რომელი სექტორები შეძლებენ საქართველოში, 2021 წელს 2019 წლის მაჩვენებლების დაბრუნებას და როგორ შეიძლება შეიცვალოს მთლიანი შიდა პროდუქტისა და დასაქმების მკვეთრად გაუარესებული მაჩვენებლები მომავალ წელს.
აღნიშნულ თემაზე „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში “დღის თემა” PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარმა ნიკა კაპანაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, PMC კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა კრიზისის განვითარების სამი შესაძლო სცენარი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება მოვლენების განსხვავებულ განვითარებას.
საბაზისო სცენარი, რის მიხედვითაც, ეკონომიკა დიდწილად მოახერხებს დაუბრუნდეს პანდემიამდელ, გრძელვადიან ტემპებს, თუმცა პანდემია ჯერ კიდევ საგრძნობი იქნება.
ოპტიმისტური სცენარი, რის შემთხვევაშიც, ეკონომიკური აქტივობა პანდემიამდელ ზრდის ტემპებთან შედარებით უფრო სწრაფად მოახერხებს აღდგენას.
პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხებს პანდემიამდელი ზრდის ტემპის აღდგენას.
განხილული სამი სცენარის მიხედვით საქართველოს ეკონომიკის თითოეულ სექტორზე ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლებელია 2021
წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზირება. საბაზისო სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა
3.0%–ით გაიზრდება. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა 5.4%–ით გაიზრდება, ხოლო პესიმისტური სცენარის
შემთხვევაში მოსალოდნელი ზრდა 0.3%–ია.
როგორც ნიკა კაპანაძემ „ფორტუნას“ ეთერში აღნიშნა, მხოლოდ რამდენიმე სექტორმა მოახერხა 2020 წელს ტრენდთან შედარებით ოდნავ მაღალი ზრდის ტემპი დაეფიქსირებინა. მათ შორისაა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და სახელმწიფო ადმინისტრაცია-სწორედ ამ სექტორებშია მოსალოდნელი პანდემიამდელი მდგომარეობის დაბრუნება. ყველა სხვა სექტორში კი ან მნიშვნელოვანი ვარდნა, ან ტენდენციასთან შედარებით უარესი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
რაც შეეხება დასაქმებასა და უმუშევრობას, საქსტატის მიერ დასაქმების მეთოდოლოგიის განახლების შედეგად, 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1.242 მილიონი შეადგინა, რაც 54,000-ით (ანუ 4.2%-ით) ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. 2021 წლისთვის, პესიმისტური სცენარით პროგნოზირებულია, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 5.7%-ით დაბალი მაჩვენებელი (1.223 მილიონი ადამიანი), საბაზისო სცენარით დასაქმებულთა რაოდენობა 3,2%-ით ნაკლები იქნება 2019 წელთან შედარებით (1.254 მილიონი ადამიანი), ხოლო ოპტიმისტური სცენარით 1.2%-ით ნაკლები (1.281 მილიონი ადამიანი).
PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მაშინაც კი, თუ მოვლენები ოპტიმისტური სცენარით განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს სრულად მაინც ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ დონეს. პოტენციური უარყოფითი რისკების გათვალისწინებით, ეს სცენარი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა სამი განხილული სცენარიდან, ამრიგად, 2021 წელი, სავარაუდოდ, არაორდინალური ეკონომიკური აღდგენის წელი არ იქნება.