„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას ეხმიანება.
დღეს ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს.
მან იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითაც მიმართა:
„რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში.
რუსეთის მოქალაქეებმა უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ უკანასკნელ 6 თვეში, ფაქტობრივად, ვარკეთილის, ან გლდანის ერთი მიკრორაიონი შეიძინეს.
ამავე 6 თვეში, დააფუძნეს 6 ათასზე მეტი ინდმეწარმის კომპანია და ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ აკონტროლებს არაფერს, მათ შორის, ამ ადამიანებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, არ ვიცით, ეს ადამიანები არღვევენ თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონს და მეტიც, შემდგომ უკვე ადგილზე ვხედავთ, რომ ეს ხალხი არა თუ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, არამედ აქეთ გვეჩხუბება და აგრესიულია, როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთი და პუტინი არის ოკუპანტი და უკრაინაში ტერორიზმს ახორციელებენ.
იუსტიციის სამინისტროსთვის და ხელისუფლებისთვის გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომლებიც უკავშირდება ტურისტების მხოლოდ 1 თვით შემოშვებას; შეზღუდვებს უძრავი ქონების ყიდვაზე; მათი სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვას და ასევე, საზღვარზე გაჩნდეს ერთი პუნქტი და თუ ტურისტი მოდის კეთილი ზრახვებით და უნდა როგორც სტუმარი იყოს საქართველოში, კეთილი ინებოს და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
