პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ ცესკოსთან დაკავშირებული ცვლილებები „12-პუნქტიანი რეკომენდაციების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს“.
„რაც შეეხება თვითონ პროცესს, 12 – პუნქტიანი რეკომენდაციების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აქტორი ცესკოს დაკომპლექტების და განწესების ხდება მხოლოდ პარლამენტი და ეს მოხდება ერთპარტიული გადაწყვეტილებით.
როგორც პრეზიდენტმა დააანონსა, აღნიშნული ცვლილებები არ გვაახლოებს ევროკავშირთან, პირიქით, გვაშორებს, არ შეიძლება ერთი ხელით გააუმჯობესო საარჩევნო კოდექსი და მეორე ხელით გააკეთო ისეთი რამ, რაც ამ პროცესის ინკლუზიურობას შეუშლის ხელს. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას, საკონსტიტუციოს რაც შეეხება, წინასწარ ვერ გეტყვით ვერაფერს”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
შეგახსენებთ, ცნობილია, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს „ქართული ოცნების“ კანონპროექტს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ცვლის.
„ჩაიხედოს კონსტიტუციაში“ – „ხალხის ძალის“ რჩევა პრეზიდენტს
ცნობისთვის, საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.