დაბადებიდან პირველი წელი უმნიშვნელოვანესი ასაკობრივი საფეხურია. ამ დროის განმავლობაში ყალიბდება სამყაროსადმი ნდობა, მშობლებისადმი ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობა და ბავშვები ეუფლებიან იმ ძირითად უნარებს, რომლებიც შემდგომი განვითარების საძირკველია:
მსხვილი მოტორული უნარები – რომელიც გულისხმობს სხეულის მსხვილი მოქმედებების გაკონტროლებას, როგორიცაა: თავის მდებარეობის მართვა, ჯდომა, დგომა, სირბილი, ხტუნვა, ველოსიპედის ტარება და ა.შ.
ნატიფი მოტორული უნარები – რომელიც გულისხმობს ხელისა და თითების მოქმედების გაკონტროლებას, როგორიცაა: მცირე ზომის ნივთების აღება, წერა, ხატვა, ფლეიტაზე დაკვრა, კერვა და ა.შ.
ენობრივი უნარები – რომელიც გულისხმობს სხვასთან კომუნიკაციის მიზნით მარცვლების, სიტყვების, ფრაზების მიზანმიმართულ გამოყენებას(ექსპრესიული ენა). დამატებით, სხვისი ნათქვამის გაგების, შინაარსის გამოტანისა და შესაბამისად მოქმედების უნარს (რეცეპტული ენა).
სოციალური უნარები – რომელიც გულისხმობს სხვებთან ურთიერთობას, ურთიერთთანაშრომლობას და ამ გზით პრობლემების გადაწყვეტას, როგორიცაა: ემოციების, ნივთების სხვებისთვის გაზიარება, მათთან ერთობლივი თამაშის სურვილი და მცდელობა.
კოგნიტური უნარები – რომელიც გულისხმობს პრობლემის გადაწყვეტის, ახალ სიტუაციასთან გამკლავების, სწორისა და შეცდომის ერთმანეთისგან განსხვავების შესაძლებლობას.
თითოეული მშობლის ამოცანაა იცოდეს როგორია ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, რათა შეძლოს ამ პროცესის ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში, სირთულის დროული ამოცნობა.
როგორია ერთ წლამდე ბავშვის განვითარების თავისებურებები
0-2 თვის ასაკი
მსხვილი მოტორული უნარები:
– ერთდროულად ახერხებს წოვას, გადაყლაპვას და სუნთქვას;
– აქვს კარგად გამოხატული რეფლექსები: ეძებს საკვებს (ძუძუს);
– მუცელზე წოლისას ახერხებს თავის მცირე ხნით წამოწევას450-ით;
– ამოძრავებს ხელებსა და ფეხებს უკონტროლოდ, არა მიზანმიმართულად;
– ახერხებს ხელებისა და ფეხების მოსვენებულ მდგომარეობაში გაჩერებას;
ნატიფი მოტორული უნარები:
– ახერხებს თითების მუჭად შეკვრას და გაშლას;
– აქვს ტაცების რეფლექსი: ჩაბღუჯავს ხელში მოხვედრილ თითს;
– უჭირავს ხელში მოხვედრილი სათამაშო;
ენობრივი უნარები:
– ცნობს ნაცნობ ხმებს (მშობლის, ძმის, დის, აღმზრდელის);
– აქვს ზოგადი ტირილი (ამ ეტაპზესხვადასხვა საჭიროებების გამოსახატად ჯერ კიდევ არ ტირის განსხვავებულად. ამიტომაც, მშობლის ამოცანაა იცოდეს როდის აქვს ბავშვს ჭამის, საფენის გამოცვლის დრო და არ მიიყვანოს ის ტირილამდე).
