LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა“ – აქუბარდია იონათამიშვილს

181
თეონა აქუბარდია რატი იონათამიშვილი

„ბატონო რატი, თქვენგან შეურაცხყოფას მიჩვეული ვარ და როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მმართველი გუნდის წევრს, რატი იონათამიშვილს პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე განხილვისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას სიტყვა ჩამოართვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გრეტა წიწავამ კი, მას „უზნეო“ უწოდა.

„თუ პატიმრები არ გაინტერესებს, კორექტულად მაინც მოიქეცი!“ – მიმართა გრეტა წიწავამ თეონა აქუბარდიას.

„ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვისას აქუბარდიამ განაცხადა, რომ ამნისტია ზონდერებს ეხებათ, მაგრამ არ ეხება „რუსული კანონით“ დაზარალებულებს.

იონათამიშვილმა აქუბარდიას „არაკომპეტენტური“ უწოდა და მიმართა, რომ მას რომ პროექტი წაკითხული ჰქონდეს, ასეთ კითხვებს არ დასვამდა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, სასჯელის 1/6-ით შემცირება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 მუხლს შეეხება.

ამნისტია არ შეეხება – მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება.

magti 5g