2021 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 10%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა 2020 წლის COVID-19-ის პანდემიამ შეცვალა როგორც 2020, ასევე 2021 წლის მოლოდინები.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა განაცხადა, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად და სტაბილურად მზარდ სექტორს წარმოადგენდა, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა.
„ICAO-ს მონაცემებით 2010-2019 წლების პერიოდში გლობალურ ჭრილში საავიაციო ინდუსტრიის ზრდამ 60% შეადგინა. კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოს ავიაბაზარზე – 2019 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა 5.2 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, 2010 წელთან შედარებით ზრდა 640% იყო. საპროგნოზო მონაცემების თანახმად, საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი იყო 2020 წელს მგზავრთანაკადის 15%-ით, 2021 წელს 10%-ით ზრდა”, – აღნიშნა ვაკო ჭილაშვილმა.
შეგახსენებთ, COVID-19-ით განპირობებულმა სიტუაციამ ავიაციაზე ასახვა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარ-თებერვლიდან დაიწყო, როდესაც COVID-19-ის გავრცელების ფონზე, რიგი ავიარეისები გაუქმდა. მარტიდან კი სახელმწიფოებმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს შეზღუდვების დაწესება საჰაერო მიმოსვლაზე.