სოციალური უნარები:
– მშვიდდება ისეთი ქცევების საპასუხოდ, როგორიცაა დარწევა, სიმღერა, მოფერება, მასაჟი;
– აქვს ღვიძილის მცირეხნიანი პერიოდები;
– მასთან მცირე მანძილზე ყოფნისას მიადევნებს თვალს მშობელს (მაგალითად: ძუძუთი კვების დროს);
– ყალიბდება მშობლისადმი ემოციური მიჯაჭვულობა;
კოგნიტური უნარები:
– აქვს რეაქცია კომფორტულ ან არაკომფორტულ სიტუაციაზე;
– იწყებს სამყაროსადმი ნდობის ჩამოყალიბებას;
– იწყებს ჭირვეულობას, თუ მალევე არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნილება;
– რეაგირებს ხმებზე;
– შეიმეცნებს სამყაროს შეხებით, სუნით, მხედველობითა და სმენით;
2-4 თვის ასაკი
მსხვილი მოტორული უნარები:
– მუცელზე წოლისას თავს მაღლა წევს;
– ცდილობს ზურგიდან გვერდზე გადაბრუნებას;
– ეყრდნობა ფეხებს, როდესაციჭერენ და ფეხზე აყენებენ;
– მუცელზე წოლისას ახერხებს რომელიმე მხარს დაეყრდნოს;
– მუცელზე წოლისას თავისა და მკერდის აწევას ცდილობს;
– მუცელზე წოლისას ჭიმავს ფეხებს;
ნატიფი მოტორული უნარები:
– სახის წინ, თავის ხელებით თამაშობს;
– ახლოს მყოფ ადამიანს ტანსაცმელსა და თმაში ხელს სჭიდებს;
– ბღუჯავს სათამაშოს;
ენობრივი უნარები:
– გამოსცემს სხვადასხვა ხმებს – ცალკეულ ბგერებსა და მარცვლებს;
– ღუღუნებს, ტიტინებს;
– ტირის საჭიროების შესაბამისად. მაგალითად: განსხვავებულად ტირის, როცა შია, ან საფენები აქვს გამოსაცვლელი;
– ურთიერთობს სხეულის მოძრაობით – სიხარულის გამოსახატად იქნევს ხელებს, ფეხებს;
სოციალური უნარები:
– იღიმის და ავლენს განსხვავებულ ემოციებს: ბედნიერებასა და დამწუხრებას;
– თავს იმშვიდებს საკუთარი თითების პირში ჩადებით;
– მოსწონს ადამიანების სახე, უყურებს თვალებში და აკვირდებასახის მიმიკას;
– ცდილობს სხვების სახის მიმიკების იმიტაციას;
– სცნობს ახლობლებს;
კოგნიტური უნარები:
– ახერხებს მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დაჭერას;
– ხვდება, რომ მისი რაღაც ტიპის მოქმედება იწვევს სხვების მხრიდან განსაზღვრულ ქცევას. მაგალითად: ღიმილის პასუხად ღიმილი;
– აბრუნებს თავს ხმის მიმართულებით;
– აცნობიერებს, რომ ობიექტებს აქვთ სახელები;
4-6 თვის ასაკი
მსხვილი მოტორული უნარები:
– ახერხებს ჯდომას, როდესაც ეხმარებიან;
– მუცელზე წოლისას ახერხებს თავის 900 ით აწევას;
– ეყრდნობა ხელებს მუცელზე წოლისას;
– ხელში ჭერისას კარგად აკონტროლებს თავის მდებარეობას;
– ბრუნდება მუცლიდან ზურგისკენ და პირიქით;
– ახერხებს ხოხვის წინარე პოზიციაში ყოფნას – მუხლსა და ხელზე დაყრდნობას;
ნატიფი მოტორული უნარები:
– ერთი ხელითწვდება და იღებს ნივთებს;
– ნივთებთან მისაწვდომადგანსაზღვრავს სწორ პოზიციას;
– უჭირავს პატარა ობიექტები;
– ხელით მიაქვს ობიექტები პირისკენ;
ენობრივი უნარები:
– ყურადღებას იქცევს ტიტინით;
– გამოსცემს სხვადასხვა ხმებს განსხვავებული მოთხოვნილების დასაფიქსირებლად;
– გამოსცემს სხვადასხვა ხმებს, ავლენს სხვადასხვა მიმიკებსა და ჟესტებს;
– წევს ხელებს მაღლა, თუ სურს აიყვანონ;
– ვიზუალის მიხედვით სცნობს და აფასებს საკვებს;
– ინტერესდება სხვადასხვა ფერებით;
– სარკეში ჩახედვისასიღიმის და იწყებს ხმების გამოცემას;
– სხვების საუბრის პარალელურად თავადაც იწყებს ხმების გამოცემას;
სოციალური უნარები:
– მოსწონს ადამიანებთან ერთად თამაში;
– იღიმის სხვების ღიმილის საპასუხოდ;
– სცნობს უცხო ადამიანებს და რეაგირებს მათზე განსხვავებულად;
– ცდილობს ახლობლების სათამაშოდ გამოწვევას (უყურებს და ელოდება);
– რეაგირებს დაძახებაზე, იხედება თავის სახელის გაგონებისას;
– მოსწონს სარკეში საკუთარ თავზე დაკვირვება;
კოგნიტური უნარები:
– სწავლობს კონკრეტულად რომელი ბგერები უნდა წარმოთქვას ან რა მოქმედება განახორციელოს სასურველის მისაღებად;
– მოძრავ ობიექტებსთვალს მიადევნებს;
– ახალი და უცხო მოვლენების მიმართავლენს ცნობისმოყვარეობას;
6-8 თვის ასაკი
მსხვილი მოტორული უნარები:
– ზის დამოუკიდებლად;
– იწყებს ცოცვის წინა პოზიციების მიღებას;
– იჭიმება რომ მისწვდეს ობიექტს;
ნატიფი მოტორული უნარები:
– იყენებს ხელს, რომ მოიპოვოს პატარა ზომის ნივთები;
– გადააქვს საგანი ერთი ხელიდან მეორეში.
ენობრივი უნარები:
– ერთდროულად წარმოთქვამს ხმოვანსა და თანხმოვანს;
– ენის მდებარეობის ცვლილებით გამოთქვამს სხვადასხვა ჟღერადობას ბგერებს;
– ამბობს: „დადა“, „ბაბა“ – არამიზანმიმართულად;
სოციალური უნარები:
– რეაგირებს დაძახებაზე – იხედება თავის სახელის გაგონებისას;
– თამაშობს „ჭი-ტა“-ს;
– გამოხატავს სიხარულს, გაბრაზებას, მწუხარებას.
