებულების, გადაჭარბებული თვითკრიტიკის, კრიტიკის, არ შექების, არ წახალისების გამო, ან საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების გამო. ასეთ მოზარდს პირიქით ძალიან სჭირდება გაზრდილი ყურადღება, პატივისცემა და საყვარელი ადამიანების სიყვარული. ისეთ სიტუაციებშიც კი, როცა მისი საქციელი კრიტიკას იმსახურებს, ზოგჯერ მშობლებს მაინც ურჩევენ კრიტიკისგან თავის შეკავებას. დაბალი თვითშეფასების მქონე მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ის იმსახურებს მოწონებას, ქებასა და პატივისცემას. დაბალი თვითშეფასება ბავშვებს ხელს უშლის საკუთარ თანატოლებთან ურთიერთობაში. ჩვენ ისეთ პერიოდში გავიზარდეთ, როდესაც მშობლების მხრიდან შექება, წახალისება არ მიიჩნეოდა კარგ ტონად. არც საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება იყო მიღებული. ამ ყველაფერმა ჩვენს თაობაში, ასევე ჩვენს წინა და შემდგომ თაობებში (ახლა ეს დამოკიდებულებები ნელ-ნელა იცვლება)  ბევრი დაბალი თვითშეფასების ადამიანი გაზარდა. ბავშვებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ მშობლების, იმ საზოგადოების წევრების მხარდაჭერა, შექება, წახალისება, სადაც ისინი იზრდებიან, ტრიალებენ.

როგორ უნდა ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება? უპირველეს ყოვლისა უნდა მივაქციოთ ბავშვის მიმართ  საკუთარ ქცევას ყურადღება: რამდენად ხშირად აქებთ მას, ან საერთოდ აქებთ? რას აკეთებთ იმისთვის, რომ თვითშეფასება აუმაღლოთ,  წაახალისოთ, მოტივაცია გაუზარდოთ. ხშირად ხომ არ ადარებთ სხვებს? რამდენად უჭერთ  წარუმატებლობის გზაზე მხარს. ასეა უფროსებშიც, რომლებსაც სხვადასხვა საკვანძო სიტუაციებში, სწორედ ჯერ კიდევ ბავშვობაში მსგავს სიტუაციაში დაფიქსირებული მშობლების, ახალობლების ქცევები, სიტყვები, დამოკიდებულება ახსენდებათ.  ამიტომ ვეცადოთ საკუთარ თავს დავაკვირდეთ საკუთარ თავთან მიმართებაში როგორ ვიქცევით, რამდენად ვუჭერთ მას მხარს და ხომ არ ვიმეორებთ საზოგადოების, ახლობლების, თუნდა ჩვენი წარსული „მეს“ გამოცდილებას.

როგორ ავიმაღლოთ უფროსებმა თვითშეფასება, როგორ უნდა მოვექცეთ საკუთარ თავს?

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ხშირი დიალოგი. მაგალითად ხაზგასმა იმაზე, თუ როგორ შეძელი გაგეკეთებინა ის საქმე, რომლის წარმატებაში ეჭვი გეპარებოდა. გახდი გახსნილი, მიმღებელი,  როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. დაიჯერე საკუთარი თავის, ირწმუნე საკუთარი ძალების. არ გამოგივიდა რაღაც, სცადე კიდევ, აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს. აუცილებლად შეადარე დღეს საკუთარ თავი გუშინდელი საკუთარ თავს. აღნიშნე როგორ გაიზარდე, რა პოზიტიური ცვლილებები განიცადე, მადლობა გადაუხადე, შეაქე: უთხარი, რომ შენ მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ხარ, რომ ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. შეწყვიტე საკუთარი თავის დადანაშაულება, შეურაცხმყოფელი სიტყვების გაჟღერება. არ მოერიდო კომპლიმენტების მიღებას. მაგალითად როდესაც გეუბნებიან: რა კარგად გამოიყურები და შენ პასუხობ: იცი, ისეთი გამოუძინებელი ვარ, იმდენი საქმე მქონდა, ისეთი დაღლილი ვარ – ამით შენ არ იღებ კომპლიმენტებს. როდესაც შეგიძლია ღიმილით უპასუხო: დიდი მადლობა.

დილით, ძილის წინ საკუთარ თავს უთხარი, რომ ძალიან კარგი ხარ, პოზიტიური, ლამაზი, ჭკვიანი  და ღიმილით დაიწყე დღე. ეცადე მუდმივად შეინარჩუნო პოზიტიური განწყობა. ეკონტაქტე ისეთ ადამიანებს, ვისგანც ასევე პოზიტივი მოდის. საკუთარი ტრანსფორმაციის პერიოდში შეიძლება ბევრი ადამიანი დაკარგო, მაგრამ ეს დანაკარგი გახსოვდეს, რომ შენი წინსვლისთვის, გაზრდისთვის, თვითრეალიზაციის, თვითშეფასების ასამაღლებლად და ტრანსფორმაციისთვის იყო. ამიტომ განაგრძე  დადებითად ფიქრი საკუთარ თავზე და შემდეგ უკვე გარემოზე, ცხოვრებაზე. არასდროს იყურო წარსულში, არ იფიქრო წარუმატებელ ნაბიჯებზე, პირიქით გააკეთეთ სია იმ გამარჯვებების, თუნდაც მცირედის, რომელიც შენს ცხოვრებაში გქონდა და რისთვისაც საკუთარი თავის მადლიერი ხარ. რაც მთავარია ამით იგრძენი კმაყოფილება. ხშირად ჩამოთვალე შენი დადებით თვისებები: როგორ ეხმარები სხვებს, როგორ გახდი სხვისთვის მოტივატორი – აწარმოე   ჩანაწერები, გადახედე, დაამატე.. ხშირად გაუსვი შენს ძლიერ თვისებებს ხაზი, მათზე ფოკუსირდი, თავად, დამოუკიდებლად  მიიღე გადაწყვეტილებები.  არ შეგეშინდეს მარცხის, შეცდომების, წამოდექით და იმოქმედე კვლავ. გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური იბადება, უზარმაზარი პოტენციალით, შესაძლებლობებით, სხვადასხვა ნიჭით, გჯეროდეს ღმერთის და გახსოვდეს სახარებისეული სიტყვები: შეიყვარე საკუთარი თავი და მერე სხვების შეყვარებასაც შეძლებ. მაღალი თვითშეფასება ადამიანს საკუთარ თავთან ჰარმონიაში ამყოფებს, ეს კი გონებას ამშვიდებს და საბოლოოდ გულს სიხარულსა  და კმაყოფილებას ჰმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები