LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ არა ჩემი ამბავი, ბოლომდე ვერასდროს ვიგრძნობდი საქართველოს ხიბლს”- ბრიტანელი მოგზაურის შთაბეჭდილებები

517
esssss

ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელის ისტორია ზღაპრულ ამბავს ჰგავს. ბიჭს, რომელიც უცხო ქვეყანაში მოხვდება, მოულოდნელი დაბრკოლების დროს სრულიად უცხო ადამიანები დაეხმარებიან. ისინი როუანის უახლოესი მეგობრები ხდებიან და საბოლოოდ, ყველაფერი კარგად სრულდება.

როუანმა პირველად ველოსიპედით მოგზაურობა სინგაპურიდან დიდი ბრიტანეთში დაიწყო. როდესაც უკვე 11 ქვეყანა შემოიარა და 7 500 კილომეტრი გაიარა, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მოხვდა. თავგადასავალიც ამ დროს დაიწყო.

როუენს უცხო ქალაქში ველოსიპედი მოპარეს და მოულოდნელად, ახალგაზრდა მოგზაური ერთგული ტრანსპორტის გარეშე დარჩა. დახმარებისთვის მან ქართველებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.

ბრიტანელ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს

როუან კემპბელმა საქართველოში თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებების შესახებ ვრცლად  „სპუტნიკი-საქართველოსთან“ ისაუბრა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, 26 წლის როუანი ბოლო სამი წელია ცხოვრებას მოგზაურობაში ატარებს. დღემდე მან 30 ქვეყანა მოინახულა.

“შოტლანდიიდან ვარ , ჩემი სახლი ედინბურგის მახლობლად მდებარეობს. მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო მას შემდეგ დავიწყე, რაც გეოგრაფიის ფაკულტეტი დავამთავრე. შეიძლება ითქვას, ყველაზე ბედნიერი სწორედ ამ პროცესში ვარ.

საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვედი. ვიმოგზაურე დსთ-ს ქვეყნებში – ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, შემდეგ კი ჩამოვედი საქართველოში.

ბაქოდან თბილისში გამგზავრება მატარებლით მომიწია, რადგან გზად მუხლი დავიზიანე და ველოსიპედით გამიჭირდებოდა. ასე რომ, სამწუხაროდ, თბილისამდე გზას მხოლოდ ფანჯრიდან ვუყურებდი, რასაც ძალიან ვნანობ.”- ამბობს რუანი.

როუან კემპბელი ამბობს, რომ თბილისში გატარებული პირველი ორი დღე შესანიშნავი იყო, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელთან ველოსიპედი მოჰპარეს.

“ველოსიპედი იტალიურ ეზოში, მოფარებულ ადგილას დავტოვე. საღამოს, ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად ბარში წავედი დასალევად. როდესაც დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ველოსიპედი აღარ იყო ადგილზე. დილით ისევ შევამოწმე, ვიფიქრე, შეიძლება ვინმეს ხელი შეუშალა და სხვა ადგილას გადადეს-მეთქი, თუმცა, რომ ვერ ვიპოვე პოლიციაში წავედი.

უამრავი საჩუქარი ბრიტანელი ტურისტისთვის, მოპარული ველოსიპედის სანაცვლოდ – ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა

საქართველოში, როგორც კი გაიგეს ჩემი ამბავი, არაერთხელ შემომთავაზეს ახალი ველოსიპედის ჩუქება. მომდიოდა უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება. პირველივე წუთებში, რაც დახმარების თხოვნით სოციალურ ქსელში ქართველებს მივმართე, რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად მომწერა:

“გამომიგზავნე ანგარიშის ნომერი, თანხას გადმოგირიცხავ!”, “რომელი ველოსიპედი გჭირდებათ? შემიძლია ჩემი დაგითმოთ”, “ნება მომეცით ველოსიპედი შეგიძინოთ!”.”- ამბობს მოგზაური.

ბრიტანელი მოგზაური ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს ოპერატიულობის იმედი ჰქონდა, თუმცა ქართველების ასეთ თანადგომაც არ ელოდა.

“დიდი იმედი მქონდა, რომ ჩემს ველოსიპედს იპოვნიდნენ, რადგან ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ავსტრალიიდან ჩამოვიტანე, სადაც ერთი წელი ვცხოვრობდი. ის სპეციალურად გრძელი დისტანციებისა და ნებისმიერი გზისთვის არის შექმნილი.ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს პოლიციამ ოპერატიულად იმუშავა და იპოვა”

მიუხედავად არასასიამოვნო ინციდენტისა, როუან კემპბელზე საქართველომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

“თბილისი ძალიან მომეწონა. სამწუხაროდ, დედაქალაქის გარდა, არსად ვყოფილვარ და ამჯერად ვერ ვასწრებ სხვა ადგილების მონახულებას, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები.თბილისში წვიმიანი ბაქოდან ჩამოვედი და პირველი რაც გავიფიქრე იყო: “ოჰ, ღმერთო! როგორი თბილი და მზიანი ადგილია!

დიდხანს დავდიოდი, ვათვალიერებდი ძველ შენობებს, ვუყურებდი მთებს. ძალიან მიყვარს მთებში მდებარე ქალაქები – მათ განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჩემს გულში.

საქართველო მშვენიერია. მჯერა, რომ ყველა დაბრკოლება ზეციდან იგზავნება და ალბათ, რომ არა ჩემი ამბავი, ბოლომდე ვერასდროს ვიგრძნობდი საქართველოს და მისი მოსახლეობის სითბოს, ხიბლსა და სიკეთეს. დავინახე, როგორ მიიტანეს გულთან ქართველებმა ჩემი ისტორა, დახმარებისთვის თითოეული მათგანი მზად იყო. ამ უსიამოვნო ინციდენტის მიუხედავად, მინდა საქართველოს მიმართ საუკეთესო სურვილები გამოვხატო.უამრავი ადამიანი დამემხარა, სიტყვები არ მყოფნის … ეს ყველაფერი ჩემს მეხსიერებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება!”- ამბობს ბრიტანელი მოგზაური.

ჩემს მესიჯს საქართველოსთვის სამი სიტყვით ვიტყვი: არასოდეს არ შეიცვალოთ

რა მესიჯს გვიგზავნის ბრიტანელი მოგზაური, რომელსაც საქართველოში ველოსიპედი მოჰპარეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები