როლიკო ოქროპირიძე იუბილარია.
ის 42 წლის გახდა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს და იხსენებს ისტორიებს, რომლებიც გადახდა.
„ხო და კიდევ ერთი დაბადების დღეც დამიდგა, 42 წლის განმავლობაში ასეთი რამაც მოხდა ჩემს თავს რომ ჩემმა ნიჭიერმა მეგობრებმა, სხვადასხვა დროს, ლექსები მიუძღვნეს, ჩვენს, ურთიერთობა-მეგობრობას და ჩვენს თავს გადახდენილ ამბებს
ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ ყველა ისტორია, თავ-თავის ლექსებით
პირველი ამბავი ასე გამოიყურება
2003-წლის 8-მარტი, სტუდენტობის დრო და კონსერვატორიის წინ ბარ „ევროპაში“ დაბადების დღეს ვიხდი (ჩემი ბიძაშვილის დახმარებით)
ჯგუფელები და კიდევ ისე მეგობრები შევიყარეთ და ჩემი ახლო მეგობარი, ჯგუფელი, ნიკა ტყავაძე აგვიანებს სუფრაზე და ბოლოს მოვიდა აქოშინებული, გახარებული-შემოქმედის ანთებული, გამარჯვებული თვალებით
,,საჩუქრის ფული არ მქონდა, უსაჩუქროდაც არ მინდოდა მოვსულიყავი…
ეხლა ყველაზე მაგარი საჩუქარი მე მაქვს და მოვედიო!
ფურცელზე, ახლად დაწერილი ლექსი ამოიღო და გამოთქმით მომიძღვნა
შენ ძველი ხალხის ხსოვნა გაცოცხლებს,
შენა გაქვს ძველი სისხლი და ძარღვი,
შენ ეტრფი ლადოს, ტიციანს, გოგლას,
ვიდრე ლექსები იმათი დაგღლის.
ვიდრე ქარ-ცეცხლში გამომწვარ სიტყვას,
შენს სიჭაბუკეს არ მისცემ ფრთამალს…
შენ ეტრფი ვახტანგს, ილიას, დავითს,
მუხლზე უჩოქებ დედოფალ თამარს.
დაბადებულხარ კახეთში ბიჭი…
ღმერთმა გიცოცხლოს სიტყვა და გული…
გაეღვიძება ვაჟას საფლავში, სტუმარ-მასპინძელს რომ მოჰკრას ყური.
აკაკი დაწერს ახალ თორნიკეს,
ნიკო დახატავს ტფილისის ღამეს,
შენ რომ მოგხედავს გალაქტიონი შემოგაფეთებს მთაწმინდის მთვარეს.
დრო მოვა ძმაო გამილაღდები,
აღიმართები გორგასლის სვეტად,
შემოგემსხვრევა ომში მახვილი,
გადაიქცევი ლადიკას მხედრად.
ჩვენს სამშობლოში ბევრს შეგაქებენ,
გულით ამას ვგრძნობ და შენც იცოდე,
შენ საქართველოს ნანატრი შვილი,
კლდეზე შემდგარი ჯიხვი გიწოდე.
დაახლოებით 7 წლის წინ, აგვისტოს ღამით მივედი ჩემთან, ზიარის ტბაზე, კარგ ხასიათზე კახური ღვინის მადლით
ვხედავ დიდი კოცონი ანთია და სასიამოვნო ღიღინის ხმა მოდის სიბნელიდან…
დარაჯს ვკითხე რა ხდებათქო და მანაც ,,კარგი ბიჭები არიან ქალაქიდან, ერთ-ერთს დაბადების დღე აქვს და კარგ დროს ატარებენო,,
მეტი რა მინდოდა კარგ სტუმრებს რა სჯობია და რა საკვირველია გავემართე… გაუხარდათ და რა გაუხარდათ…
აბა მეც იგივე ვიგრძენი და მეტიც, მათი მართლაც საოცარი მეგობრობის, ურთიერთობის, ერთმანეთის ზრუნვის, შემხედვარემ და რაღა ბევრი გავაგრძელოთ რაღაც საოცარი საღამო და ურთიერთობა შედგა თავისით ლექსების ლექსებზე წამოვიდა სეტყვასავით რაღაცნაირად თავისით… ცეცხლიან, მთვარიან, ტბა-ციმციმ, გომბორის მთების, ზაფხულის გრილ ღამეში… ზღაპარში აღმოვჩნდით
ერთი თვის თავზე…
იმ ღამის იუბილარმა, ოქროს კაცმა, გოგა კვერნაძემ (რომელსაც იმ ღამით ერთი კუპლეტიც არ დასცდენია, მხოლოდ ტკბებოდა, ჩემი და მისი მეგობრის ლექსების პაექრობით)