– იცინის ხმამაღლა;
– გამოხატავს სხვებთან თამაშის ინიციატივას;
– ცდილობს სხვა ადამიანების ყურადღების მიქცევას;
კოგნიტური უნარები:
– ეძებს და აკვირდებაიატაკის იმ ადგილს, სადაც სათამაშო გადავარდა;
– პოულობს ნახევრად დამალულ ნივთებს;
– იკვლევს ნივთებს დათვალიერებით ან პირში ჩადების გზით;
– სწავლობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მაგალითად: რა მოხდება თუ სათამაშოს გაარხევს, ძირს დააგდებს;
8-10 თვის ასაკი
მსხვილი მოტორული უნარები:
– ზის დამოუკიდებლად;
– ეყრდნობა მუხლებსა და ხელებს;
– დგას, როდესაც ეყრდნობა ავეჯს;
– მიადევნებს თვალს ძირს დავარდნილ ობიექტს;
– იმეორებს სხვების ჟესტებს;
ნატიფი მოტორული უნარები:
– იღებს მცირე ზომის ობიექტებს პინცენტისებური მოძრაობით, სამი თითის საშუალებით;
– ურტყამს ნივთებს მაგიდაზე;
– ცდილობს დამოუკიდებლად ჭამას (თუმცა ისვრება);
– სვამს ჭიქიდან;
ენობრივი უნარები:
– ცდილობს ახალ-ახალ მარცვალთა კომბინაციის გამოყენებას;
– ენის მდებარეობის შეცვლით ცდილობს სხვადასხვა ხმების გამოცემას;
სოციალური უნარები:
– შფოთავს ახლობელთან განშორებისას, იწყებს ტირილს;
– აკვირდება სხვა ადამიანების მეტყველებასა და პირის აპარატს, სწავლობს მეტყველებით ბგერებს და მათ გამოცემას;
– აქვს საყვარელი სათამაშო ან ნივთი;
კოგნიტური უნარები:
– სწავლობს სივრცით მიმართებებს: შიგნით და გარეთ,
– აკავშირებს ობიექტს სახელთან. მაგალითად: ძაღლის გამოსახულება და სიტყვა „ძაღლი“;
– შეისწავლის ობიექტებს მათი დათვალიერებითა და პირში ჩადების გზით;
10-12 თვე
მსხვილი მოტორული უნარები
– ამოძრავებს მხარსა და მოპირდაპირე ფეხს ერთდროულად;
– ახერხებს ხოხვას;
– ხოხვის პოზიციიდან ადვილად ახერხებს დაჯდომას;
– ახერხებს ჯდომას დიდი ხნის განმავლობაში;
– მიცოცავს კიბეზე ქვემოდან- ზემოთ;
– ეყრდნობა ავეჯს და დგამს ნაბიჯებს;
– ახერხებს რამდენიმე დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმას;
– იხდის წინდებს;
– უკრავს ტაშს;
– ალაგებს ნივთებს ყუთში და ახერხებს მათ ამოლაგებასაც;
ნატიფი მოტორული უნარები:
– იყენებს საჩვენებელ თითს ობეიქტებზე მისათითებლად;
– ერთმანეთზე ალაგებს კუბებს;
– ახერხებს წიგნის ფურცლების გადაშლას;
ენობრივი უნარები:
– ცდილობს „დედა“-ს და „მამა“-ს თქმას.
– ესმის „არა“-ს მნიშვნელობა;
– ცდილობს ცხოველთა ხმების მიბაძვას;
– უყურებს ან მიუთითებს ობიექტზე, რომელსაც უსახელებენ: „სად არის ძაღლი?“.
– იგებს მარტივ მითითებებს;
– იქნევს თავს უარის ნიშნად;
– ცდილობს ბგერების, სიტყვების გამეორებას;
– მიზანმიმართულად იყენებს ერთ სიტყვას მაინც;
სოციალური უნარები:
– იქნევს ხელს დამშვიდობებისას;
– უცხო ადამიანების დანახვისას მორცხვობს ან შფოთავს;
– ბგერების გამოცემისას ცდილობს რიგის დაცვას: ჯერ დედა, მერე თავად. თითქოს დიალოგი აქვთ;
– მოსწონს ახლობლებთან ერთად თამაში და იწვევს მათ სათამაშოდ;
– იყენებს ჟესტებს, გამოსცემს ხმებს, რათა მიიქციოს ახლობლების ყურადღება;
– ინტერესდება და აკვირდება სხვების რეაქციებს;
– თამაშობს მარტივ თამაშებს, როგორიცაა: ბურთის გაგორება, კუბების ერთმანეთზე დაწყობა;
– ცდილობს სხვა ადამიანების მოქმედებების გამეორებას;
კოგნიტური უნარები:
– აქვს ობიექტთა მუდმივობის განცდა: რომ საგანი რომელსაც ვეღარ ხედავს კვლავ განაგრძობს არსებობას;
– ეძებს და პოულობს ნივთებს, რომელიც დაიმალა საბნის ქვეშ;
– ასრულებს მარტივ მითითებას;
– იყენებს ობიექტებს ფუნქციურადაც და არა ფუნქციურადაც, მაგალითად: მოიყუდებს ჭიქას დასალევად ან ობიექტს ჩააგდებს შიგნით.
