„როგორც ვვარაუდობდი – ინფექციური დაავადებები ისევ ბრუნდება…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.
ფხაკაძე ამბობს, რომ ახალი ინფექციები მომავალში უფრო ხშირად გაჩნდება და მსოფლიო ამისთვის ბოლომდე მზად არ არის.
მისი თქმით, COVID-19 გაფრთხილება იყო.
პროფესორი ამბობს, რომ მსოფლიოში ინფექციური დაავადებების რისკი მომავალ წლებში კიდევ გაიზრდება.
„როგორც ვვარაუდობდი -ინფექციური დაავადებები ისევ ბრუნდება… მსოფლიოში ერთდროულად ვრცელდება: ებოლა – აფრიკაში, ჰანტავირუსი – აშშ-ში, ნოროვირუსი – ევროპაში, წითელა – ბევრ ქვეყანაში. ეს უკვე მხოლოდ „ცალკეული შემთხვევები“ აღარ არის.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი:
ებოლას ზოგი ფორმა ინფიცირებულთა 50–90%-ს კლავს
კონგოში უკვე 65 ადამიანი გარდაიცვალა
წითელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია
1 ავადმყოფს შეუძლია 12–18 ადამიანის დაინფიცირება
ჰანტავირუსი ზოგჯერ მძიმე ფილტვის დაზიანებას იწვევს
ანტიბიოტიკების მიმართ გამძლე ბაქტერიები
უკვე წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონ ადამიანს კლავს, მაგრამ მეცნიერებს კიდევ ერთი დიდი შიში აქვთ: ყინულის დნობა არქტიკაში.
დედამიწის ჩრდილოეთში არსებობს მუდმივად გაყინული მიწა – permafrost. როდესაც ეს ყინული დნება, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა: ძველმა ბაქტერიებმა, უძველესმა ვირუსებმა და უცნობმა ინფექციებმა ისევ „გაიღვიძოს“.
მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს ათასობით წლის ვირუსები, რომლებიც ლაბორატორიაში ისევ აქტიური გახდა. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ახალი პანდემია დაიწყება, მაგრამ ნიშნავს, რომ: კლიმატის ცვლილება უკვე ჯანმრთელობის პრობლემაც არის, ახალი ინფექციები მომავალში უფრო ხშირად გაჩნდება და მსოფლიო ამისთვის ბოლომდე მზად არ არის.
ყველაზე მთავარი: ეს მხოლოდ დასაწყისია. COVID-19 გაფრთხილება იყო. მსოფლიოში ინფექციური დაავადებების რისკი მომავალ წლებში კიდევ გაიზრდება“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

