რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს სთვაზობს, საზღვრის დემარკაციისთვის, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი კომისია შექმნან.
რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი მზად არის, მხარეებს ამ პროცესში დაეხმაროს.
ლავროვის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე დაიწყეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარების განხილვა.
“მხარეებთან წინასწარი შეთანხმებით, რუსეთის ფედერაცია მათ საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის განხორციელებაში დახმარებას სთავაზობს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სომხურ-აზერბაიჯანული ერთობლივი კომისია, რომელშიც რუსეთი შეასრულებს კონსულტანტის ან შუამავლის როლს.” – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ CSTO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალური მუშაობა უკვე დაიწყეს. მათ განიხილეს სომხეთის თხოვნა და ერევანსა და ბაქოს შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს.
დღესვე CSTO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სიუნიკის რეგიონში სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს. მან ოფიციალური ბაქოს ქმედებებს სომხეთის ტერიტორიის ხელყოფა უწოდა და რუსეთს სამხედრო დახმარება სთხოვა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი განაცხადა, რომ სომხეთის რეაქციამ, საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე, შესაძლოა დაძაბულობის გაზრდა გამოიწვიოს და აზერბაიჯანს დავის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.