LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთულდება თუ მარტივდება ბავშვის შვილად აყვანა?

770

შვილის აყვანას მხოლოდ ფასიანი, სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ.

”შვილად აყვანის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, მშვილებლად დარეგისტრირება სპეციალური მოსამზადებელი კურსების წარმატებით გავლასა და სერტიფიკატის აღებაზე იქნება დამოკიდებული. სწავლება და მომზადება კი ფასიანი იქნება.
მოსამზადებელი კურსების მთავარი მიზანი მშობლების მომზადება და იმის გარკვევაა, რამდენად მზად არიან შვილად აყვანის მსურველი ადამიანები, ბავშვებს სახელმწიფო ზრუნვის პირობებზე უკეთესი გარემო შესთავაზონ.

როგორც რადიო ”ფორტუნას” სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ განუცხადა, შვილად აყვანის მსურველი ოჯახები მოსამზადებელი კურსების ფარგლებში მიიღებენ ინფორმაციას ბავშვის უფლებებსა და განვითარების ეტაპებთან დაკავშირებით, ასევე აღზრდის მეთოდების შესახებ. კურსის ფარგლებში ასევე მსურველებს ასწავლიან, რომ აუცილებელია, ბავშვს საკუთარი წარმომავლობის შესახებ სიმართლე დროულად და სწორი ფორმით მიაწოდონ.

 

მოსამზადებელი კურსი სავალდებულო გახდება

”კანონის ახალი რეგულაციით, მოსამზადებელი კურსი სავალდებულო იქნება. ამ პროცედურის გავლის შემდეგ მშობლები გაცილებით უკეთ მომზადებულები დახვდებიან შვილად აყვანის პროცესს. ამ ტრენინგ-კურსების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მშვილებელმა გაითავისოს გარემოება – ბავშვი კი არ უნდა მოერგოს ოჯახს, ოჯახი უნდა იყოს მზად და ყველაფერი გააკეთოს ბავშვისვის კარგი გარემოს შესაქმნელად. შვილად აყვანის შემდეგ უნდა იყოს მინიმალური რისკი, რომ ეს ადამიანი კვლავ სახელმწიფო ზრუნვაში დაბრუნდება”, – აღნიშნა ეთერ ცხაკაიამ.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ასევე შეეხება შვილად აყვანის პროცედურებსაც. შვილად აყვანის მსურველ ერთსა და იმავე ადამიანს ბავშვის აყვანას მხოლოდ ორჯერ შესთავაზებენ. ორივეჯერ უარის შემთხვევაში კი მშვილებელი რიგითობას კარგავს. გარდა ამისა, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით მშვილებელსა და ასაყვან ბავშვს შორის სხვაობა მინიმუმ 16 და მაქისიმუმ 45 წელი იქნება. ასევე, შესაძლოა გადაიხედოს და შემცირდეს მშობლის მიერ სახელმწიფო მზურნველობის ქვეშ მყოფი შვილის ნახვის ვალდებულების ვადები, რაც გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.

”რიგში დგომა არ არის გარანტია, რომ შვილად აყვანას შეძლებენ. თუ ბავშვი ბიოლოგიურმა დედამ არ მიატოვა, მაშინ რიგში მდგომი ვერცერთი ადამიანი აიყვანს შვილს. ზედა და მინიმალური ზღვარი წესდება იმისთვის, რომ სხვაობა გასაშვილებელ ბავშვსა და მშვილებელს შორის იყოს 45 წელი. ეს არ ნიშნავს, რომ 47 და 48 წლის მშვილებლებს რიგი შეუწყდებათ, უბრალოდ მათ ჩვილობის ასაკის ბავშვებს აღარ შესთავაზებენ და შესთავაზებენ იმ ასაკისას, მათ შორის სხვაობა 45 წელს რომ არ აღემატებოდეს”, – განუცხადა ”ფორტუნას” ცხაკაიამ.

რას ფიქრობს ექსპერტი
ბავშვებთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, ”პარტნიორობა ბავშვებისთვის” წარმომადგენლის, ანდრო დადიანის განცხადებით, შვილად აყვანის მსურველთათვის ტრენინგების ჩატარება ერთგვარი ფილტრის ფუნქციას შეასრულებს.

 

”კანონი ცალსახად კარგი კუთხით იცვლება. ბავშვები უფრო დაცულები იქნებიან, თუმცა ეს უფრო გაართულებს პროცესს. გართულება აბსოლუტურად გამართლებულია, ბავშვები დაცულები იქნებიან. ფული იქნება გადასახდელი, რომ გაიარონ ეს კურსი, თუმცა არ არის გარანტია, რომ კურსს ყველა წარმატებით გაივლის. ამ კურსის მთელი არსი, შვილად ამყვანთა სიიდან, პოტენციური მოძალადეების გამორიცხვაა. ვინც წარმატებით დაასრულებს ამ კურსს, შვილად აყვანისთვის მზად იქნება. გარდა ამისა, ეს კურსი რიგში დაყენების ერთ-ერთი წინაპირობა უნდა გახდეს. ჩემი აზრით, ამ სერვისის მომწოდებელი, არ უნდა იყოს სახელმწიფო და არც სერვისი უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული”, – აღნიშნა ანდრო დადიანმა.

 

შვილად აყვანის მსურველთა სირთულეები დღეს

შვილად აყვანის მსურველთა რიგში დგას ა.ს-ც, რომელმაც რადიო ”ფორტუნასთან” ვინაობის გამხელა არ ისურვა. ის მოსამზადებელი კურსების წინააღმდეგი არაა, თუ ეს არა ფორმალური, არამედ შედეგზე ორიენტირებული იქნება, თუ დაეხმარება შვილთან დროულად ადაპტირებაში და საწყის ეტაპზევე სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

”მოსამზადებელი კურსები დამეხმარება, ალბათ, გარკვეულ ეტაპზე შვილისთვის მისი წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდებაში, რათა მომავალში დაზღვეული ვიყო ”კეთილმოსურნეების” მხრიდან არასასურველი საუბრებისგან. ასევე, მისასალმებელია თუ გადაიხედება მშობლების მიერ ბავშვების ნახვის ვადები, რადგან ზოგიერთი იტოვებს თითქოს მშობლის უფლებას, მაგრამ რეალურად ტრავმირებულს ტოვებს ბავშვს. ამ ცვლილებებით გაცილებით მეტ ბავშვს ექნება საშუალება გაიზარდოს თბილ და მზრუნველ გარემოში. მომხრე ვარ, არ იყოს დიდი სხვაობა მშვილებელსა და ბავშვს შორის. ცოტა ეგოისტური დამოკიდებულებაა როცა ასაკობრივი ადამიანი მცირეწლოვანს იყვანს და წლების შემდეგ აღებული პასუხისმგებლობის განხორციელება შეიძლება გაუჭირდეს”, – განუცხადა ”რადიო ფორტუნას” ა.ს-მ.

 

 

არსებული მონაცემებით, შვილად აყვანის მსურველთა რიგში 3300-მდე ადამიანი დგას. გასაშვილებელი კი 170 ბავშვია, რომელთაგან 116 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და 20 ბავშვი კი 10 წელზე ასაკის ზემოთა და თავად ამბობენ გაშვილებაზე უარს.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g