LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ევროკავშირის მედიაციას ისე აღიქვამს, როგორც საკუთარ უკანა ეზოში ხელის ფათურს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მას ეს ხელი დაუმოკლოს: ლაგაზიძე

66
ხათუნა ლაგაზიძე

„რუსეთი სარგებლობს თითოეული დღით, რომელსაც ოპოზიციური ლიდერები ციხეში ატარებენ და როდესაც პარლამენტი ცარიელია“.-  სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას ქართული  პოლიტიკური ელიტისთვის წესით ის ბიძგი უნდა მიეცა, რომელიც მოლაპარაკებებს შედეგიანს გახდიდა. მაგრამ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უკან დახევას არ გეგმავენ.

ევროპა არ კარგავს ქართველი პოლიტიკოსების შერიგების იმედს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.

როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება და ვინ ასხამს რეალურად რუსეთის წისქვილზე წყალს, თემაზე  პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა. 

 

„რომ გითხრათ, განსაკუთრებული იმედით ვუყურებ -მეთქი ამ პროცესს, არ ვიქნები მართალი. კომპრომისზე წასვლის სურვილი, არც ერთ მხარეს არ აქვს, მაგრამ ამ შემთხევაში დღის წესრიგში დგას რამდენიმე საკითხი.

წარმოუდგენელია, მათ მეორედ გამოეგზავნათ მედიატორი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ მინიმუმ სახის შენარჩუნებას შეძლებენ.  ეს მათთვის საგარეო პოლიტიკური გამოწვევაა.

ეს არის რეგიონი, სადაც რუსეთი მედიატორის როლს არ უთმობდა არავის, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ჩვენ ეს „მედიაცია“ ვნახეთ ყარაბაღში. რუსეთი ამას ისე აღიქვამს, როგორც საკუთარ უკანა ეზოში ევროკავშირის ხელის ფათურს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ხელი დაუმოკლოს ევროკავშირს, მაგრამ ევროკავშირი კარგად გრძნობს, როგორ რეგიონში აკეთებს მედიაციას და ამით იმის ხაზს უსვამს, რომ რეგიონის დათმობას არ აპირებს.

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახისა და იმიჯის შენარჩუნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუნდაც კიდევ შემდგომი ეტაპები გახდეს საჭირო, ის უკან არ დაიხევს და ამისთვის უნდა გაითვალისწინოს, „ქართული ოცნების“ სიჯიუტე და ჟინი. მოლაპარაკების დღის წესრიგს მან შესაბამისი ბერკეტებიც უნდა გამოაყოლოს იმისათვის, რომ შედეგი დადგეს ამ მოლაპარაკებაში და ეს უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ნაკარნახევი, რომელიც,  რა თქმა უნდა, თანხვედრაში იქნება ევროკავშირის ინტერესებისა ამ რეგიონში. გარკვეულ დათმობებზე ალბათ ოპოზიციასაც მოუწევს წასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უნდა იყოს შემხვედრი მიმართულებით სიარული.

დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება: შარლ მიშელი

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მედიაციის მთავარი შედეგი უნდ აიყოს, ის რომ საფუძველი ჩაეყაროს იმგვარ რეფორმებს, რომლებიც მომავალში დააზღვევენ ქვეყანას კრიზისებისგან და

ასეთი რეფორმაა სასამართლოს რეფორმა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.

ესაა მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და ა.შ. აღარ აქცევს პოლიტიკურ იარაღად.

ესაა საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, დაწყებული საარჩევნო სისტემიდან, დამთავრებული იმგვარი საარჩევნო სისტემის შექმნით, რომელიც არჩევნების გაყალბებას მინიმუმამდე დაიყვანს“. – აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

 

magti 5g