– სცნობს საკუთარ თავს სარკეში;
რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება
ჩვეულებრივ, ბავშვის განვითარება ზოგად კანონზომიერებას ემორჩილება და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მშობლის ამოცანაა გამოიჩინოს სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართოს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტს (ბავშვთა პედიატრი, ფსიქოლოგი, ნევროპათალოგი).
თუ ბავშვი,
0-3 თვის ასაკში:
– არ მშვიდდება, როდესაც მშობელი ხელში აიყვანს;
– 2 თვის თავზე არ იღიმის;
– უჩვეულოდ მოდუნებულია ან პირიქით ზედმეტად აქტიური;
– მისი სხეულის სხვადასხვა მხარეს კუნთები განსხვავებულად განვითარებულია;
– არ რეაგირებს უეცარ ხმებზე;
– აქვს კვების პრობლემა;
– ტირის ბევრს და ხანგძლივად;
– ზედმეტად არა მომთხოვნია, უპრეტენზიოა;
– 3 თვის ასაკში არ უყურებს მშობელს, როდესაც ესაუბრება;
– ტირილის გარდა არ გამოსცემს სხვა ხმებს;
3-6 თვის ასაკში:
– უმოძრაოდაა, არ ამოძრავებს ხელებსა და ფეხებს;
– ერთნაირად არ იყენებს ორივე ხელსა და ფეხს;
– არ მიადევნებს თვალს სხვა ადამიანებს, მოძრავ საგნებს;
– არ უყურებს სხვა ადამიანებს თვალებში;
– არ უყურებს მშობელს, როდესაც ესაუბრება;
– არ ინტერესდება გარესამყაროში არსებული საგნებითა და მიმდინარე მოვლენებით;
– არ გამოხატავს ინტერესს ადამიანებთან ურთიერთობისას;
– არ რეაგირებს განსხვავებულად მშობლებსა და უცხო ადამიანებზე;
– ძირითადად მოწყენილი და ჭირვეულია;
– არ გამოსცემს სხვადასხვა ხმებს;
6-9 თვის ასაკში:
– გამოხატავს მცირე ინტერესს ან საერთოდ არ რეაგირებს ნაცნობ ადამიანებზე;
– არ ამყარებს თვალით კონტაქტს;
– არ თამაშობს „ჭი-ტა“-ს;
– არ ცდილობს მოძრაობას და ნივთების მოპოვებას;
– ვერ სცნობს ან არ რეაგირებს განსხვავებულად მშობელსა და ახლობელ ადამიანზე;
– არ ინტერესდება გარემოში მიმდინარე ახალი ობიექტებითა და მოვლენებით;
– მისი ტიტინი ისეთივეა როგორც ადრე და არ ცდილობს მის გამრავალფეროვნებას;
9-12 თვის ასაკში:
– არ ამყარებს თვალით კონტაქტს;
– არ რეაგირებს ნაცნობი ადამიანის დანახვაზე;
– არ გრძნობს თავს მშვიდად მშობელთან ან ახლობელ ადამიანთან;
– მოუქნელია, ვერ ინარჩუნებს წონასწორობას;
– უმოძრაოა, პასიური;
– არ ინტერესდება ახალი სათამაშოებით, არ ცდილობს მათ მოპოვებას;
– ვერ ზის, დგას დამოუკიდებლად;
ამ სირთულეების არსებობის შემთხვევაში მშობელმა არ უნდა გადადოს სპეციალისტთან ვიზიტი.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა ბავშვის განვითარების პროცესის ხელშეწყობისთვის
თანამედროვე სამყაროში გადატვირთული სამუშაო რეჟიმის ფონზე რთულია ბავშვთან ურთიერთობისთვის საჭირო დროის გამოყოფა. თუმცა, მშობელს შეუძლია ბავშვზე ზრუნვისა და მოვლის პერიოდები გამოიყენოს პროდუქტულად და ხელი შეუწყოს მის არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ ფსიქიკურ განვითარებასაც. ბავშვთან ურთიერთობის თავისებურები ხშირად ინტუიტურია და მშობელი თავისით ხვდება როგორ ეთამაშოს სწორად. ამ ტიპის აქტივობებზე ვისაუბრებთ ქვემოთაც.
0-3 თვის ასაკში კვებისას
– ესაუბრეთ და აღწერეთ მისი შიმშილის ნიშნები, ასევე რას აკეთებთ საკვების მომზადებისას ან უშუალოდ კვების დროს. მაგალითად: „შენი ტირილის ხმა მესმის. მგონი ეს იმას ნიშნავს, რომ გშია. აბა მოვემზადოთ ჭამისთვის“.არ იფიქროთ, რომ ბავშვი მაინც ვერაფერს გაიგებს ჯერ და ამიტომაც მასთან საუბარი საჭირო არ არის.
