„რამდენიმე დღეში რუსეთიდან საქართველოში საბორნე გადასასვლელი ამოქმედდება, რომელიც სომხეთში ტვირთის გადაზიდვისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
როგორც ვაჰან ქერობიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საბოლოო სამუშაოები სრულდება და განრიგი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ბოლო თვეების განმავლობაში, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა რამდენჯერმე მიუთითა სავარაუდო თარიღებზე, თუ როდის გახდებოდა სერვისი ხელმისაწვდომი, მაგრამ ბორნები კვლავ არ ფუნქციონირებს.
დღეს ქერობიანმა აღნიშნა, უკრაინაში ომის გამო ახალი გართულებები წარმოიშვა.
“მოდით, ერთი-ორი დღე მოვიცადოთ, დაველოდოთ რამდენიმე დღე და მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება.. დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ ის მოიცავს ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და წნეხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“, – აღნიშნა მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ.
მანამდე, მინისტრმა 5 მაისის მთავრობის სხდომაზე საბორნე გადაზიდვების ამოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისი დაასახელა.
რუსეთი სომხეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის პირველ ნახევარში სომხეთ-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობა შეადგენდა სომხეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობის თითქმის ⅓-ს. ტვირთები სომხეთიდან რუსეთში და უკან გადის ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ეს არის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც აკავშირებს სომხეთს რუსეთთან. ლარსის საგუშაგოზე, თითქმის ყოველთვის საცობებია არა მხოლოდ გზის სივიწროვის გამო, არამედ ხანდახან უამინდობის გამოც და სატვირთო მანქანების რიგი რამდენიმე კილომეტრს აღწევს.
საბორნე გადასასვლელი არის ალტერნატიული კავშირი სომხეთსა და რუსეთს შორის”, – წერს სომხური მედია.
აღნიშნული საკითხის გასარკვევად „ფორტუნა” ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
