LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის უძლეველობის მითი უკრაინამ დაამსხვრია, პუტინის არადეკვატურობა ორ გრძნობას მიჩენს“ – რა სავარაუდო სცენარს ვიხილავთ ომიდან ერთი თვის შემდეგ

482
BeFunky-collage (6)

პირველი, რაც შეიძლება რომ ცალსახად ვთქვათ – უკრაინამ მოიგო, მოიგო იმ თვალსაზრისით, რომ როცა თავდამსხმელს ყველა სფეროში გააჩნია უპირატესობა, ფლობს ბირთვულ იარაღს და კონვენციური შეიარაღებით რამდენჯერმე აღემატება შენს შესაძლებლობებს, უკრაინამ აჩვენა სასწაული წინააღმდეგობის უნარი, – ასე აფასებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის ერთ თვეს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა ძებისაშვილი.

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთს დღეს სერიოზული პრობლემები აქვს ყველა რგოლზე – ძალების გადაჯგუფების, მომარაგებისა და ბევრი სხვა მიმართულებით.

“ახლა ჩვენ გვაქვს, ერთგვარი ოპერატიული სიმშვიდე. ისეთ მცდელობებს შეტევების, რომ რუსული ჯარი შეიჭრას სიღრმეში და მოახდინოს გეოგრაფიული სივრცეების ალყაში მოქცევა და იქ მომწყვდეული უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება, ადგილი არ აქვს. თუ ასე გაგრძელდა და რუსეთმა ვერ გამოიყენა ეს ოპერატიული სიმშვიდე იმისათვის, რომ მოიძიოს დამატებითი რესურსები და მიაღწიოს გარკვეულ კონკრეტულ ეტაპზე, ერთ მიმართულებაზე წარმატებას, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მეორე ეტაპიც მოგებული ექნება უკრაინას და მას უკვე შეეძლება თავისივე ძალებით დაიწყოს საკუთარი ტერიტორიის გათავისუფლება”, – თქვა ლაშა ძებისაშვილმა.

 რუსეთის სტრატეგიის ფიასკო -“ეს სხვათა შორის გამოცანად რჩება”

 

სამხედრო ექსპერტებისთვის გამაოგნებელია, იმდენად უუნარო აღმოჩნდა რუსეთი ერთი მხრივ სტრატეგიული გეგმის შეცვლისთვის, მეორე მხრივ, ოპერატიულად ძალების გადაწყობისთვის, როცა ეს ორი დონე ჩაშლილია, ბუნებრივია, ყველაფერი ფიასკოთი მთავრდება, – ამბობს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ლაშა ძებისაშვილის განცხადებით, ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც აქვს თავისი სტრატეგიული, ოპერატიული მიზნები, როგორც წესი,  დამხმარე გეგმები გააჩნია, აქედან გამომდინარე, ჩდება ბუნებრივი კითხვა – რატომ ვერ მოახერხა რუსეთმა მეორე გეგმაზე გადასვლა.

 

კულმინაციას მალე ვიხილავთ! მოსკოვსა თუ ურალის ბუნკერში! – ლაშა ძებისაშვილი ომის დასრულების შესაძლო სცენარზე

 

“პირველ დღეებში ცალსახად იყო გამოკვეთილი, რომ რუსეთს სურდა ელვისებური შეტევით, განსაკუთრებით კიევზე, განეხორციელებინა რეჟიმის შეცვლა. როგორც ჩანს, რუსეთი იმდენად იყო დარწმუნებული პირველი გეგმის სიმართლეში და უძლეველობაში, რომ სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ გეგმის ჩავარდნისთვის და იმისთვის, რომ სხვა ალტერნატიულ გეგმაზე გადაწყობილიყო.

ვხედავთ, რომ ოპერატიული მართვის მექანიზმები პრაქტიკულად არ მუშაობს. ის, რასაც ახლა რუსეთი შეიარაღებული ძალების მასის, ტექნიკის რაოდენობით და შესაძლებლობებით აკომპენსირებს, ეს უბრალოდ აისახება იმაში, რომ მასობრივად იბომბება უკრაინული ქალაქები. მაგრამ აზრობრივი, ერთიანი და კონკრეტული გეგმა შეტევის განხორციელების პრაქტიკულად არ არის”, – აცხადებს ლაშა ძებისაშვილი და დასძენს, რომ “რაც არ უნდა კარგი მებრძოლი იყო, თუ მეთაური არ გივარგა, ომს წააგებს”.

მისივე თქმით, ეს არის მარტივი კანონზომიერება და იგივე ხდება ომის მიმდინარეობის მეორე დონზეც.