– გამოიყენეთ და გააჟღერეთ იმ ადამიანების სახელები, ვინც ბავშვის მოვლის პროცესშია ჩართული: „დღეს მამიკო გაჭმევს, რა კარგიააა“.
– ბავშვის გამოკვების დროს, იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ მისი ყურადღება უყურეთ მას თვალებში, გამოთქვით სხვადასხვა მჟღერი ბგერები, ხმები, იხმაურეთ და უმღერეთ საყვარელი მელოდია.
ჰიგიენის პროცედურისას
– საფენის, ტანსაცმლის გამოცვლისას ეთამაშეთ ფეხებსა და თითებზე, მსუბუქად მოუღიტინეთ, უმღერეთ სიმღერა სხეულის ნაწილებზე და თან მიუთიეთ შესაბამის ადგილებზე.
– ბანაობის შემდგომ მიეცით საშუალება შეეხოს სხვადასხვა ფაქტურის ობიექტებს. მაგალითად: შიშველ კანზე დააფარეთ სუფთა კაშნე და უთხარით: „ეს აბრეშუმის კაშნე როგორი სრიალაა, არა?!“
– ბანაობის შემდგომ მოეფერეთ და დაუმასაჟეთ სხეული. ამავდროულად, დაუსახელეთ სხეულის სხვადასხვა ნაწილის სახელები. ბავშვის განვითარებისთვის ამ ასაკში უდიდესი მნიშვნელობისაა მრავალფეროვანი სხეულებრივი შეგრძნებების მიღება.
მოძრაობისას:
– ეზოში, პარკში სერინობისას ესაუბრეთ, დაუსახელეთ, აღწერეთ ობიექტები და მოვლენები, რასაც ხედავთ.
– მანქანაში ჯდომისას სათამაშოები მიიტანეთ, ამოძრავეთ მის სახესთან ახლოს, დააჯახუნეთ ერთმანეთზე და გამოიწვიეთ სხვადასხვა ხმები. ანდაც, ეთამაშეთ ფეხებზე, ვითომ ველოსიპედს ატარებს, ან სხვადასხვა მოქმედებებს ახორციელებს.
თამაშისას:
– შეიძინეთ ჩვილებისთვის განკუთვნილი სპეციალური წიგნები ან თავად დაამზადეთ სახლში. სურათებზე უნდა ეხატოს შავ-თეთრი ფიგურები და გამოსახულებები. მიიტანეთ ბავშვის სახესთან ახლოს და დაათვალიერეთ, თან დააუსახელეთ იქ გამოსახული ობიექტები.
– წაუკითხეთ და მოუყევით ამბები. ამ ასაკში ბავშვისთვის სულერთია რას უკითხავთ, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ გადმოსცემთ ამბავს, რამდენად ექსპრესიული ხართ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეცადეთ შეინარჩუნოთ მასთან თვალით კონტაქტი.
მისალმებისა და დამშვიდობების სწავლებისთვის:
– უჩვენეთ და დაუმალეთ სათამაშოები: „სად არის ბურთი, უი არ არის ბურთი, აი აქ ყოფილა ბურთი“.
– მიუახლოვეთ თქვენი სახე ბავშვისას და დაიწყეთ სხვადასხვა მიმიკების გამოხატვა: ენის გამოყოფა, პირის გაღება, ტუჩების წინ წამოწევა. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, მოგვიანებით ბავშვი დაიწყებს თქვენს მიბაძვას და იგივე ქმედებების განხორციელებას;
– ეცადეთ ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბებას და ერთი და იმავე დროს განხორციელებას: როდის და როგორ ბანაობს, ჭამს, სეირნობს, თამაშობს და ა.შ. წინასწარგანსაზღვრული და წინასწარმეტყველებადი გარემო ბავშვის სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდის საფუძველია.
მოსვენების დროს
– თავად დახატეთ, ან ამობეჭდეთ შავ-თეთრი სურათები მარტივი ფიგურებით: წრე, რომბი, კვადრატი. მოათავსეთ ბავშვისთვის ადვილად დასანახ ადგილას. მან უნდა შეძლოს აღნიშნულ სურათებზე დაკვირვება და დათვალიერება დასვენების დროს.
– „დამშვიდობების თამაში“ – ძილის წინ შეგიძლიათ ბავშვთან ერთად შემოიაროთ სახლი და დაემშვიდობოთ საყვარელ ადამიანებს, სათამაშოებს, ნივთებს: „ნახვამდის ბებო, ნახვამდის ბურთო და ა.შ.“
– ძილის წინ უმღერეთ საყვარელი სიმღერები, მელოდები;
3-6 თვის ასაკში კვებისას:
– ჭამის დაწყებამდე ეთამაშეთ „მოვედი-მოვედი“, თითები ააყოლეთ ფეხიდან მუცლისაკენ და მოუღიტინეთ.
– იმ ადგილას, სადაც ბავშვს კვებავთ მოათავსეთ სათამაშოები, ნივთები, რომლებიც ხმას გამოსცემს. ესაუბრეთ ჭამის დროს, უყურეთ თვალებში. აღუწერეთ რას აკეთებთ თქვენ და თვითონ: „ოი რა გემრიელი ფაფაა, კოვზით ავიღე და აი მოდიის, პირი გააღე, მნია-მნია, რა გემრიელიაა“.
