მწერალი, ტელეწამყვანი, ბლოგერი დათო გორგილაძე „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის მესამე ეპიზოდის გარშემო ქართულ სოციალურ ქსელებში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ორ პოსტს ავრცელებს. ჩვენ ორივე მათგანს გთავაზობთ:
„HBO განცხადებას ავრცელებს:
ვეთანხმებით რა ქართველი ექსპერტ-მაყურებლების, ე.წ „ნაომარი გოგო-ბიჭების” შენიშვნებს სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით, მომდევნო ეპიზოდის კონსულტანტი თენგიზ კიტოვანი იქნება.
ასევე, გამოვიყენებთ ზაქარია მხარგრძელის გამოცდილებას“.
„როგორი იქნებოდა GOT-ის სამხედრო სტრატეგია, ყოვლისმცოდნე ქართველ მაყურებელს რომ დაეწერა სცენარი:
ციხესიმაგრის მიღმა დააყენებდნენ მხოლოდ ბავშვებს. გალავნიდან კი გადმოკიდებდნენ ბანერს წარწერით: „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება”. ვინტერფელის ნორჩ მომღერალთა გუნდს ერნა წიფურიას მეთაურობით ამღერებდნენ სიმღერას „დაჰკარით დაფდაფებს”.
როცა მკვდრები დაიძვრებოდნენ და მოუახლოვდებოდნენ ბავშვებს, ესენი ჯიბეებიდან ამოიღებდნენ წითელ კვერცებს და დაუგორებდნენ. წითელ კვერცხებში შპრიცით იქნებოდა შეშვებული მაზუთი. როცა მკვდრები ფეხს დააბიჯებდნენ კვერცხებს, ფეხები გაუმაზუთიანდებოდათ, გალავნიდან კი დაუშენდნენ ცეცხმოკიდებულ ისრებს.
პირველი შეტევა მოგერიებულია.
ბავშვებისთვის ჩამოუშვებდნენ კალათებს. აი, „სტაკანჩიკი” ნაყინის საყიდლად რომ ვუშვებდით ხოლმე, ისეთებს და ამოიყვანდნენ.
ამასობაში, დოთრაკიელების ჯარი, ცხენზე ამხედრებულები გაცოცდებოდნენ ინტერნეტის კაბელზე, რომელიც ტყემდე იქნებოდა გადაჭიმული, იქ შეგროვდებოდნენ და ზურგიდან შემოუტევდნენ მტერს.
ვინტერფელის მთავარ დარბაზში მთავარი მსმელები, ტირიონი, ჰაუნდი, დონდარიონი და დავოსი დასხდებოდნენ სუფრასთან და ყველა სადღეგრძელო იქნებოდა მიცვალებულების. მოგეხსენებათ, ამ დროს რასაც შეჭამ, ყველაფერი მისავალია. მიცვალებულები თავისდაუნებურად დანაყრდებოდნენ, დათვრებოდნენ და შესუსტდებოდნენ.
ამ დროს, მკვდრების თავზე დეინერისი და ჯონ სნოუ დრაკონებზე ამხედრებულები გადმოიფრენდნენ მკვდრების თავზე და გადმოყრიდნენ „ტექნობუმის” საშობაო ფასდაკლებს ბარათებს, რათა თეთრი მოსიარულეების ყურადღება გაეფანტათ.
ბრანს დამალავდნენ სხვენში და პაროლი იქნებოდა: „როცა გეტყვი ი, მაშინ გამოდი. როცა გეტყვი ე, არ გამოხვიდე”. პაროლის მიმცემი იქნებოდა ჯეიმი ლანისტერი, რადგანაც რკინის ხელით უკეთ დაასტუკებდა, რო რამე.
და, რაც მთავარია, მკვდრების არმიაში შეუშვებდნენ არია სტარკს კიტრით და ტარხუნის ლიმონათით ხელში. ირბენდა და ასე დახოცავდა ყველას…“