LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა უცხოელი დონორები, ვერ შეიქმნებოდა სერვისები აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის – ნევროლოგი მაია გაბუნია

166
ფორტუნა (55)

ნევროლოგი მაია გაბუნია უცხოელი დონორების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყველა მიტინგზე წავა, რომელიც  უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური არასდროს ყოფილა.

„იშვიათად ვწერ პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზე, მაგრამ ეს სწორედ ის საკითხია, რაც ჩემთვის და ჩემნაირებისთვის მნიშვნელოვანია და თანაც, ზუსტად ვიცი, რასაც ვწერ. ნუ დაგეზარებათ, წაიკითხეთ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

ახლა იმაზე, თუ რატომ ვწერ?

იმიტომ რომ:

რომ არა უცხოელი დონორები, ვერ შეიქმნებოდა სერვისები აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის. სულ რაღაც 14 წელიწადში იმდენი რამე გაკეთდა, რომ ამაყად შეგვიძლია გავეჯიბროთ ამ თემაზე მომუშავე განვითარებული ქვეყნის წამყვან კლინიკებსაც.

სხვათა შორის, ამაში 2020 წლის იანვარში კალიფორნიის სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში ვიზიტისას დავრწმუნდით (ეგ ვიზიტიც დონორის დაფინანსებული იყო, აბა ჩვენი ხელფასით ვერ გავწვდებოდით). ამ 14 წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ხან USAID, ხან ფონდი ღია საზოგადოება, ხან ჩეხეთის კარიტასი საქართველოში.

მეორე მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც ასევე უცხოელი დონორების დახმარებით განვითარდა, იყო და არის ადრეული ინტერვენციის სერვისი, რომლის მთავარი დანიშნულებაც 7 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების ხელშეწყობაა. 2012 წლიდან მოყოლებული მთავარი დონორი ფონდი ღია საზოგადოება იყო. იყვნენ სხვებიც, მაგრამ მხოლოდ მთავარს ვახსენებ. ძალიან საამაყო იყო, როდესაც ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ამ მიმართულების მსოფლიო დონის ექსპერტმა საუკეთესოდ და მისაბაძად ჩვენი ქვეყანა დაასახელა.

წარმოგიდგენიათ მსგავსი სერვისების განვითარება უცხოელი დონორების გარეშე?! ვინც ამ მიმართულების პრობლემებს კარგად იცნობს, დამეთანხმება, რომ სრულიად წარმოუდგენელია.

ამ ორივე სერვისის განვითარების უშუალო მონაწილე ვარ და ვამაყობ, რომ ამის საშუალება მქონდა. მადლობელი ვარ ყველა იმ დონორი ორგანიზაციის, რომლებმაც არ დაიშურეს არც ტექნიკური და არც ექსპერტული დახმარება, რომ ჩვენ, ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ბავშვებს ასეთი სერვისები გვქონოდა.

და ბოლოს, ამიტომაც კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ ახალი კანონის მიღების. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ პოლიტიკურად აქტიური და ფაქტობრივად არასოდეს დავდივარ მიტინგებზე, ყველა მიტინგზე წავალ, რაც ამ საკითხზე იქნება. არამარტო წავალ, სხვებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ თუ უნდათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

მე მართლა მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ კარგი ქვეყანა გავხდეთ და როგორც იმ კონფერენციაზე, ჩვენზე ყველგან ილაპარაკებენ რომ, იმის მიუხედავად, როგორ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ვიყავით, მაინც შევძელით.

P.S. ბოლოს სადღეგრძელოსავით კი დავასრულე, მაგრამ მართლა ასე მჯერა და ასეც იქნება“! – წერს მაია გაბუნია სოციალურ ქსელში.

 

magti 5g