– ჭამის დროს საშუალება მიეცით ხელი მოკიდოს კოვზს, დაათვალიეროს და ეცადოს მის გამოყენებას.
ჰიგიენის პროცედურისას:
– მას შემდეგ რაც გამოუცვლით საფენს, ჩაეჭიდეთ ხელებზე და უთხარით: „ერთი, ორი და სამი“ და წამოაყენეთ მჯდომარე პოზაში. შემდგომ ფრთხილად დააწვინეთ და თავიდან დაითვალეთ, ააყენეთ. უყურეთ თვალებში და ეცადეთ ამ პროცესით გაამხიარულოთ.
– გახდისას, ბანაობისას, ჩაცმისას უმღერეთ და დაუსახელეთ სხეულის ნაწილები.
– ჩაცმისას ეთამაშეთ და დასუახელეთ სათამაშოები: „ეს რა არის?“ დამალეთ მაისურის ქვეშ, შემდგომ ამოიღეთ და თქვით: „უიი, ბურთი ყოფილააა. ეს კიდევ ძაღლი, როგორ აკეთებს ძაღლი? ჰამ, ჰამ“.
მოძრაობისას:
– დაიწვინეთ მუცლით ხელზე და უსაფრთხოდ გააქანეთ წინ და უკან, თან გამოეცით თვითმფრინავის, მწერის ან ფრინველი ხმა: „ფრიიი“, „ბზუუ“. მსგავსად შეგიძლიათ ითამაშოთ სახლშიც და პარკშიც, სადაც იგრძნობს ჰაერის მოძრაობასა და შეხებას კანზე.
– მანქანით მგზავრობისას ბავშვთან ახლოს მოათავსეთ სათამაშოები, რომლებიც ხმას გამოსცემს: ის შეეცდება მათ მიწვდომასა და მოპოვებას. შედეგად, კი აღმოაჩენს მიზეზ-შედეგობრივ კანონზომიერებებს.
– ეზოში ასეირნეთ სხვადასხვა ამინდში, მოაგროვეთ ფოთლები, ბალახი, ქვები და მიეცით მასთან შეხების საშუალება. წამოიღეთ და მოათავსეთ ბოთლსა თუ კონტეინერში. მიეცით ბავშვს საშუალება: მოსუმინოს მათგან გამოწვეულ ხმაურს და შეიგრძნოს მათი სუნი.
თამაშისას:
– ბავშვის ხელში ჭერისას ან მანამ სანამ დაჯდომას ცდილობს, მოუყევით სხვადასხვა ისტორიები. დაათვალიერეთ წიგნები, უჩვენეთ და დაუსახელეთ ობიექტები. მიეცით საშუალება ხელში დაიჭიროს, გადაშალოს ან პირში ჩაიდოს წიგნი.
– გააკარით სხვადასხვა სურათები სახლში, ყველგან სადაც ბავშვი შეამჩნევს. კედლებზე, მაცივარზე, იატაკზე. მიიყვანეთ, აჩვენეთ, აღუწერეთ და დაუსახელეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოჯახის წევრების სურათებიც.
– ესაუბრეთ ბავშვს – დააკვირდით როგორ ტიტინებს, როცა გაჩერდება ეცადეთ გაიმეოროთ რასაც ამბობდა, შემდგომ გაჩერდეთ და ეხლა თქვენ დაელოდოთ მას. თითქოს დიალოგი გაქვთ.
მისალმებისა და დამშვიდობების სწავლებისთვის:
– აჩვენეთ ბავშვს პატარა ბურთი და სამი ჭიქა. ბურთი დამალეთ რომელიმე ერთი ჭიქის ქვეშ ისე, რომ ბავშვმა დაინახოს სად წაიღეთ. შემდგომ კი დაეხმარეთ მის მოპოვებაში: „ყოჩაღ, შენ სწორად გამოიცანი სად დაიმალა ბურთი“.
– თუ ბავშვთან არ იყავით გარკვეული დროის განმავლობაში, მაშინ მოუყევით თუ სად იყავით და რას აკეთებდით. არ ჩათვალოთ რომ ამ ასაკში ასეთ საუბარს აზრი არ აქვს;
– დააკვირდით, რომელია მისი საყვარელი ნივთი, სათამაშო, რაც ეხმარება დამშვიდებაში. ატარეთ ეს ნივთები უცხო ადგილას წასვლისას, რათა ბავშვმა კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ გარემოში მოხვედრისას.
მოსვენებისას:
– გამოიყენეთ ფერადი მანათობელი ნათურები. დაძინებისას ბნელ ოთახში აანთეთ და ესაუბრეთ რას აკეთებს შუქი და როგორ გამოიყურება.
– მოათავსეთ სარკე (რომელიც არ ტყდება) ბავშვთან ახლოს კედელზე: რათა მან შეძლოს საკუთარ თავზე დაკვირვება.
