რუსეთის ფედერაციის კასპიის ზღვის ფლოტილიამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე 26 დარტყმა განახორციელა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას „ბიბისი“ ავრცელებს. ეს ცნობა სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააკეთა.
„ოთხმა სარაკეტო ხომალდმა 26 დარტყმა განახორციელა 11 სამიზნეზე („ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე). ყველა სამიზნე განადგურებულია, სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა,“ – განაცხადა შოიგუმ.
მინისტრის თქმით, 30 სექტემბრიდან დღემდე ისლამისტების 112 ობიექტი დაბომბეს.
„დარტყმების ინტენსივობა იზრდება, ბოლო ორი დღის განმავლობაში მეტი ობიექტია აღმოჩენილი : სამმართველო პუნქტები, საომარი ხელსაწყოების საწყობები, ჯავშანტექნიკა, საწვრთნელი ბანაკები. ყველა ეს ობიექტი განადგურებულია,“ – აღნიშნა შოიგუმ.
პუტინმა რუსი სამხედროების მოქმედებები სირიაში დადებითად შეაფასა.
„ვიცით, როგორი ძნელია ასეთი ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, თუმცა რაც აქამდე გაკეთდა, ნამდვილად იმსახურებს დადებით შეფასებას,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.