მომწერა და გამომიტყდა რომ ლექსი დაუწერია, იმ საოცარ ღამეზე და ჩვენზე აი ისიც;
ვიხსენებ ღამეს,ზაფხულის ღამეს
როცა სიცოცხლე ძარღვებში ჩქეფდა,
კახური ღვინით დასერილ გულებს
და სადღაც ბუჩქში ბულბული ყეფდა
იყო ხალისი,იყო ვნებები,
ანთებულ მთვარეს უმღერდა ქნარი
და პოეტური დუელის მომსწრე
ვიყავით ყველა,მათ შორის ქარი
ორი დევგმირი,ორი ვაჟკაცი,
გულანთებული ბახუსის წვენით,
ლექსებს ანთებდნენ როგორც ლამპარებს
ეჯიბრებოდნენ ბულბულის ენით
ტოლს არ უდებდა არცერთი როცა,
ლექსის დასაარულს,ლექსი უსწრებდა
და მივარდნილი უძირო ბოცა
თავის შემსმელებს ყურს არ უგდებდა
ზიარის ტბაზე ენთო კოცონი,
კახური შლეგი ტალღებს აპობდა ,
და ოქროპირის ნასროლი ლექსით
გულის გათბობას ყველა ლამობდა
ექიმს დახვეწილს,ფრიად არტისტულს,
თანდაყოლილი ნიჭი ებადა
და ამ ლექსების დაუშრეტ კასკადს
ამ პაექპრობამ ჟინი შემატა
იყო სიმღერა, მრავალჟამიერ,
მრავალჟამიერ სიცოცხლე თქვენი,
კაცური ხალხის ძმური შეხვედრა
ზიარის ტბაზე ზეიმი გენის.
გოგა კვერნაძე
ეს ბოლოს რომელიც დაიწერა ეს ლექსი, ვფიქრობ 2024წლის ღვინობისთვიდან იღებს სათავეს, როდესაც ჩემი მეგობრის ზურა ნიჟარაძის დაბადების დღეზე გახლდით და პოეტმა გაგა გომართელმა, უკვე შეზარხოშებულმა, მთელი გულით საოცრად წაიკითხა თავისი ლექსი
„ჩემს მომავალ თაობას“
პირველად მოვისმინე და ცრემლი ვერ შევიკავე…
ამის შემდეგ ბევრი ვილაპარაკეთ მე და პოეტმა და კიდევ დავახლოვდით, დავძმაკაცდით…
მიუხედავად დიდი სურვილისა და მიმოწერისა ვერ მოვახერხეთ შეხვედრა მას შემდეგ… ახალი წლისთვის ლექსიც კი მომიძღვნა, მაინც ვერ შევხვდით.. ტელეფონი კი ბევრი ვწერეთ თუ ვილაპარაკეთ, ტელევიზიაში რომ აღმოვჩნდი ახლა, ზუსტად ის ვიფიქრე მალევე რომ აი ახლა იყო ის დრო რომ გაგას უნდა შევხვედროდი საჯაროდ და ,,ჩემს მომავალ თაობას,, ეს ლექსი უკვე მე მეთქვა ხალხისთვის.
მაგრამ ახლა აქ დავწერ ლექსს, რომელიც იანვარში მომწერა პირადად მე
როლიკო ოქროპირიძეს
ლეგა ფიქრები თხემზე დამაწვნენ.
ვერ ვიძმეთ..
რატომ ყრმობის დროიდან?!
ცრემლის ლებნები თვალთან დავმარცვლე
და შორეული ჯანყი მოვიდა…
მომინდა ქარის გულზე ჭახუნი,
როდის მინდობდა არც აქ დამინდო,
რა ფერით ხატე სული კახური
ჩემსავით მღვრიე სევდის რაინდო
რომ ასე მძიმე სუნთქვის ყლუპებით
ხორხში გაჩრილი დავიარები,
ვიცი ორთავე დავიღუპებით
და მერე სადმე დავსავმარდებით…
ბინდი დადგება ყოფის კიჩოზე,
სადაც ნამთვრალევს ბევრი გვივლია
შენსავით მინდა მეც რომ ვბიჭობდე
და მეძახოდნენ ოქროპირიანს.
ჩემო ძმებო და მეგობრებო, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დღეს და ამბავს რაც თავს, თქვენთან ერთად გადამხდენია ამ წუთისოფელს რაც ჩვენთვის უჩუქებია. ასევე თქვენ მადლობა, ჩვენს გულის ურთიერთობას და გონებას სადაც ჩვენი ურთიერთობა იმართება და ზოგ დროს ლექსად ითქმის,” – წერს როლანდ ოქროპირიძე.