6-9 თვის ასაკში
კვებისას:
– მიიყვანეთ ბავშვი სასადილო მაგიდასთან მაშინ, როდესაც ოჯახის სხვა წევრები მიირთმევენ. საშუალება მიეცით ხელით შეეხოს საკვებს და აიღოს ისინი თეფშიდან.
– წარუდგინეთ ახალი საკვები ფრთხილად და რამდენჯერმე. თუ ახლადგასინჯული საკვები არ მოეწონება, არ დააძალოთ და კვლევ შესთავაზეთ რამდენიმე დღის შემდეგ;
– დაეხმარეთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვაში: „ნახე კოვზი იატაკზე დავარდა, როგორი ხმა ჰქონდა? – ბუუხ“.
ჰიგიენის პროცედურისას:
– საფენის ან ტანსაცმლის გამოცვლისას დააფარეთ მსუბუქი, სუფთა ნაჭერი სახეზე და ეთამაშეთ: „სად წახვედი, სადა ხარ, უიი აქ ყოფილხარ „ჭი-ტა“.
– ბანაობისას მიეცით პატარა სათამაშო, რომლითაც გაერთობა, ჩასვამს წყალში.
– ტანსაცმლის გახდისას ეთამაშეთ: „მოვედი-მოვედი“ და დაუსახელეთ სხეულის
სხვადასხვა ნაწილები;
– ტანსცმლის გამოცვლისას დააყენეთ სარკესთან ახლოს და მიუთითეთ სახის ნაწილებზე. საშუალება მიეცით შეეხოს სარკეს, რათა მიხვდეს, რომ იქ სხვა ბავშვი არ დგას.
მოძრაობისას:
– უჩვენეთ და დაუმალეთ ნივთები, რომლის მოძებნასაც ბავშვი ეცდება.
– მაღაზიაში სიარულისას დაათვალიერებიეთ და აღუწერეთ პროდუქტები. გამოიყენეთ ეს დრო მასთან სასაუბროდ;
– დაისვით მუხლებზე და ახტუნავეთ, თან უმღერეთ, დაელოდეთ მის რეაქციას და მცდელობას მოითხოვოს თამაშის გამეორება;
თამაშისას:
– აღწერეთ ობიექტები და მოვლენები, რასაც ბავშვი ხედვას: „ეხლა წინდებს გაცმევ“, „შეხედე ამ დიდ ბურთს“, „უმმ, რა სუფთაა“.
– ითამაშეთ სიტყვების გამეორობანა. გაიმეორეთ ბავშვის ნათქვამი: „დადა დადა“. შემდგომ დაელოდეთ თვითონ როდის იტყვის თავიდან. ამის შემდეგ მცირედ შეცვალეთ: „ მამა მამა“ და ნახეთ ამასაც თუ გაიმეორებს. ამ გზით მოახერხებთ ბავშვის მარცვალთა რაოდენობის გამრავალფეროვნებას.
– უმღერეთ სიმღერები, რომელიც ბავშვის მოქმედებებს აღწერს;
– დაათვალიერეთ წიგნში დახატული გამოსახულებები, უჩვენეთ იქ გამოსახული ადამიანები და მისი სახის ნაწილები;
მისალმებისა და დამშვიდობების სწავლებისთვის:
– როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი მიდის, დაიჭირეთ ბავშვის ხელი, გააქნიეთ და თქვით: „ნახვამდიიის“.
– დაეხმარეთ ბავშვს ისწავლოს როგორ უნდა შეხვდეს ადამიანებს. უჩვენეთ, როგორ ართმევთ ხელს ან ამბობთ „გამარჯობა“, როდესაც ვინმეს ხვდებით. არ გაგიკვიდრეთ თუ უცხო ადამიანებთან შეხვედრა ბავშვს არ მოეწონება. ეცადეთ დაამშვიდოთ და შეუმსუბუქოთ შფოთვა;
– ეთამაშეთ დამალობანა:„სად არის მამა? აი აქ ყოფილა“, რათა ბავშვმა გააცნობიეროს რომ ადამიანები არ ქრებიან იმ დროის განმავლობაში, სანამ ვერ ხედავს. ამ ტიპის თამაშები მომავალში დაეხმარება მშობელთან განშორების შიშის დაძლევაში.
მოსვენების დროს:
– თუ ბავშვი ტირილით იღვიძებს ღამით, მოეფერეთ და აგრძნობინეთ, რომ იქ ხართ.
– დაიწყეთ მისი დილა სახალისოდ და სასიამოვნოდ. როგორც კი გაიღვიძებს შეეგებეთ,
მიესალმეთ და უმღერეთ საყვარელი სიმღერა.
– წაუკითხეთ წიგნი დაძინებამდე.
9-12 თვის ასაკში
კვებისას:
– ბავშვები უფრო მეტი მონდომებით სინჯავენ ახალ საკვებს, თუ საშუალებას აძლევენ დამოუკიდებლად მიირთვან. დაალაგეთ თეფშზე ახალი საკვების პატარა ლუკმები და აცადეთ ბავშვს შეისწავლოს ის.
