როდიდან შედის ძალაში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილში ცვლილებები და რომელ კატეგორიებს შეეხება აღნიშნული ცვლილებები, ასევე, როგორია სტატისტიკა პრაქტიკული გამოცდის საკითხში, რომელიც უკვე შეეხო B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს – მარტა ქარუმიძის გადაცემის „სახალხო პლატფორმა“ სტუმარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი.
როდიდან შედის ძალაში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილში ცვლილებები და რომელ კატეგორიებს შეეხება აღნიშნული ცვლილებები?
2023 წლის 1 სექტემბრიდან ცვლილება შეეხება სატვირთო და სამგზავრო საშუალებებს, C და D კატეგორიას, C1 და D1 კატეგორიას. მსურველებს მოუწევთ როგორც დახურულ საგამოცდო მოედანზე გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება, ასევე მეორე ეტაპზე რეალურ სამგზავრო სივრცეში გაივლიან პრაქტიკულ გამოცდას.
როგორია სტატისტიკა პრაქტიკული გამოცდის საკითხში, რომელიც უკვე შეეხო B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს?
2022 წლის 26 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მართვის მოწმობის გამოცდის თეორიულ გამოცდაზე 44 ათასი ადამიანი გავიდა, საიდანაც პრაქტიკულ გამოცდაზე გადასვლის უფლება 32 ათასმა პირმა მოიპოვა, მათგან დახურულ მოედანზე გამოცდა 26 ათასმა ჩააბარა. რეალურ სივრცეში გამოცდაზე გასული 18 ათასიდან კი საკუთარი უნარების დადასტურება 7 800-მდე ადამიანმა შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს.
კერძოდ: საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისთვის განისაზღვრა დამატებით პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპის (რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში) ჩაბარების ვალდებულება. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 25 აპრილიდან ,,B” და ,,BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორეტაპიანი: მართვის უფლების მინიჭების პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის – დახურულ მოედანზე შესაბამისი, ელემენტების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მძღოლობის კანდიდატს ეძლევა შესაძლებლობა გავიდეს მართვის უფლების მინიჭების პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპზე – რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში.
თქვენი აზრით, რას გააუმჯობესებს ეს ცვლილებები?
ჩვენი მიზანი არ არის გავართულოთ გამოცდა, არამედ ჩვენი მიზანია მომზადებულმა, კვალიფიციურმა მძღოლებმა მიიღონ მართვის მოწმობა.
შეეხება თუ არა გამოცდის თეორიულ ნაწილს ცვლილებები?
თეორიულ ნაწილს ამ ეტაპზე ცვლილებები არ შეეხება.