თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. მან ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ როგორც კი ხალხი დაუძახებს, ფიზიკურადაც მათ გვერდით გაჩნდება.
„მივესალმები ჩვენი ბრძოლის ვეტერანებს, ასევე, აქციაზე მოსულ ახალგაზრდებს. მივესალმები ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, გრიგოლ ვაშაძეს. ჩვენ შესაძლო კატასტროფაზე ვსაუბრობდით და ეს კატასტროფა დადგა, რადგან არჩევნების ინსტიტუტი გაუქმდა. ჩვენ აღარაფერს მოვითმენთ.
დღეს დავანახეთ, რომ ვიბრძოლებთ მშვიდად და სამართლიანად. არასდროს დავიხევთ უკან. ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით და ოლიგარქის ხელისუფლების შეცვლით დასრულდება. ამ ბრძოლაში თქვენი თანასწორი ვარ. მაგრამ მინდა იცოდეთ, როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად თქვენს გვერდით გავჩნდები. მირჩევნია გავქრე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გაჭირვებას ვხედავდე. ჩვენ არ შევეგუებით და ბრძოლას გავაგრძელებთ,” – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა აქციაზე შეკრებილებს.