რომის პაპი ფრანცისკე, საკუთარი ანდერძის თანახმად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დღეიდან იწყება ცხრადღიანი გლოვა, რომლის განმავლობაშიც ყოველდღიურად აღევლინება მესა ფრანცისკეს სახელზე.
სანტა მარია მაჯორეს ეკლესიაში რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს.
ვატიკანის ცნობით, პონტიფიკოსთან გამოსამშვიდობებლად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა. პაპის დაკრძალვაზე იტალიაში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია ჩავიდა. ცერემონიას საქართველოს ოფიციალური დელეგაციაც დაესწრო.
პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.
მაისში ვატიკანში შეიკრიბება კონკლავი, რომლის შემადგენლობაში 100-ზე მეტი კარდინალი შედის, სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური.