ავსტრალიელი მილიარდერი რუპერტ მერდოკი, რომელიც მედიაინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება, მის საკუთრებაში არსებული გიგანტების, Fox Corporation-ისა და News Corporation-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
გლობალური მედიაიმპერია, რომელსაც რუპერტ მერდოკი შვიდი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, წამყვან ამერიკულ, ბრიტანულ და ავსტრალიურ მედიასაშუალებებს აერთიანებს, მათ შორისაა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი არხი Fox News.
რუპერტ მერდოკის გადადგომის შემდეგ News Corp-ის თავმჯდომარის თანამდებობას მერდოკის 52 წლის ვაჟი ლოქლენ მერდოკი დაიკავებს, რომელიც, ამავდროულად, Fox Corporation-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორია.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი რუპერტ მერდოკი ამჟამად 92 წლისაა. მის ქონებას ამერიკული Forbes-ი $17.4 მილიარდად აფასებს.