– დასვით ბავშვი თქვენს მახლობლად, რათა დააკვირდეს, როგორ ამზადებთ საკვებს. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და ეცადეთ აჰყვეთ მას და წაახალისოთბავშვიც იცეკვოს, იმოძრაოს, თუნდაც ხელები იქნიოს თქვენთან ერთად.
ჰიგიენის პროცედურისას:
– ბანაობისას ითამაშეთ „სხეულის ნაწილების გამოცნობანა“. სთხოვეთ გიჩვენოთ, ცხვირი, პირი, ხელი, ფეხი და ა.შ: „სად გაქვს ცხვირი? სად გაქვს თვალი?“;
– შეაყვარეთ ბანაობის პროცესი. გამოიყენეთ მისი საყვარელი სათამაშოები. ზოგიერთი მათგანი აბანაოს, აცურაოს წყალში, ერთ-ერთი კი დადეთ მახლობლად და ნალ-ნელა ბანაობის დასრულების პარალელურად მოაახლოვეთ. ბანაობის დამთავრების შემდგომ კი ჯილდოდ გადაეცით;
– ბანაობისას გაბერეთ საპნის ბუშტები და ბავშვთან ერთად დაიჭირეთ, გახეთქეთ ან დააკვირდით მათ მოძრაობას ჰაერში.
– გამოიყენეთ ფუნჯები, დაასველეთ წყალში და მოხატეთ წყლით კედლები ან სარკე.
მოძრაობისას:
– მიაქციეთ ბავშვს ყურადღება, სანამ მანქანას მართავთ. შეგიძლიათ იმეოროთ მისი სახელი, იმღეროთ სიმღერა, ან იძახოთ სხვადასხვა სიტყვები, თუნდაც შინაარსის არ მქონე: „ბაბაბა, დადადა, გოგო გოგო, ბურთი ბურთი და ა.შ“.
– სხვადასხვა ფაქტურის ზედაპირის მქონე ფურცლებისგან გააკეთეთ წიგნი (ან იყიდეთ), რომელსაც გამოიყენებთ ახალ გარემოში ვიზიტისას ბავშვის გართობისთვის. მაგალითად: ექიმის მოლოდინში შეგიძლიათ დაათვალიეროთ, მისცეთ საშუალება შეეხოს მას. ამ დროის განმავლობაში კი აღუწერთ შეგრძნებებს, რასაც განიცდის: „როგორი ფუმფულაა არა, ნახე ეს პრიალებს, სრიალებს“.
მისალმებისა და დამშვიდობების სწავლებისთვის:
– მიეცით საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს სადმე მისვლის, სტუმრობის პროცესში. მიაჭიროს თითი და გამოიძახოს ლიფტიან დარეკოს ზარი;
– აჩვენეთ, როგორ ესალმებით და ემშვიდობებით ნაცნობებს. დაეხმარეთ და შემდგომ წაახალისეთ თავად დაიქნიოს ხელი, თქვას: „კარგაად“.
თამაშისას:
– გააკეთეთ ოჯახის წევრების სურათებისგან ალბომი. ყოველ დღე დაძინებისას ან მანამ, სანამ სახლიდან გახვალთ და მზრუნველთან დატოვებთ, ერთად დაათვალიერეთ და ისაუბრეთ თითოეულ მათგანზე: „ეს ბებოა, ნახე როგორ ბედნიერად იცინის“,
– დაათვალიერეთ, წაიკითხეთ წიგნები, დაუსახელეთ ნაცნობი ობიექტები და სთხოვეთ მიგითითოთ მათზე: „სად ხატია გოგონა? აი აქ ხატია. რა ლამაზი, გრძელი, შავი თმა აქვს“.
– გაშალეთ იატაკზე დიდი ფურცელი, მიეცით ფანქრები და აჩვენეთ, როგორ გაუსვას ხაზი, ჯღაბნოს მათი გამოყენებით.
მოსვენებისას:
– დაიწყეთ ძილისთვის მომზადება 1 საათით ადრე მაინც: დაბანეთ, ჩააცვით პიჟამა, დააწვინეთ, შესთავაზეთ მშვიდი აქტივობები.
– დასაძინებლად მომზადებისას დაითვალით მისი სათამაშოები. ეს საუბარი მოადუნებს და ხელს შეუწყობს უკეთესად დაიძინოს.
– უმღერეთ საყვარელი, მშვიდი სიმღერა, რომელსაც ყოველთვის უმღერით დაძინებამდე.
– გქონდეთ დაძინების რიტუალი, შექმენით მშვიდი გარემო.
გახსოვდეთ, რომ განვითარების სხვადასხვა ტიპის სირთულეების შემჩნევა ხშირ შემთხვევაში ძალიან ადრეულ ასაკშივეა შესაძლებელი (განვითარების ეტაპების დაყოვნება, აუტისტური სპექტრის აშლილობა, მოტორული განვითარების სირთულეები და ა.შ). მშობლის ამოცანაა, იცოდეს და იხელმძღვანელოს ბავშვის ტიპიური განვითარების კანონზომიერებებით და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართოს სპეციალისტს.
ავტორი: ირინე დოღაძე