“თუ მეთაური ბრწყინვალეა, ქვედანაყოფი იბრძვის კარგად, მაგრამ თუ გენერალი არ გივარგათ, ომი მაინც წაგებული გექნებათ”, – აღნიშნა ლაშა ძებისაშვილმა.

 

კრემლის არაადეკვატური ნაბიჯები და ომის განვითარების შესაძლო სცენარები

 

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის შეფასებით, რუსების შეიარაღებული ძალების სამხედრო მმართველობა არაადეკვატურობას ავლენს, როგორც ოპერატიული, ასევე, სტრატეგიული მართვის თვალსაზრისით. ლაშა ძებისაშვილის თქმით, ომის პარალელურად, სხვადასხვა ჯგუფის მიერ განვითარებული მოსაზრება, რომ უკრაინაში ახალწვეულების რეკრუტირებით, რუსეთი ძალებს ინახავს, სიცრუეა.

“ეს არის აბსოლუტურად სიცრუე, რადგან პირველივე დღეებში ჩანდა, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები იყვნენ კონცენტრირებული უკრაინის მიმართულებით. იქ არც იყვნენ წვევამდელები. ისინი სხვა დროის მონაკვეთში გამოჩნდნენ, მაშინ როცა ცალსახად ვიცოდით, რომ პირველი გეგმა ჩავარდა. ისინი ძირითადად ლოჯისტიკის მომარაგების ქვედანაყოფები არიან, რომლებიც გაცილებით ზურგში იმყოფებიან, გაცილებით დიდი დანაკარგები რუსეთს სწორედ ამ კომპონენტში გააჩნიათ”, – აღნიშნა ლაშა ძებისაშვილმა.

წამყვანის შეკითხვაზე, რამ შეიძლება შეაკავოს რუსული აგრესია უკრაინაში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კრემლის არაადეკვატური ნაბიჯებიდან გამომდინარე, ორ სავარაუდო სცენარს ასახელებს.

“ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ შუალედური მომენტია, რომელიც ოდესღაც შეწყდება და ამ ცეცხლის შეწყვეტის საფუძველზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ რა არის ის საბოლოო პოლიტიკური შედეგი, რითაც ომი მთავრდება და ამით ყველა მხარე კმაყოფილია, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ რუსული მხარე სულ უფრო და უფრო აჩენს არაადეკვატურ გაგებას და აღქმას მიმდინარე მოვლენების როგორც უკრაინაში, ასევე მსოფლიოში.

მით უმეტეს, მათ შიგნით მიდის სერიოზული წმენდა, დაპირისპირება უწყებებს შორის. პუტინის დაცვის სამსახურიდან  დაახლოებით, ათასამდე თანამშრომელი გათავისუფლდა. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან უფრო მეტი არაადეკვატურობის გზა იქნება არჩეული. ჩანს  სურვილის ნაკლებობა, რომ რეალობა აღიქვან სწორად. ეს გამოჩნდა საბრძოლო ველზეც, რადგან რუსები აწვებიან ძველ გეგმას, თუნდაც კიევთან მიმართულებით და რაღაცნაირად უფრო და უფრო მეტ ხალხს აგზავნიან ხორცსაკეპ მანქანაში, რასაც შედეგი ექნება აბსოლუტურად ნული.

სიტუაციის აღქმის არარაციონალური მიდგომა, ორ გრძნობას მიჩენს – ერთი, რომ ეს რეჟიმი მალე დაეცემა, რადგან რაც უფრო არაადეკვატური ნაბიჯებია, მით უფრო დამანგრეველი შედეგით მთავრდება ასეთი საქციელი.

მეორე მხრივ, ვშიშობ, ეს არაადეკვატური აღქმა გამოიწვევს ისეთი ბერკეტების გამოყენებას, რომელიც აქამდე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ვსაუბრობ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ პირველი სცენარი გამართლდება“, – განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

დღეს, 24 მარტს, ერთი თვე შესრულდა უკრაინაში ომის დაწყებიდან.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულია 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, მსხვერპლი გაცილებით დიდია. მათივე მონაცემებით, ომის გამო ლტოლვილად იქცა 3.6 მილიონი უკრაინელი, მათ შორის 1.5 მილიონამდე ბავშვი.

3 მილიონზე მეტი ლტოლვილი, 100–ზე მეტი შეწყვეტილი ბავშვის სიცოცხლე, მიწასთან გასწორებული ქალაქები და კვლავ გაუტეხელი უკრაინელები – რა სცენარით შეიძლება დასრულდეს ომი