ზუგდიდის რაიონში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრმა ოპერირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.
მათი ცნობით, სავაჭრო ცენტრში უკვე გაიხსნა საშენ მასალათა მაღაზიის ქსელ „გორგიას“ ფილიალი. მაღაზია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და კომპანიის დირექტორმა გია გორგოშაძემ გახსნეს.
”სავაჭრო ცენტრში განლაგებული ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები ეტაპობრივად იწყებენ სრულყოფილ ოპერირებას. აპრილში გაიხსნება რეგიონში ყველაზე დიდი სუპერმარკეტი „ლიბრე“-ს ფილიალი. ცენტრში უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე ევროპული ტიპის ღია ბაზარი”, – აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.
სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.
კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.
რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. როგორც ფონდში აცხადებენ, მშენებლობის პროცესში ობიექტზე 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო დასაქმებული. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც პირდაპირ აისახება ამ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე.
პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა.