უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ვორონეჟის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქების პოლიგონებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად 2 500-მდე რეზერვისტს ამზადებს. მათივე ცნობით, დაგეგმილია მათი გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე ომში მონაწილეობის მისაღებად.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა რეზერვისტების ხარჯზე ცდილობს ჯარის დაკომპლექტებასა და დანაკარგების შევსებას“, – წერია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გენთბაბის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მარიუპოლში მოწინააღმდეგის ძალისხმევა კვლავ ფოკუსირებულია „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედრო ქვედანაყოფების დაბლოკვისა და დამარცხებისკენ, რისთვისაც მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს ახორციელებს“.
„ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ოკუპირებული პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლის აღკვეთაზე. ამ მიმართულებით მტერი იყენებს ქვედანაყოფებს, რომელთა ფორმირება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის დროს განხორციელდა.
გარდა ამისა, რუსი ოკუპანტები სისტემატურად ბომბავდნენ რუსკი ტიშკის, ტერნოვას და პეტრივკას დასახლებებს. ისინი წარუმატებლად ცდილობენ შეტევითი და თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას დოვენკესა და ბოგოროდიჩნეს დასახლებების ტერიტორიებზე. დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე აგრძელებს ინტენსიურ დაბომბვას კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ცდილობს ფეხი მოიკიდოს დაკავებულ პოზიციებზე, შეავსოს საბრძოლო მასალის, საწვავის და ნავთობის მარაგი.
მტრის ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებული იყო ლიმანის, სევეროდონეცკის, ბახმუტის, ავდიივკასა და კურახივის რაიონებზე,“- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
რუსმა ოკუპანტებმა ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ზოგიერთ ტერიტორიაზე ქვედანაყოფების დაკომპლექტება 20 პროცენტზე ნაკლებია.
სევეროდონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე, არტილერიის მხარდაჭერით, იბრძოდა სოფელ ტოშკოვკას მიდამოებში. ბორივსკის მიდამოებში ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს. გრძელდება ბრძოლები კომიშუვახას ტერიტორიაზე ბახმუტის მიმართულებით. მოწინააღმდეგე იბრძოდა ავდიივკას მიმართულებით და დანაკარგები განიცადა პისკის და ნოვოკალინოვის დასახლებების ტერიტორიებზე. საარტილერიო მხარდაჭერის გამოყენებით ახორციელებდა შეტევას კურახივის მიმართულებით, თუმცა წარუმატებლად”, – აცხადებენ გენშტაბში.