დელეგაციის 3 წევრს, რომელიც 3 მარტს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებს ესწრებოდა, აღენიშნებოდა სიმპტომები, რომელიც ქიმიური იარაღით მოწამვლას ახასიათებს. ერთ-ერთი მათგანი რომან აბრამოვიჩი იყო.
ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მათ აღენიშნებოდათ თვალების სიწითლე, მუდმივი და მტკივნეული ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახისა და ხელების არეში. გამოცემის თანახმად, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრიტანული მედიის ცნობით, ექსპერტები აცხადებენ, რომ რთულია იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული სიმპტომები – ეს შეიძლება ყოფილიყო ქიმიური ან ბიოლოგიური ტიპის მოწამვლა ან ელექტრომაგნიტური გამოსხივების რადიაციული შეტევა.